,,აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები''- შიო III
აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები... უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს...ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ... გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს..."
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,
გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. როგორც ყოველთვის, წმინდა სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო წაკითხული ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ქალაქ კაპერნაუმში ასისთავის მსახურის სასწაულებრივი განკურნების შესახებ. მოგეხსენებათ, ყველა ქალაქში რომაული ჯარის დანაყოფები იდგა, მათ შორის, კაპერნაუმშიც (დღეს ამ ქალაქიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი). ეს ასისთავი ძალიან გამორჩეული, კეთილი პიროვნება იყო, მისი სულიერი განწყობა მრავალმხრივ მისაბაძია ჩვენთვის.
დღეს წმინდა ეკლესია სახარების ამ მონაკვეთით გვასწავლის, თუ როგორი სულიერი განწყობა უნდა გვქონდეს, როდესაც მივმართავთ ლოცვით ღმერთს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და შეგვისრულოს თხოვნა.
ეს ასისთავი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და ევედრება მას თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა: „მოვალ და განვკურნავ მას" (მთ. 8, 7). მაშინ ასისთავმა მიუგო: „უფალო, არ ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, შენ მხოლოდ სიტყვა თქვი" და მე მწამს, რომ ის განიკურნება (მთ. 8, 8 ). უფალმა უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ გეყოს შენ" (მთ. 8, 13).
იმ დროიდან ასისთავის მსახური განიკურნა, ასეთი დიდი სასწაული მოხდა. იმდენად გაუკვირდა უფალს ასისთავის რწმენა, მისი ასეთი ძლიერი სარწმუნოება, რომ თქვა, ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენაო (მთ. 8, 10). აი, როგორი საოცარია ასისთავის მიერ გამოვლენილი რწმენა და რამდენად ყოვლისშემძლეა ღმერთის ძალა!
ეს ეპიზოდი გვასწავლის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როდესაც მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გვქონდეს მტკიცე, უყოყმანო რწმენა, უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ის ყოვლისშემძლეა, ყოვლადბრძენია, ამავე დროს, კაცთმოყვარე და მოწყალეა; მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას, რადგან, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დაეჭვებულს ნუ ჰგონია, რომ რამეს მიიღებს ღმერთისგან (იაკ. 1, 6-7). ასე რომ, ასისთავისგან უნდა ვისწავლოთ ასეთი უეჭველი, უყოყმანო, მტკიცე სარწმუნოება.
რწმენასთან ერთად, რა თვისება გამოავლინა კიდევ ასისთავმა? - დიდი თავმდაბლობა, სიმდაბლე, როცა უთხრა, რომ იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახურიო (მთ. 8, 8 ).
აი, ეს მეორე გაკვეთილია, რომ როდესაც ვლოცულობთ, უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ასეთი თავმდაბალი განწყობა. ე. ი. მას უღირსად მიაჩნდა თავისი თავი ღვთის წინაშე. ჩვენც არ უნდა გვეგონოს, რომ ღვთის წინაშე რამე დიდს წარმოვადგენთ და როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა! ასეთი ამპარტავნული აზრები უნდა განვაგდოთ ჩვენგან, რადგან ეს მიზეზი ხდება იმისა, რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს". რას ნიშნავს „შემუსრავს"? ე. ი. ეწინააღმდეგება ამპარტავნებს, „ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იგავ. 3, 34). ე. ი. თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს.
დაბოლოს, ასისთავმა გამოავლინა საოცარი სიყვარული მოყვასისადმი, თანაც არა თავისი ნათესავის თუ მეგობრისადმი, არამედ მონისადმი, ის მისი მსახური და მონა იყო. მისი გულისთვის შეწუხდა, მივიდა უფალთან, მის წინაშე ესოდენ დაიმდაბლა თავი. ასეთ სიყვარულს უმალვე უპასუხა მაცხოვრის საღვთო სიყვარულმა და მაშინვე გამოთქვა მზაობა მისი დახმარებისა და განკურნებისა.
დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს.
დღეს ჩვენთან მოსული არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის. ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, რომ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რომ უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესა და მოყვასისადმი სიყვარულთან. თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამქვეყნიურისა, ასევე იმქვეყნიურისა, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, მოგეცემათ და შეგემატებათ (მთ. 6, 33).
კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით, ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
დღეს ასევე ვლოცავთ ციმინტიების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთა
მსგავსი სიახლეები
,,აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები''- შიო III
ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - შიო მესამე
გულითადად გვინდა მივულოცოთ აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა, ვუსურვებთ წარმატებას, რათა ეს ღირსეული შრომა უფლის მიერ დაუფასდეთ - მღვდელი საბა გაზდელიანი
საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდმა ავიაკომპანიამ შეასრულა
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ''- კათოლიკოს-პატრიარქი ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს ულოცავს
28 ივნისის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ
ხვალ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
"ოპოზიციის ალიანსი" ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივნისიდან
ირაკლი კობახიძე - რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
ირაკლი კობახიძე - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
ირაკლი კობახიძე - დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება