ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
სამ ათწლეულზე მეტია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით - დაწყებული თავდაცვისა და სამართალდამცავი სექტორებიდან, დასრულებული ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებით. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.
ალან პერსელის თქმით, ამის უახლესი მაგალითია ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ამასთან, ალან პერსელის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების განმავლობაში საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო.
„მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მეგობრებო, დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების 250-ე საიუბილეო წელს. ზუსტად 250 წლის წინ, კონტინენტურმა კონგრესმა, რომელიც ფილადელფიაში ომისა და გაურკვევლობის ჟამს, ზაფხულში შეიკრიბა, მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მასში დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ამერიკის დამოუკიდებლობის საფუძვლები და ამერიკული ხედვა იმის შესახებ, რა წარმოადგენს მმართველობის მართებულ ფორმას. დეკლარაციის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან, როგორც თანასწორნი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა".
ოთხი ოცეული და შვიდი წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა, ომისა და უდიდესი გამოცდის კიდევ ერთ ეპოქაში, ამერიკული ექსპერიმენტი აღწერა, როგორც „ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისთვის". დღეს, დეკლარაციის მიღებიდან 250 წლის შემდეგ, ჩვენ, ამერიკელები, ყველანი ამ მემკვიდრეობის მატარებელნი ვართ.
ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც 28 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორ ქმნის ამერიკის დამფუძნებელი პრინციპები მსოფლიოს ხალხებთან მყარი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისა და პარტნიორობის საიმედო საფუძველს. ეს, ბუნებრივია, მართებულია საქართველოს შემთხვევაშიც. სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით - დაწყებული თავდაცვისა და სამართალდამცავი სექტორებიდან, დასრულებული ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებით. ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. აშშ-ის სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს", - განაცხადა ალან პერსელმა.
ალან პერსელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას. რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვფიქრობ, არ მჭირდება ბევრი საუბარი იმ დიდებულ საქმეებზე, რაც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ერთად განახორციელეს, რადგან ამ საღამოს აქ შეკრებილთაგან ბევრი სწორედ ის ადამიანია, ვინც ეს ყველაფერი რეალობად აქცია და დღესაც აგრძელებს ამ გზას. მადლობას გიხდით პარტნიორობისთვის. ჩვენს ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში - ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას და იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს: მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, რომლებმაც წელს ყველაფერი გააკეთეს ამ ისტორიული იუბილეს აღსანიშნავად და იმედი მაქვს, თითოეული თქვენგანი ისიამოვნებს დღევანდელი საღამოთი. უღრმესი მადლობა ჩვენს მუსიკალურ ბენდს, რომელიც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. აბა, რა იქნება საიუბილეო ზეიმისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ერთობლივი „ჯორჯია-ჯორჯიას" მუსიკალური იმპროვიზაცია. (Jam session) ზოგიერთმა თქვენგანმა ალბათ უკვე შენიშნა, რომ ჩემგან მარჯვნივ რამდენიმე განსაკუთრებული ექსპონატია გამოფენილი. მიმდინარე წელს ამერიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი - „გზატკეცილი 66"-ის (Route 66) 100 წლის იუბილე აღინიშნება. ეს არის დასავლეთისკენ მიმავალი ლეგენდარული გზა, რომელმაც ახალი თაობა მეორე მსოფლიო ომის წინ და მის შემდგომ პერიოდში თავისი ოცნებებისკენ წაიყვანა. ამერიკული სპორტისა და კულტურის ასოციაციისა და საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის წყალობით, მოხარულნი ვართ, რომ ამ საღამოს აქ ჩვენი საკუთარი „გზატკეცილი 66" შევქმენით, სადაც შეგიძლიათ, იხილოთ იშვიათი კლასიკური ავტომობილები, რომლებიც ამერიკის სიმბოლოდ რჩება. „გზატკეცილი 66"-ის ბოლოში კი თქვენ შეძლებთ, დაათვალიეროთ ამერიკის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ნიმუშები, მათ შორის ვერტმფრენი „ჰიუ" (Huey), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებიდან არის. ეს საგამოფენო სივრცე ღია იქნება 8:30 საათამდე და გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ. და ბოლოს, პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს - ჩვენი საელჩოს საოცარ გუნდს, ქართველ მეგობრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს - თქვენი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და იმ მიზნების მისაღწევად გამოჩენილი ერთგულებისთვის, რაც ყველას საერთო ინტერესებშია. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად შრომა. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა, და გაუმარჯოს საქართველოს", - განაცხადა ალან პერსელმა.
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის უნიკალურმა ერთობლიობამ აშშ-ს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად
,,ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან''-მაკა ბოჭორიშვილი
მამუკა მდინარაძე - აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
მამუკა მდინარაძე - მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა მდინარაძე – განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები
დავით მათიკაშვილი – დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას
მამუკა მდინარაძე - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები აკანონებდნენ შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან
მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია იყო სრულიად ყალბი და არაგულწრფელი, როცა ზურაბიშვილი გამოაცხადა ერთადერთ ლეგიტიმურად
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია