მეგისთვის ადრენალინი არ გამიკეთებია - როგორ შეცვალა ექიმმა ჩვენებები და რა მოხდა სინამდვილეში

ექიმი, რომელსაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის 25 მარტს მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ამით, ბრალდებული ვიოლეტა ინასარიძე, სრულად აბათილებს, როგორც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებას, ისე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც აცხადებდა, რომ მან საკუთარი ხელით გაუკეთა 28 წლის ექთანს ადრენალინი.

„მე მეგონა, რომ უბრალოდ რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი. შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“, – ეს ვიოლეტა ინასარიძემ გამომძიებელს 25 მარტს, მეორე ჩვენებაში უთხრა.

გამომძიებლის კითხვაზე, „უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს?“, – ექიმი პასუხობს: „პრინციპში, არც არაფერი მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“.

ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებები გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატმა გაასაჯაროვა.

ამონარიდი ექიმის მეორე ჩვენებიდან

ექიმი გამოძიებას უდასტურებს, რომ ექთნის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც ახალციხის კლინიკაში 18 მარტს გაიხსნა, განზრახ ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია ადრენალინის გაკეთების შესახებ. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია სამედიცინო ისტორიაში “შიშის” გამო დაფიქსირდა:

გამომძიებელი: გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი?

ექიმი: არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

გამომძიებელი: ადრენალინის გამოყენება მეგი ბაქრაძის შემთვევაში არ მიიჩნიეთ საჭიროდ?

ექიმი: არა, ნამდვილად არ იყო, ჩვეულებრივი რეაქცია იყო.

გამომძიებელი: სამედიცინო ისტორიაში შეტანილი იქნა თუ არა, რომ თქვენ გაუკეთეთ მას ადრენალინი?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: რა მიზანს ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ შეგედგინათ არასწორი სამედიცინო ისტორია და პირადად თქვენ რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც ხელს აწერდით არასწორად შევსებულ სამედიცინო ისტორიას?

ექიმი: ალბათ შიში, რომ აი, პასუხისმგებლობა, არ ვიცი.

გამომძიებელი: თქვენს გარდა, სამედიცინო ისტორიას ვინ მოაწერა ხელი?

ექიმი: მე, ბექა ლიპარტელიანმა [რეანიმატოლოგი, ბრალდებული] და ექთანმა შუბითიძემ.

გამომძიებელი: გიორგი აფციაური [რეანიმატოლოგი] თუ იყო ჩართული სამედიცინო ისტორიის შექმნის პროცესში?

ექიმი: დიახ.

გამომძიებელი: როდესაც მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიაში შეიტანეთ ჩანაწერი, რომ თითქოსდა პაციენტს გაუკეთეთ ადრენალინი, იცოდნენ თუ არა ბექა ლიპარტელიანმა, გიორგი აფციაურმა და თიკო შუბითიძემ, რომ რეალურად არ გქონდათ გაკეთებული ადრენალინი?

ექიმი: კი, შეგვეშინდა, რომ ანაფილაქსია იყო თუ არა, წესით უნდა გამეკეთებინა თუ ანაფილაქსიის ნიშნები იყო, მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი.

გამომძიებელი: ანუ, თუკი მათთვისაც ცნობილი იყო, რომ თქვენ არ გქონდათ რეალურად ადრენალინი გაკეთებული, მათ რა მიზანი ჰქონდათ, მათ რატომ მოაწერეს ხელი?

ექიმი: შიში, პროტოკოლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო გაკეთებული თუ ეს ანაფილაქსიაა, მაშინვე.

გამომძიებელი: თიკო შუბითიძემ თუ იცოდა?

ექიმი: არა მგონია, იმიტომ, რომ ისე მოაწერა ხელი.

გამომძიებელი: გარდა იმ პირებისა, ვინც ჩამოთვალეთ, ვისთვის არის ცნობილი, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ ადრენალინი მისთვის?

ექიმი: თეამ პრინციპში არ იცოდა, მე ვთხოვე, რომ თქვიო, რომ გავაკეთე.

ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ექიმის მეორე ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც მეგი ბაქრაძე შეუძლოდ გახდა, ექიმმა კლინიკა დატოვა, რადგან ვაქცინაციის შესახებ კონფერენციას უნდა დასწრებოდა, რომელიც ახალციხის გუბერნიის შენობაში ტარდებოდა:

„მორალურად ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი, როდესაც დავტოვე პაციენტი, მაგრამ ამასთან მინდა განვმარტო, რომ მე არ წავსულვარ პირად საქმეზე. წავედი ისევ კოვიდ ვაქცინაციის საკითხზე ცოდნის გაღრმავების მიზნით…ხოლო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მე არ მახსენდება პროტოკოლი ან სხვა რომელიმე ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებდეს საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში ოჯახის ექიმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესს ხელმძღვანელობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბექა [ლიპარტელიანი] არის ის სუბიექტი, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის პაციენტების მდგომარეობის მართვის კვალიფიკაცია, შესაბამისად, სწორედ მას დავუტოვე პაციენტი, ამასთან წამოსვლამდე დავრწმუნდი, რომ მეგი უკეთ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი წამოსვლიდან მალევე განუვითარდა მორიგი გართულება“…

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ არ დააფიქსირა ექიმმა პირველი გამოკითხვისას, რომ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მან პაციენტი დატოვა და ტრენინგზე წავიდა, ექიმი პასუხობს:

„მოგახსენებთ, რომ ამ დაღლილობაში, სტრესში, ნერვიულობაში, გამომრჩა, ამასთან ვიკითხებოდი მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღეს, როდესაც ცოტა გავიაზრე ჩემს მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ არ შემეყვანა გამოძიება ჩიხში და მეთქვა ეს მნიშვნელოვანი გარემოება“.

ექიმის ინფორმაციით, ის კონფერენციაზე წავიდა გიორგი აფციაურთან [რეანიმატოლოგი] და მაია ზაზაძესთან [მედპერსონალი] ერთად. კონფერენციაზე ისინი გიორგი აფციაურის ავტომობილით წავიდნენ:

გამომძიებელი: გზა რა დრო დაგჭირდათ?

ექიმი: მანდვეა, ორი კილომეტრი დაახლოებით.

გამომძიებელი: ვინები შეხვედით გუბერნიის შენობაში?

ექიმი: მე და მაია ზაზაძე, მაგრამ მაშინვე დავბრუნდი, იმიტომ, რომ ვნერვიულობდი მეგიზე, ვრეკავდი და რომ დავურეკე ჩემს ექთანს, თეას, მითხრა, რომ სიტუაცია ცოტა გართულდა.

გამომძიებელი: გიორგიც შემოგყვათ?

ექიმი: არა, გიორგის დაურეკა ბექამ და უთხრა, რომ სასწრაფოდ წამოდიო და წავიდა უკან მაშინვე,

გამომძიებელი: რამდენ ხანში დაბრუნდით უკან?

ექიმი: ძალიან მალე, 5-10 წუთში.

ამონარიდი ვიოლეტა ინასარიძის პირველი ჩვენებიდან

ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ექიმის პირველი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას 24 მარტს მისცა, რადიკალურად განსხვავდება მეორე ჩვენებისგან. ექიმი გამომძიებელს დეტალურად უყვება იმის შესახებ, თუ როგორ და რა დროს გაუკეთა მეგი ბაქრაძეს ადრენალინი:

„მეგი ბაქრაძის შემთხვევაში ანტიჰისტამინები იყო გამოყენებული, მაგრამ არა როგორც თავდაპირველი ან მკურნალობის ძირითადი საშუალება, ძირითადი და უპირველესი გახლდათ ადრენალინი, რომელიც მე თვითონ გავუკეთე პირველმა პაციენტს…მოგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძეს ჩემს მიერ გაუკეთდა ადრენალინის 0,5 მლ დოზა ანაფილაქსიური შოკის დადგომისთანავე კუნთში“.

გამომძიებლის კითხვაზე, ხომ არ გაიმეორეს ეპინეფრინის [ადრენალინის]დოზები? რა პერიოდულობით და რამდენჯერ, ექიმი პასუხობს:

„როგორც ვიცი, პაციენტს რამდენჯერმე გაუკეთდა ადრენალინი, თუმცა, რამდენჯერ, ჩემთვის უცნობია. მე ადრენალინი მეგის კუნთზე გავუკეთე მაშინვე, როდესაც პირველივე სიმპტომი დავინახე და არ დავლოდებივარ კრუნჩხვის ან სხვა სიმპტომების გამოვლენას. როდესაც ადრენალინი გავუკეთე, იმ დროს მეგი იყო კონტაქტური. ვინაიდან ახალი ვაქცინა იყო და მასზე არ გვქონდა რაიმე ინფორმაცია, პროტოკოლის შესაბამისად, პირველივე გამოვლენიდან უნდა გაგვეკეთებინა ადრენალინი, შესაბამისად, ჩემს მიერ დაცული იქნა ეს პრინციპი და მას შევუყვანე ადრენალინი“.

7 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წაუყენა. განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ვკითხულობთ:

“მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა”.

ექიმებსა და ექთანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს. ამ მუხლით 2-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

 

 

რადიო თავისუფლება





მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს
სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა