,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი

 

ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ „პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს.

„ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ "პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. თითქოს სახელმწიფოს ევალებოდეს კოლექტიური დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იმ ადამიანების გამოც, რომლებიც დღეს აღარ იმყოფებიან არც ხელისუფლებაში და არც ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. ზუსტად აქ გადის ის პრინციპული ზღვარი, რომელიც მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდა განისაზღვროს: ყოფილი ჩინოვნიკები - ეს არ არის მოქმედი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილი დანაშაულები - ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური კურსი, პარტიული წარსული - არაა "ინდულგენცია" და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავის ასარიდებლად. სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს "ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს. უფრო მეტიც, ამ ზღვრის განზრახ დაბინდვა პირდაპირ აზიანებს მოქმედი ლიდერების რეპუტაციას და ძირს უთხრის ინსტიტუციური სახელმწიფოს იდეას.

დიდი ალბათობით, წარსულში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი სქემების ნაყოფია ქვეყანაში შემოსული ის 25 ათასი არალეგალი-მიგრანტი - რომლის შესახებაც ამ წლის გაზაფხულზე გვამცნო შს მინისტრის მოადგილემ. მაგრამ აქაც, პრობლემის ძირი - არა საკუთრივ მიგრანტებია, არამედ, სავარაუდოდ მისი "შემქმნელი" კორუფციული მექანიზმი. იმ პერიოდში, როდესაც ამ ჩინოვნიკების ნაწილი იკავებდა საკვანძო თანამდებობებს, საქართველოში შემოაღწია აზიური რეგიონის ათეულობით ათასმა მოქალაქემ. დიდი ალბათობით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბინადრობის ნებართვას იღებდა არა გამჭვირვალე და კანონიერ პროცედურებზე დაყრდნობით, არამედ ქრთამის, ფიქტიური საფუძვლების, ყალბი დოკუმენტებისა და შუამავლური სქემების მეშვეობით.

აქ აუცილებელია მკაფიოდ ითქვას:

პრობლემა არ არის ადამიანების წარმოშობაში, მათი კანის ფერში თუ სარწმუნოებაში. პრობლემა არის მათი არალეგალური ლეგალიზაციის მექანიზმებში. მიგრანტების ქსენოფობიური სტიგმატიზაცია - სახიფათო ჩიხისკენ მიმავალი გზაა. თუმცა იმ ფაქტის იგნორირება, რომ სავარაუდოდ, სწორედ კორუფციამ გახსნა ქვეყნის კარები უკონტროლო ნაკადებისთვის, კიდევ უფრო სახიფათოა. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის სახელმწიფო კონტროლის დაკარგვის განცდას.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლების დღევანდელმა "ლიდერშიფმა" ყოველგვარი გარედან თავსმოხვეული ისტერიკისა და "პერფორმანსების" გარეშე. პირველი და სავალდებულო ნაბიჯი არის ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს: თუ კი ადგილი ჰქონდა კორუფციულ ეპიზოდებს - პასუხისმგებლობა ეკუთვნის კონკრეტულ პირებს და მათი მოღვაწეობის კონკრეტულ პერიოდს. სახელმწიფო პასუხისმგებელია შედეგების გამოსწორებაზე, მაგრამ არა სხვისი დანაშაულის დამალვაზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა ოპონენტებისთვის მოსახერხებელი ლოზუნგია, თუმცა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის.

მეორე - უნდა გრძელდებოდეს გაცემული ბინადრობის ნებართვების აუდიტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სრულად იძლევა საშუალებას ჩატარდეს რეტროსპექტული შემოწმება იმ ბინადრობის ნებართვებზე, რომლებიც გაიცა საინვესტიციო, შრომითი ან ჰუმანიტარული საფუძვლებით. ყალბი დოკუმენტები, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებები, რეალური საცხოვრებელი ადგილის არქონა, ქრთამის ფაქტები - ეს ყველაფერი წარმოადგენს სტატუსის გაუქმების კანონიერ საფუძველს.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: საუბარი არ არის მასობრივ დეპორტაციებზე, რომელსაც აქვს განხორციელების რთული, და ხშირად ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურა - არამედ კანონის აღდგენაზე. ეს პრინციპული განსხვავებაა - როგორც იურიდიულად, ისე პოლიტიკურად. ბევრს მოეჩვენება, რომ 2025 წელს განხორციელებული 1130 დეპორტაციის ფაქტი არასაკმარისია - მაგრამ, კეთილი ინებოს და გაერკვეს ამ პროცედურის ნიუანსებს და ადვილად მიხვდება, როგორი სამართლებრივი ბერკეტებია აქ გასათვალისწინებელი.

მესამე - ქვეყანაში შესვლის კონტროლის გაძლიერება, უვიზო რეჟიმების დემონსტრაციული გაუქმების გარეშე. უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო ინტერვიუები, ვიზიტის მიზნის დადასტურება, ფინანსური რესურსების არსებობა, უკან დაბრუნების ბილეთი - ეს არის ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სტანდარტული პრაქტიკა. ეს არ არის „ხრახნების მოჭერა", ეს არის ნორმალური სახელმწიფო კონტროლი. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შეღწეულ კონტინგენტს: საკვანძო ამოცანაა - მკაფიო სეგმენტაცია. ყველა უცხოელი უნდა დაიყოს სამ ჯგუფად. პირველი - კანონიერად მცხოვრები და ინტეგრირებული პირები. მათ არ უნდა შეეხონ და მით უმეტეს, არ უნდა იქცნენ საზოგადოებრივი ისტერიის ობიექტად.

მეორე - ფორმალურად ლეგალური, მაგრამ საეჭვო სტატუსის მქონე პირები. მათი მდგომარეობა ექვემდებარება განმეორებით გადამოწმებას. და

მესამე - არალეგალური ან ფიქტიურად ლეგალიზებული პირები. მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები: ბინადრობის ნებართვის გაუქმება, გაგრძელებაზე უარი, ადმინისტრაციული გაძევება სასამართლოს გზით, დეპორტაციის პროცედურები. მაგრამ, აქაც - მასობრივი დეპორტაციები დაუშვებელია. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური, სამართლებრივად გამართული და პროცედურულად დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ ასცდება სერიოზულ პრობლემებს საერთაშორისო სამართლის კუთხით.

სახელმწიფომ დარტყმა უნდა მიეყენოს კორუფციას და არა ადამიანებს - თუ მექანიზმი არ დაიშალა, პრობლემა კვლავ დაბრუნდება. შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს მიგრაციის სამსახური, შუამავლები, უძრავი ქონების სააგენტოები, ფიქტიური დამსაქმებლები. აუცილებელია „პაკეტური ლეგალიზაციის სერვისების" კრიმინალიზაცია და რამდენიმე ხმაურიანი საქმის მიყვანა გამამტყუნებელ განაჩენამდე. ერთი-ორი ხმაურიანი პროცესი უფრო ეფექტურია, ვიდრე ასობით განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, კონკრეტულად ვინ ყიდდა და ღალატობდა სახელმწიფოს, და არ ეძებოს დამნაშავეები კონკრეტული ეროვნებისა თუ რელიგიის ნიშნით.

და რაც მთავარია, მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების გათვალისწინებით - თუ ყოველივე ეს "ჩუმად" გაკეთდება, ხელისუფლება საინფორმაციო სივრცეში დამარცხდება. აუცილებელია მუდმივი ხმამაღალი განცხადებები: საქმე არ ეხება ეროვნებას ან რელიგიას, არამედ კანონის დაცვას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არა უკონტროლო დერეფანი - ჩვენთან უსაფრთხოება, დემოგრაფია და მიგრაციული პოლიტიკა სუვერენიტეტის ელემენტებია. აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები - ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან.

ხელისუფლების მოქმედმა შემადგენლობამ არ უნდა იმართლოს თავი, არამედ გადადგას მკვეთრი სამართლებრივი ნაბიჯები. მან უნდა იმოქმედოს კანონის, რეალური (და არა გამოგონილი) ციფრებისა და მონაცემების საფუძველზე - პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენების გზით. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ერთდროულად შეჩერდეს არალეგალური ნაკადები, გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან, შემცირდეს საზოგადოებრივი დაძაბულობა და სახელმწიფომ დაიბრუნოს პასუხისმგებელი, სუვერენული და პრაგმატული ლიდერის სახე - ხმაურის, ისტერიკისა და ღირსების დაკარგვის გარეშე", - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში -ირაკლი კობახიძე
ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
მზად ვართ, "ქართული ოცნების" სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე -გრიგოლ გეგელია
მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს -გია აბაშიძე
ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი
"საქართველო არ მიიწვიეს დავოსში" - დავოსში იცით რა ხდება?! - ხდება კატასტროფა -გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს
,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"ფორმულამ" გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა
თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა