ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ - ჰარცელი
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად ევროკავშირი კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავსირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 3 მაისთან, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემაა „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გაავრცელა.
„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით COVID-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. ამ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.
„დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინ მე დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისათვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ხაზი მინდა გავუსვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ნდობის აღდგენაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში. კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ვითარებებში ეს არის ფაქტების გონივრული, მიუკერძოებელი, ეთიკური და ზუსტი გაშუქება, რომელსაც „მშვიდობის ჟურნალისტიკასაც“ უწოდებენ. ასეთი ჟურნალისტიკის წასახალისებლად და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დასაჯილდოებლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში, აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკასა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისათვის", - აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.
„კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/.
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.
სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.
განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism/.
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.
2021 წლის 3 მაისის თემაა „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“. UNESCO-ს მთავარი თემის შესაბამისად ევროკავშირის საგარეო სამსახური აცხადებს კამპანიას სახელწოდებით ,,პრესის თავისუფლება გვიცავს – ჩვენც დავიცვათ ის“. ეს კამპანია მიზნად ისახავს ჟურნალისტების უზარმაზარი წვლილის აღიარებას COVID-19–ის პანდემიის შედეგებთან გამკლავების პროცესში“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს