ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლებას" ბულინგის წახალისებაში ადანაშაულებს: "ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტით ჩემი თავი სალანძღავად მიუგდეს აგრესიულ სექტას"

 

"ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტი გამოიყვანეს" - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილე ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლების" მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

წიკლაური აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულმა ვიდეომ იგი სოციალურ ქსელში აგრესიული თავდასხმისა და ბულინგის სამიზნედ აქცია. თუმცა აცხადებს, რომ აგორებული კამპანია მას ვერ შეაშინებს და დასახულ მიზნებს არ გადაუხვევს:

"ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონებში გამართული ღონისძიებების შემდეგ, თბილისში „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო არაერთი მსჯელობაც შედგა, ამიტომ გადავწყვიტე, კონფერენციაზე ამჯერად ჩემს მეგობრებთან ერთად მეც მივსულიყავი და ქვეყნის მმართველი ძალის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან დისკუსიაში თანატოლებთან ერთად ჩავრთულიყავი.

იმავე საღამოს „რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, ჩვენი შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. სიმართლე გითხრათ, არ დამეზარა, აღნიშნულ ვიდეოს თავიდან ბოლომდე ვუყურე და დავრწმუნდი, რომ აღნიშნული მასალის ავტორებმა საკუთარ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწიეს.

ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, რომელშიც მე ვფიგურირებ. არაერთხელ მსმენია, რომ კამერასთან პირველ ურთიერთობას ყოველთვის ახლავს გარკვეული დაბნეულობა და ნერვიულობა, რაც დამკვირვებლის პოზიციიდან, გადაჭარბებულ შეფასებად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლა უკვე შემიძლია აღნიშნული მოსაზრება თავიდან ბოლომდე გავიზიარო. ეს შემთხვევა ჩემთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც გარკვეულწილად, მართლაც დამაბნია და ამანერვიულა, თუმცა, აზრადაც არ მომსვლია, ჟურნალისტისთვის ან მისი დასმული შეკითხვებისთვის თავი ამერიდებინა, არ გავქცეულვარ და ვეცადე პასუხებიც გამეცა. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ აღნიშნულმა „მედიასაშუალებამ" ინტერვიუ დაჭრა, კადრები დაჩეხა, სათავისო კონტექსტი გამოიყვანა, ამ ფორმით გაავრცელა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების კონკრეტულ ნაწილს, რომლებსაც სექტანტური დამოკიდებულებები გამოარჩევთ, ჩემი თავი სალანძღავად მიუგდო. უკვე ორი დღეა არ შეწყვეტილა შეურაცხყოფა ჩემს მიმართ და ბუნებრივია, როდესაც ამას ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები კითხულობენ, უდიდეს სტრესს და ნერვიულობას განიცდიან.

სიმართლე გითხრათ, უკვე ორი დღეა ვცდილობ ამოვხსნა, რით დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა და ბულინგი, თუნდაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხრიდან, თუმცა, ჩემი ერთადერთი „დანაშაული" იმაში დავინახე, რომ კამერასთან დავიბენი და სათქმელი ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც მსურდა. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გოგონასთან, რომელიც შეკითხვებს სვამდა უხეში დამოკიდებულება არ გამომივლენია და თავაზიანადაც მივმართავდი, მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, კითხვებს თავი არ ავარიდე და, როგორც აღმოჩნდა, "რადიო თავისუფლების" მიზნებისთვის საჭირო „შესანიშნავი" მასალითაც დავეხმარე.

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ „მედიასაშუალების" სათავეში მყოფი ხალხი მათთვის მიუღებელი ადამიანების მორალურად განადგურების მცდელობებს ახალისებენ, ხელს უწყობენ აგრესიის გაღვივებას და სოციალურ ქსელს ამოფარებულ აგრესიულ „სექტას" კონკრეტულ ინდივიდებს საჯიჯგნადაც უგდებენ. ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ აგორებული ეს ნამდვილად არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შევიკავო ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადავდგა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ვარ.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები მე კი არ წარმომაჩენს ცუდად და ჩემს შესაძლებლობებს კი არ უსვამს ხაზს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება", რომელსაც ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე დაუმსახურებელი პრეტენზია აქვს,"- წერს სოციალურ ქსელში ლუკა წიკლაური. 

 

 





მსგავსი სიახლეები
ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლებას" ბულინგის წახალისებაში ადანაშაულებს: "ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტით ჩემი თავი სალანძღავად მიუგდეს აგრესიულ სექტას"
ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, საელჩოში ოფიციალური მიღება იმართება
"კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
გამოვლინდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება
,,არ ენდოთ უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ ზარებს ''- „მაგთიკომი“ მოქალაქეებს აფრთხილებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივლისიდან
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი KEK-ის პროფესორს შეხვდა
30 ივნისის ამინდის პროგნოზი
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
29 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები''- შიო III