გაიაფდება თუ არა მედიკამენტებზე ფასები თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ და რა რისკები ახლავს აღნიშნულ პროცედურას

თურქეთის წამლის ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველო მეზობელი ქვეყნიდან მაღალი ხარისხის მედიკამენტების მოლოდინშია. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში თურქეთიდან მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა, რომელთა ფასიც მოსახლეობის ყველა ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  

 

კერძოდ, მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში 200-მდე მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირებაა მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს ის, რომ მთავრობის მეთაურის ამ ინიციატივას სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თურქეთის წამლის ბაზრის ამუშავება საქართველოში რამდენიმე წლიანი პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს და მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება მინიმალურ ფასად იქნება შესაძლებელი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ მედიკამენტებზე ფასის რეგულირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია წამლის დანახარჯის შემცირება.

 

როგორ უნდა დავძლიოთ წამლებზე არსებული მაღალი ფასების პრობლემა და რამდენად იმუშავებს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება? - იმისათვის, რომ გაგვერკვია, რა რისკები არსებობს თურქეთის წამლის ბაზრის ამუშავების შემდეგ, "ჯორჯიან თაიმსი" ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი მარგველაშვილს დაუკავშირდა. 

 

როგორც ასოციაციის დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, საერთო ჯამში მთავრობის ინიციატივა, თურქეთის წამლის ბაზრის ამუშავებასთან დაკავშირებით მისასალმებელია. მისივე განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მეზობელი ქვეყნიდან შემოდინებული მედიკამენტების ხარისხის ზუსტი კონტროლი შეძლოს და გარკვეული რისკები, რომელიც ფალსიფიცირებული პროდუქტს უკავშირდება, თავიდან აიცილოს.

 

"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, ან შემცირდეს მასზე ფასი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მათ შორის, ეს ინიციატივა იმ კუთხით და მოსაზრებით იყო მიღებული, რომ თურქეთში მედიკამენტებზე ფასები არის საქართველოში არსებულ ფასებზე ნაკლები. ასე, რომ მთავრობის ინიციატივა არის მცდელობა  იმისა რომ,  საქართველოში დაბალფასიანი მედიკამენტები შემოვიდეს.

 

თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც, თავიდანვე უნდა დაისვას, არის ის, რომ რატომ არის თურქეთში წამლებზე დაბალი ფასი და ასე ვთქვათ, რა რისკებია დაკავშირებული მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან. 

 

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი საქართველოსთვის დაკეტილი არასდროს არ ყოფილა. საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტის მესამედი სწორედ თურქეთიდან შემოდიოდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შეიცვალა ის, რომ თურქეთი შევიდა ე.წ. აღიარებითი ქვეყნების სიაში, საიდანაც მედიკამენტების იმპორტირება გამარტივებულია და მას ნაკლები დოკუმენტაცია მოეთხოვება. რა თქმა უნდა, პროცედურაც უფრო სწრაფია. რეალურად, თურქეთიდან მედიკამენტები სულ შემოდიოდა და ეს არ არის რაღაც კარდინალურად ახალი. უბრალოდ, ამ ინიციატივის ფარგლებში თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გამარტივდა.

 

რაც შეეხება, რისკებს: ნებისმიერ გამარტივებას თან ახლავს რისკი, ანუ მოხდება კი სრულყოფილად ხარისხიანი კონტროლი და რატომ ვაკეთებთ აქცენტს თურქეთზე?  - პირველი, თურქეთზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ამ მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს აქტიური მიმოსვლა, დღეში დაახლოებით ათასობით ადამიანი კვეთს საზღვარს და შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შემოდინება ამ გზითაც მოხდეს. ამ შემთხვევაში კი, რამდენად ადეკვატურად მოვახდენთ წამლებზე ხარისხის კონტროლს, ეს კითხვით ნიშნის ქვეშაა. 

 

მეორე რისკი არის ის, რომ თურქეთში ფალსიფიცირებული მედიკამენტების მიმოსვლა შედარებით მაღალია, - ვიდრე ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა წლების განმავლობაში ძალიან ცდილობს, ფალსიფიცირებული მედიკამენტების მიმართ კონტროლის მექანიზმი გააუმჯობესოს, ის ჯერჯერობით სრულყოფილი მაინც არ არის. სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც 2019 წელს თურქეთი ე.წ. აღიარებული ქვეყნების სიაში ვერ მოხდა.

 

ახლა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სწორედ ეს არის, - ანუ, რამდენად შესაძლებელი იქნება ამხელა ნაკადის შემოდინების შემდეგ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და  ფალსიფიცირებული პროდუქტის თავიდან არიდება. 

 

რაც შეეხება მთავრობის მიერ ახლად დაანონსებულ ინიციატივას, რომ წლის ბოლომდე საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება, რა თქმა უნდა, ესეც მისასალმებელია, მაგრამ, თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, ლაბორატორიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, რადგან, მას მედიკამენტის შემოწმება ჩვენთან შემოსვლის შედეგ შეუძლია. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ლაბორატორიას წამლის ბაზრის რამდენიმე პროცენტის შემოწმება შეუძლია, ფიზიკურად სხვანაირად ის ვერ იმუშავებს. ამიტომ, აქ საუბარია გარკვეული რეგულაციების შემოღებაზე და შესაბამისი დოკუმენტების მოთხოვნაზე. ასევე, მნიშვნელოვანი და ამავდროულად საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა თურქეთის რეგულატორთან ინფორმაციის გაცვლაზე. კერძოდ, აქტიური თანამშრომლობის ფონზე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომლებიც იმ დროისთვის თურქეთში ფალსიფიცირებულ პროდუქტად იქნება მიჩნეული. 

 

რაც შეეხება 200-მდე მედიკამენტებზე ფასის შემცირებას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის მთავრობის სურვილი, მაგრამ მოლოდინები, თუ რა იქნება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. აქაც ერთი მთავარი კითხვა არის ის, რომ რატომ არის თურქეთში მედიკამენტებზე ფასი ძალიან დაბალი? - რატომღაც საზოგადოებაში ინტერპრეტირებულია, რომ თურქეთში მედიკამენტებზე დაბალი ფასი იმიტომაა, რომ იქაური დისტრიბუტორები, წამალზე ან ნაკლებ ფასს ამატებს, ან მიწოდება არის დაბალი ფასით. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის.

 

თურქეთში წამლებზე დაბალი ფასის ძირითადი მიზანი ის არის, რომ იქ, სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარი მოსახლეობისთვის წამლებს აფინანსებს. ანუ, ჩვენ, შევეცდებით ამით სარგებლობას. ხოლო, მედიკამენტების მოწოდებისთვის მნიშვნელოვანია მისი უწყვეტობა. ამიტომ, თურქეთის ჩართვა არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება, რომ ფასების დარეგულირებამდე მიგვიყვანოს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. ანუ, მარტო თურქეთის ბაზრის ჩართვა იმ შედეგს არ მოგვიტანს, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა. 

 

შეიძლება მედიკამენტებზე ფასების შემცირებაზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ წამლებზე ფასები ხუთჯერ და ათჯერ შემცირდეს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ თუ იმ მედიკამენტის ფასს ვადარებთ, რომლის რეალური ფასიდან 90%-ს სახელმწიფო აფინანსებს, მაშინ, ეს მისი რეალური ფასი არ არის. ეს არის ფასი, რომლის ნაწილიც ვიღაცამ გადაიხადა. 

 

აქ მთავარი კითხვაა: - საქართველოში მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება შესაძლებელია? -  რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ, მედიკამენტებზე ფასების შემცირება კი არაა მთავარი, მთავარია, რომ მედიკამენტებზე დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. მაგალითის სახით გეტყვით, რომ წამლების 50-60% არამიზნობრივად არის დანიშნული. ანუ, ხშირ შემთხვევაში ისიც კითხვის ნიშნის ქვეშაა, - საჭიროა კი ექიმის მიერ პაციენტისთვის ამდენი წამლის გამოწერა?!

 

ოცი წელია, რაც ამ სფეროში ვარ და ყოველთვის ვსვამ ამ კითხვას, რომ როცა მედიკამენტი გაიაფდება, მას ადამიანი ნაკლებად მიიღებს? - რა თქმა უნდა,  არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ გაიაფების შედეგ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა უფრო მაღალი იქნება და ესა თუ ის პაციენტი იგივე წამალს უფრო მეტს მიიღებს. ჩვენ კი, ეს არ გვინდა, პირიქით, გვსურს,  ნებისმიერ ადამიანს ნაკლები წამალი დასჭირდეს და მკურნალობის უკეთესი შედეგი მიიღოს. ამიტომ, ჩვენ თუ პარალელურად ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიასა და ჯანდაცვის მუშაკებს შორის არსებულ გარიგებებს არ მივხედეთ, შეიძლება წამლის ფასი დაეცეს. მაგრამ შედეგს, რომ ჩვენი მოსახლეობა ჯანმრთელი იყოს, - ამას ვერ მივიღებთ. მთავარი ის ხომ არ არის, რომ ბევრი წამალი ვიყიდოთ იაფად, ეს არავის სჭირდება და ყველა ბედნიერი იქნება, თუ წამალი საერთოდ არ დასჭირდება.

 

ასე, რომ ჯანდაცვის სისტემის მიზანია, წამლების ნაკლები დანახარჯით უკეთესი შედეგი მივიღოთ. ამიტომ, მარტო ფასების დაწევა და რომელიღაცა წყაროებიდან დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ძირითად პრობლემას ვერ მოხსნის. 

 

თურქეთის წამლის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული რისკების პრობლემა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე მთავრობასაც კარგად ესმის. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოსალოდნელი რისკების მინიმალიზაციაზე. ჩვენი ასოციაციაც ჩართულია სამუშაოებში და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ამ მიმართულებით მუშაობა.  ჯანდაცვის სისტემაში მთავარია უსაფრთხოება, ეფექტურობა და შემდეგ მოდის ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაცია მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს და როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე მთავრობასთან აქტიურ მუშაობას აგრძელებს." - ამბობს ჩვენთან საუბრისას ირაკლი მარგველაშვილი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის წამლის ბაზრის გახსნა ოფიციალურად გააჟღერა, მან ასევე იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დაიწყონ მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების შემოტანის პროცედურები. პრემიერის თქმით, მთავრობას წამლის იმპორტიორი კომპანიებისგან დადებითი მოლოდინები აქვს. 

 

იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ რას ფიქრობენ იმპორტიორ კომპანიებში, რამდენად აწყობთ მათ მეზობელი ქვეყნის ბაზრის გახსნა და დაიწყეს თუ არა პრემიერის ინიციატივისა და მოწოდების ფარგლებში რაიმე სახის მუშაობა, - ამ კითხვებით "ჯორჯიან თაიმსი" რამდენიმე სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. 

 

თუმცა, აღნიშნული კომპანიების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით მათთვის მოგვიანებით მიგვემართა. კერძოდ, ისინი დაგვპირდნენ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილობით მოგვაწვდიან ინფორმაციას თურქეთის წამლის ბაზრის ამუშავების შემდეგ, თუ რა სახის სამუშაოებს გეგმავენ. ამიტომ, როგორც კი მათგან შესაბამის ინფორმაციას მივიღებთ "ჯორჯიან თაიმსი" იმპორტიორი კომპანიების პოზიციასთან დაკავშირებითაც ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.

 

/თეო მჟავანაძე/





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს