თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში.
გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვებზე ხელნაწერი პასუხები ოთხშაბათს თავისი ადვოკატების მეშვეობით გაუგზავნა.
როგორც Bloomberg-ი წერს, ციხეში მყოფმა და მოშიმშილე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისკენ მოუწოდა აშშ-ს, რადგან საქართველო უხვევს პროდასავლური გზიდან, რომელსაც ის 18 წლის წინ დაადგა.
ჟურნალისტისთვის მიწერილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ მას ციხეში ყოფნისას სცემეს და ასფალტზე გადაათრიეს პატიმრების მხრიდან დაცინვის მიზნით.
"მთავრობამ უარი თქვა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, ტელეფონის მიცემაზე ან თუნდაც საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, წერს Bloomberg-i სააკაშვილის მონათხრობის თანახმად.
"სააკაშვილი ამბობს, რომ სამშობლოში ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების წინ, დაბრუნდა, რადგან "რუსული თამაშების" და მთავრობის განცხადებების ერთობლიობამ დაარწმუნა, რომ 4-მილიონიანი ერის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საფრთხის წინაშე დადგა", - წერს Bloomberg-ი.
"თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის", - დასძენს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
8 ნოემბერს სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში. ამასთან, მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს გორის ჰოსპიტალი.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
მსგავსი სიახლეები