53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან

საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავა, სამ პირზე ძებნა გამოცხადდება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 11 პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა, მათ შორის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

 

საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპისთვის დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

 

ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის" გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018-2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.

 

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.

 

ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით, ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს, ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო, ფიზიკურ პირებზე საცალო რეალიზაციით, საფრთხე შეუქმნეს ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ვაფრთხილებთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათი მფლობელების თუ მენეჯერების სახით, რომლებიც ხსენებულ სფეროში ოპერირებენ - იმ დანაშაულების მიმართ, რომელთა შედეგად, ერთის მხრივ ზიანდება სახელმწიფო ბიუჯეტი და იმატებს კორუფციული რისკები, მეორე მხრივ კი საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო იქნება განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი. შესაბამისად, გაგრძელდება ინტენსიური ოპერატიული მოქმედებები და მუდმივი მონიტორინგი ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა