ლევან ვასაძესა და მის ოჯახის წევრებს ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს

ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.

" 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: „ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედია-პლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს“. ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი „პრორუსული დეზინფორმაცია“.

ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც (მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ „ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ).

კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება.

ამ ქმედებებით, ყველა ეს ქართული ბანკი არღვევს სუვერენული ქვეყნის კანონდებლობას: საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანალოგიური გადაწყვეტილება ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლის წილს ან აქციას ფლობენ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები.

მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამადაც ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში; არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას. და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი.

მართალია, რომ 2021 წლის მაისში ვცადე პოლიტიკაში შესვლა: დავაფუძნე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, უეცრად დამემართა მძიმე და სასიკვდილო დაავადება - სისხლის კიბოს ფორმა „მრავალჯერადი მიელომა“, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასხივებამ ან მოწამვლამ. ამას დაემატა AL ტიპის ამილოიდოზიც. მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ვინაიდან ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მიუხედავად ჩემი უეცარი ავადობის საეჭვო გარემოებებისა, და მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გამოუძიებია ეს შემთხვევა.

იმავე 2021 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის 24 კურსი. მკურნალობას ძლივს გადავურჩი და ძლივს ავიცილე თავიდან გულისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რისი რეკომენდაციაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდი ჯანმრთელობის აღდგენას, მუდმივი სისუსტისა და დაუძლურებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა და საჯარო გამოსვლებსა და ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოვშორებოდი.

უკვე წელიწადნახევარზე მეტია - თითქმის ორი წელიც - აღარ მქონია საჯარო გამოსვლა საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი და პარალელურად ვაგრძელებ ქრონიკული დაავადებების მუდმივ მკურნალობას. ამიტომ, ამ მიზეზითაც, შეუძლებელია მე პოლიტიკოსთა რიცხვს მიმაკუთვნონ, შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით.

 

არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე „მედიამაგნატი“ ვიყო", - წერია ვასაძის ვრცელ წერილში, რომელიც 20 სექტემბრით არის დათარიღებული.





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
,,ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა''- შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს''- პაპუაშვილი
,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება