დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი

 

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის გარშემო დასავლეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა „გამორჩეულობის რეჟიმიდან" ნელ-ნელა გადადის „რუტინული გეოპოლიტიკის" ფაზაში.

„უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან" - უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან" „რუტინული გეოპოლიტიკის" რეჟიმში", - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რატომ დასრულდა უკრაინისადმი დასავლეთის პოლიტიკური და მორალური ექსტაზის ეტაპი და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ახალ რეალობაში.

„ეს დღე აუცილებლად დადგებოდა - მსოფლიო უკრაინას „გადააგდებდა" ადრე თუ გვიან, გადაღლილი მისი პრობლემებით და გადატვირთული საკუთარით. საქართველო დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მალევე გადააგდო და მიივიწყა. უკრაინას ამისთვის ოთხი წელი დასჭირდა და ენით აღუწერელი ფასის გადახდა. 2022-2024 წლებში უკრაინა დასავლეთის მორალურ და პოლიტიკურ ფოკუსად იქცა, მაგრამ 2026 წელს ეს ფაზა დასრულებულია. არა იმიტომ, რომ კონფლიქტი ამოიწურა, არამედ იმიტომ, რომ მან შეწყვიტა სტრატეგიული სარგებლის მოტანა ძალაუფლების ძირითად ცენტრებისთვის.

დღეს გლობალური დღის წესრიგი გადაინაცვლა იმ თემებზე, სადაც XXI საუკუნის კონტროლი წყდება: არქტიკა, მიწოდების ჯაჭვები (დერეფნები), ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, კონკურენცია ჩინეთთან. ამ კონტექსტში უკრაინა - „პროვინციული" კონფლიქტია ფიქსირებული რისკებით და ყურადღების კლებადი დინამიკით. უკრაინული თემის არათავსებადობა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფორმატთან - არა დიპლომატიური „შემთხვევითი დამთხვევაა", არამედ სტრუქტურული მაჩვენებელი. დავოსი ის ადგილია, სადაც ელიტები განიხილავენ მომავლის მოგებასა და სტაბილურობას, სარგებლის გადანაწილებას და არა ომის გაგრძელებას გაურკვეველი ფინალით.

ამ ლოგიკაში უკრაინული სამობილიზაციო და „მორალურ-საწუწუნო" რიტორიკა ეწინააღმდეგება ფინანსური მაგნატების საინვესტიციო პრაგმატიზმს. ამიტომაც ჯერ კიდევ გუშინდელი „გმირი" ზელენსკი, რომელსაც წითელ ხალიჩებს უფენდნენ, დღეს ჩნდება, როგორც „გამაღიზიანებელი სტატისტი" და არა მთავარი სპიკერი. ამიტომაც დავოსში ამ უჩვეულო და სამარცხვინო იპოსტასში ის არც კი ჩასულა. ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი. ტრამპი დაიღალა იმის მტკიცებით, რომ ეს არაა მისი ომი. მისი „ომია": არქტიკა (გრენლანდია), ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, სამრეწველო რეინდუსტრიალიზაცია.

დეკლარირებული მხარდაჭერა შენარჩუნდება, მაგრამ რაიმე ახალი ვალდებულებების გაფართოების, ფსონების გაზრდისა და პოლიტიკური ექსტაზის გარეშე. უკრაინა გადადის მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტის რეჟიმში და არა ისტორიული მისიის ფორმატში. ხუთშაბათს სტივ უიტკოფი უკვე მერამდენედ შეხვდება პუტინს ვაშინგტონისთვის ამ დამღლელი პროცესის დასრულების კიდევ ერთი მცდელობის ფარგლებში. თუმცა პირველ რიგში გადაღლილია თვით კიევი, რომლის პარლამენტის დეპუტატები უკვე ღიად საუბრობენ დონბასზე, როგორც ომის დასრულების მიზნით მოსაშორებელ ბალასტზე. გადაღლილია ევროკავშირიც, რომელიც გადატვირთულია - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ინსტიტუციურად, სოციალურად. უკრაინული საკითხი სულ უფრო აღიქმება აქ, როგორც გარე ვალი - გადახდის „დედლაინის" გარეშე. კი ბატონო, მხარდაჭერა ინერციით გრძელდება, თუმცა ენთუზიაზმი ბუღალტერიამ ჩაანაცვლა: რა ღირს, რას იძლევა, სად არის ზღვარი. ეს ნიშნავს თანდათან ინტერესის დაკარგვას, ურთიერთობების ნელ, მაგრამ სტაბილურ გაცივებას, დაფარულს „სწორი" და არაფრის მომცემი, უემოციო რიტორიკით. წელს უკრაინა, რა თქმა უნდა, დარჩება დღის წესრიგში, მაგრამ მხოლოდ „ერთ-ერთი პრობლემის" და არა ცენტრალურ პოზიციაზე. კიევზე კი ზეწოლა რეალიზმისკენ სამობილიზაციო რიტორიკის ნაცვლად კიდევ უფრო გაძლიერდება და დაუნდობელ ფორმატში გადავა. უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან": უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან" „რუტინული გეოპოლიტიკის" რეჟიმში. ეს ყველაზე სახიფათო ეტაპია ნებისმიერი ქვეყნისთვის კონფლიქტში - მის მიმართ ყურადღება კლებულობს, რესურსები ძვირდება, ხოლო ჯერ კიდევ გუშინ უკრაინის „უპატიებელი" მოწინააღმდეგის მიმართ დამოკიდებულება იცვლება - გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის მისამართით. მსოფლიო არ არის სასტიკი - ის უბრალოდ პრაგმატულია. როგორც 1918 თუ 2008 წელს საქართველოს მიმართ იყო - აი ასეთი. და სწორედ ეს პრაგმატული გულგრილობა ხდება დღეს კიევისთვის უფრო სერიოზული გამოწვევა, ვიდრე ღია მტრობაც კი. უკრაინის ისტორია არ დასრულებულა, უბრალოდ მის მიმართ დასავლეთის ფარისევლური აპლოდისმენტები შეწყდა", - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს