აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი და თურქული დრონები - უცხოური პრესა

თურქული გამოცემა «Medya Günlüğü» სტატიაში „აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი და თურქული დრონები“ განიხილავს დონბასის კონფლიქტს და ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას - რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ანკარას კიევ-მოსკოვის დაპირისპირებისაგან (ავტორი - იუსუფ ბექთაში).

 

„უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა ისევ კრიტიკულ დონეს მიაღწია. რუსები გაბედული და საკუთარ თავში დარწმუნებულნი გამოიყურებიან, მაგრამ აცნობიერებენ, რომ ახალი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ ზარალს მოუტანს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია 2014 წლიდან - აშშ-სთან და საერთოდ, დასავლეთთან ურთიერთობაში შექმნილი ჩიხური მდგომარეობის გამო.

 

ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციამ კი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიიღო შიდა პოლიტიკაში საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებისათვის - დასავლეთიდან გაჟღერებული მხარდამჭერი განცხადებებით. ამ დღეებში სტამბოლში ვლადიმერ ზელენსკისა და რეჯეფ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შედეგად უკრაინელი ლიდერის რეიტინგმა, როგორც იქნა, ზრდა დაიწყო.

 

აშკარაა, რომ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, თვითონ უკრაინელები რუსეთთან კონფლიქტს მაინც უფრთხიან. უკრაინის ეკონომიკა ძალზე მყიფეა, ცდილობს როგორმე გადარჩეს უცხოური ინექციებით და თუ ისეთ მეზობელს დაუპირისპირდება, როგორიც რუსეთია, შეიძლება უფრო უარეს კრიზისში ჩავარდეს, მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით.

 

როგორც ჩანს, ორივე მხარე - არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ მართლაც სურთ  ომის დაწყება, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებთაც შეუძლიათ სარგებელი ნახონ რუსეთ-უკრაინის სავარაუდო კონფლიქტიდან... მაგალითად, თურქეთს.

 

მართალია, ანკარა დროდადრო მოსკოვთან მეგობრობის წადილს ამჟღავნებს, მაგრამ ორივე მხარემ მშვენივრად იცის თავიანთი ურთიერთობის ისტორიული წარსული და გეოპოლიტიკური ბალანსი. ძლიერი რუსეთი, რომელთანაც თურქეთს განსხვავებული პოზიცია აქვს სირია-ლიბიასთან მიმართებით, ანკარისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო რუსეთისათვის კიდევ ახალი კონფლიქტის დამატება, უკვე არსებულ უკრაინასთან ერთად, საზარალო იქნება და ხელს შეუშლის ყურადღება მიაქციოს სხვა რეგიონებს.

 

თურქეთისათვის სასარგებლოა, რომ უკრაინა საკმაოდ ბევრ თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) ყიდულობს - დამრტყმელ „ბაირახტარებს“ («Bayraktar TB2»), რომლებმაც თავიანთი უპირატესობა კარგად აჩვენეს აზერბაიჯან-სომხეთის ომში. რუსული მასმედია წერს, რომ უკრაინას ბევრად მეტი თურქული დრონი აქვს ნაყიდი, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებსო. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ თურქული სამხედრო ტექნიკა კიევის მოწონებით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, სავარაუდო ექსპორტის თვალსაზრისით.

 

ვლადიმერ ზელენსკისა და რეჯეფ ერდოღანის სტამბოლში, ჰუბერის სასახლეში შეხვედრის დროს ითქვა, რომ „ჩვენი თანამშრომლობა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართულიო“, და მართლაც, ანკარამ, აცნობიერებდა რა იმას, რომ მოსკოვს მისი კიევთან დაახლოება არ ესიამოვნებოდა, წინა დღეს მოსკოვს დაურეკა და დააწყნარა, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, „კრემლს სიცხის დამწევი აბები გამოუწერა“.

 

წყარო: https://medyagunlugu.com/haber/dogu-ukrayna-krizi-ve-turk-sihalari-49212

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“