7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას დღესასწაულობს

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: "ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო "იაკობის სახლი" უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: "ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" ანგელოზი მიუგებს: "სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ", - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: "აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ", - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.





მსგავსი სიახლეები
კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა
„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ ინიციატივით, რუხის საავადმყოფოს რენდგენის აპარატი გადაეცა
თბილისში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა
14 აპრილი ქართული ენის დაცვისა და დედაენის დღეა
7 გარდაცვლილი, 1085 ინფიცირებული და 432 გამოჯანმრთელებული -COVID-19-ის დღის სტატისტიკა
უკრაინაში ჩინური ვაქცინა „კორონავაკით“ აცრები დაიწყო
ლევან რატიანი - ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს
ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ისტორიული ფოტო, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული
დამშვიდდით, გიჟებო! წერეთ, რამდენიც გინდათ! მე გემრიელად დამეძინება! თქვენ კი სატანასთან მიბრძანდით, ალქაჯების მეჯლისზე! - რობერტ სტურუა
ყოჩაღ, მეტი მიტინგი, რაც შეიძლება მეტი ხალხით, გავშალოთ ჭირის და ლხინის სუფრები, ვსვათ ვახტანგურად და ვპროშნოთ ერთმანეთი - ოთარ ჩრდილელი
ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ, თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ - მიხეილ სააკაშვილი
მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ: ბესო ზანგური არის ნაძირალა! - თამარ მაყაშვილი
დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა, აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს - დათა თავაძე
თბილისის ყურისძირში ანტიკური ქალაქი ძალისი მდებარეობს - აქ აღმოჩნდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი მოზაიკა
„მანამდე არ ეწერა“ - რა ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში
Logista.ge - კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა თიბისი დაზღვევისგან
თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად
ჩაფიძის გულის ცენტრი, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, რაჭაში ჩაატარებს
13 აპრილი ისტორიაში
კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა