"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald

აშშ-ის აიოვას შტატის გაზეთი "ტელეგრაფ-ჰერალდი" (Telegraph Herald) 22 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით "ქართული ნადიმი გრძნობებისათვის" (ავტორი - ლორა რეკლი), რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ტურისტის მიერ საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

როცა თქვენ აქ, ამერიკაში, ვინმეს - თქვენს ახლობლებს და მეგობრებს - ეუბნებით, რომ საქართველოში - ჯორჯიაში - წასასვლელად ემზადებით, ისინი ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ თქვენ მხედველობაში გაქვთ ჯორჯიის შტატში გამგზავრება. როცა თქვენ აზუსტებთ და ამბობთ, რომ მიდიხართ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ უჩნდებათ ბუნებრივი კითხვა: „რატომ? განა რა უნდა  ნახო საქართველოში?“.

 

გულახდილად თუ ვიტყვი, არც მე არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ამ გაურკვევლობაში მაინც იყო რაღაც მიმზიდველი. ჩემს ტელეფონში იმდენი მონაცემებია კომოს ტბასა (იტალია) და სანტორინზე (საბერძნეთი), იქ იმდენჯერ ვარ ნამყოფი, რომ ყველაფერი ზეპირად ვიცი. ახლა მინდოდა სადმე ისეთ ადგილზე წავსულიყავი, რომელიც მე გამაკვირვებდა... და ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

 

გასულ შემოდგომაზე 10 დღე საქართველოში გავატარე ტურკომპანია Zephyr Adventures-ის დახმარებით. როგორღაც თვალი მოვკარი მონტანელი ტუროპერატორის შეთავაზებას მოგზაურობაზე პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონს აღწევს და კავკასიის მთებში მდებარეობს. მარშრუტი ითვალისწინებდა ფიზიკური აქტივობის, კულტურული შემეცნებისაა და კულინარული შთაბეჭდილებების  (ადგილობრივი საჭმელებისა და ღვინის დაგემოვნების, ანუ „ქართული სუფრის“) დაბალანსებულ შეთავსებას.

თბილისში თხუთმეტი მოგზაური თანამოაზრე ჩავედით. საქართველოს დედაქალაქი კონტრასტულია - აქ ნახავთ მინის ცათამბჯენებს და ფუტურისტულ ხიდს მდინარე მტკვარზე, რომელიც ძველ აივნებიან სახლებთან მეზობლობს.

 

აივნები ჩუქურთმებითაა დამშვენებული. აქ არის საბჭოური ეპოქის მონუმენტური „მრისხანე“ შენობები. მოდური მაღაზიებისა და კაფეების გვერდით მოხუცი თავსაფრიანი ქალები ტროტუარებს სოფლური ცოცხებით ჰგვიან, ხოლო მოზარდები ელექტროსკუტერებით დაქრიან.

 

მაღლა მთაზე მდებარე „ქართვლის დედის“ 65-მეტრიანი ქანდაკება, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს, ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს: მას ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს, მეორეში - მახვილი. ღვინის თასი ცნობილ ქართულ სტუმართმოყვარეობას ნიშნავს, მახვილი კი მტრებს აფრთხილებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ბევრჯერ დასცემიან საქართველოს და საკადრისი პასუხი მიუღიათ. აქ ყოფილან რომაელები, მონღოლები, სპარსელები, ოსმანები, რუსები... მათ ყველამ თავიანთი კვალი დატოვეს ევროპა-აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარე ამ პატარა ქვეყანაში.

 

უკვე ერთ წელზე მეტია ქართველები ყოველ საღამოს იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე, რომელიც მიმართულია, მათი აზრით, მმართველი პარტიის სულ უფრო პრორუსული პოზიციის წინააღმდეგ. პროდასავლურად განწყობილ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ, საქართველოს მთავრობის კურსი არ მოსწონთ.

 

საპროტესტო აქციები დაძაბულ სიტუაციას ქმნის. ჩვენ ჯგუფში იყო როგორც ამერიკელი გიდი, ისე ქართველიც, რომლებიც ორიენტირებაში გვეხმარებოდნენ. ადგილობრივი მცხოვრები, გიდი სალომე კვარაცხელია ინგლისურად გველაპარაკებოდა და გვითხრა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ემილი დაგვეძახა („მშობლებს ვუთხარი, რომ სახელის ამორჩევის შესაძლებლობა მე თვითონ უნდა მქონდეს“, - აგვიხსნა მან). ემილი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, რომელიც რუსეთის - საქართველოს ჩრდილოეთი მეზობლის - მიერაა ოკუპირებული. საერთოდ, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს დაკავებული (აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით). ემილი 1991 წელს არის დაბადებული, ანუ იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

 

1990-იანი წლები ახალი დამოუკიდებელი საქართველოსთვის შავ-ბნელი პერიოდს წარმოადგენდა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ხშირად არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გაზი... თბილისში სურსათი ბარათებით რიგდებოდა. „მახსოვს, რომ სკოლაში შეშა მიმქონდა ხოლმე, ღუმელისათვის, კლასის გასათბობად“, - ამბობს ემილი, რომელიც ახლა ქირურგობას სწავლობს, თავისუფალ დროს კი ტურისტებს სამშობლოს ათვალიერებინებს.

 

თბილისთან ახლოს მთები და ნაყოფიერი დაბლობები მდებარეობს, რაც საქართველოს ჩემთვის იდეალურ ადგილად  აქცევს - ფეხით გასასეირნებლად და ღვინის დასაგემოვნებლად.

ლაშქრობებისათვის საუკეთესო ადგილებია კავკასიონის მთებში, რუსეთთან ახლოს. მაგალითად, ვიყავით თრუსოს მაღალმთიან ხეობაში, სადაც ვნახეთ უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევები, თავიანთი მკაცრი სილამაზით. ექსკურსიის დროს მართლმადიდებელი ბერები გემრიელი საჭმელებით გაგვიმასპინძლდნენ. თითქმის არ გვინახავს სხვა ტურისტები, ვხედავდით მხოლოდ მწვანე მთებზე საძოვრად შეფენილ უამრავ ცხვარს. „მე აქ ყოფნა ძალიან მიყვარს - თავს ისევ პატარად ვგრძნობ ხოლმე“, - გვითხრა ემილიმ.

 

აქ მდებარეობს სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“, რომელიც ოდესღაც საბჭოთა სანატორიუმი იყო, შემდეგ კი მისი რესტავრაცია მოხდა. მოჩანს მთა ყაზბეგი, რომელიც კავკასიის ქედის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. ყაზბეგი დიდებულ ფონს უქმნის გერგეთის სამების ეკლესიას, მე-14 საუკუნის არქიტექტურულ მარგალიტს, რომელიც ზღვის დონიდან 7120 ფუტზე მდებარეობს. ჩვენ ავედით ამ შუასაუკუნეების მართლმადიდებელ „ფორპოსტზე“, რომელიც ხატებით არის დამშვენებული, ვიყავით ყაზბეგის ეროვნულ პარკში, ვნახეთ აგრეთვე სოფელი ცდო, რომელიც რუსეთის საზღვრიდან სამ კილომეტრზეა. ცდოში ვისადილეთ და ეროვნული კერძის - ხინკლის მომზადებას ვუყურეთ, რომელიც ქართველების საყვარელი საჭმელია, ქართული სამზარეულოს ყველაზე გამორჩეული კერძი, ხაჭაპურთან ერთად.

 

ქართული სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია ღვინო. ვაზი საქართველოს ბევრ რეგიონში ხარობს - შავი ზღვის ნაპირებიდან დაწყებული, კახეთით დამთავრებული. საერთოდ კი, კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრად ითვლება. საქართველოში 500-მდე სახის ღვინო მზადდება, მათგან ბევრი სწორედ კახეთშია: განა რქაწითელი კიდევ სადმე ნახავთ? კახეთში რამდენიმე დღე გავატარეთ, მოვინახულეთ პატარა ისტორიული ლამაზი ქალაქი სიღნაღი...

საქართველო განსაკუთრებით ცნობილია თავისი ქარვისფერი ღვინოებით, რომლებსაც აშშ-ში ხშირად ნარინჯოვანს უწოდებენ. ქართველების საამაყო ფაქტია ის, რომ ქვეყანას ღვინის სამშობლოს სტატუსი აქვს მინიჭებული, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს.  

 

„ჩვენ ქართველები, ღვინოს უკვე თითქმის 8 ათასი წლის განმავლობაში ვაყენებთ, მათ შორის ქვევრებში, თიხის დიდ ჭურჭლებში“, - ამბობს ემილი. ქვევრები მიწაშია ჩაფლული, მათში ჩასხმული ყურძნის წვენი დუღს და ღვინოდ გადაიქცევა. ჩვენ ქვევრები თედო გზირიშვილის - კახელი მეღვინის მარანში ვნახეთ, რომელმაც, ემილის დახმარებით, ქვევრში ღვინის დაყენების წესი გაგვაცნო. სხვათა შორის, ქართული ღვინის დამზადების წესი იუნესკოს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად აქვს აღიარებული. თედომ ქვევრის ღვინის დასაგემოვნებლად მიგვიწვია და სუფრა გაგვიშალა.

 

ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ. სუფრა საათობით შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ვისხედით მყუდრო ოთახში ხის მაგიდასთან, რომელიც სავსე იყო ნაირ-ნაირი მწნილით, საჭმელებით - მწვანე ლობიოთი, შემწვარი ქათმებით, ბოსტნეულით - კიტრით, პომიდვრით და ბადრიჯნის კერძებით. თედო ბოთლებს ხსნიდა და თავის დაყენებულ წითელ „საფერავს“ გვასმევდა, დოქებში კი ქარვისფერი ღვინოც იყო. დრო ძალზე მხიარულად გავატარეთ.

 

ქართულ სუფრას ტრადიციულად თამადა ხელმძღვანელობს. ამ როლის შესრულება წილად ხვდა თედოს ბიძაშვილს, მიშას, რომელიც ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ემილი ეხმარებოდა. ჩვენ საქართველოს სადღეგრძელო დავლიეთ, მოვიხსენიეთ ჩვენი წინაპრები, შევსვით ჩვენი ჯანმრთელობისა და წარმატებების შესახებ. მიშას ბოლო სადღეგრძელოს ტაშით შევხვდით: „მშვიდობას გაუმარჯოს“, - თქვა ემილიმ და ბოკალი ასწია.

  

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო"-Le Figaro
"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald
"პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება"-The Daily Telegraph
"აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა"-Foreign Policy
"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს"-The Daily Telegraph
"ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?"-Deutsche Welle
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
  "აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph