დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა, აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს - დათა თავაძე
რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე ეხმაურება რუსთაველის თეატრის მსახიობის ნინუცა მაყაშვილის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც მან ისაუბრა ოჯახურ ძალადობაზე. დათა თავაძე წერს:
მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა! ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა - აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს... გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს, გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები..!


12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ 33 წლის მსახიობმა გაიხსენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა:

 

 

„ძალიან რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ჩუმად არა, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს შეეხებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს გარშემო. არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ“.

ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი იყო:

„მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექი მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ვინმე ბიჭი. ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო, ძალიან მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა ნერვები მეშლება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. ვპატიობდი იმიტომ, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რადგან იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე ილაპარაკო. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ“.

მსახიობის თქმით, სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილმა ქმარმა რამდენიმე საათის განმავლობაში სცემა:

„გასტროლებზე იყო წასული. ბავშვთან ერთად ბებიასთან ვიყავი. ღამ„ის 4 საათზე ჩამოვიდა. ვთხოვე, ბავშვთან ერთად ვარ, დავრჩები და დავიძინებ-მეთქი. მე და ბებია ვისხედით და ველოდებოდით. რომ ჩამოვიდა, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და დილის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის რვამდე არ გაჩერდა. ერთადერთი, რისი თქმაც მაშინ შემეძლო, ეს იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში იყო და ტიროდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, მქონდა ზუსტად 15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად ავიკიდე ექვსი ჩანთა. ტელეფონი არ მქონდა. მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და თუკი დამინახავდა, მაშინ საოცრება მოხდებოდა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე, გაეღო კარი და ჩანთებიანად და ბავშვით შევწექი მანქანაში. მძღოლი გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოვიდა ჩემთან სახლში, მაგრამ მე უკვე ზურგში დედა მედგა“.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს