შიო მესამე - გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვიქცეთ, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას

გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, - ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული".

„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ.

ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.

აუცილებელია, განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყოველნი ერთ იყვნენ. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს. ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე, შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა, შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის, მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი", - განაცხადა შიო მესამემ.

 





მსგავსი სიახლეები
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა