ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
„ოცნებას კაცი არ მოუკლავს“  - ნოდარ დუმბაძე


მართალია, ბავშვის აღზრდა აკვნიდან იწყება, მაგრამ მე მაინც უკუღმიდან დავიწყებ. ამ რამდენიმე წლის წინათ, შუაღამისას, უსაზღვროდ შეშფოთებულმა ნაცნობებმა დამირეკეს და მთხოვეს: - გვიშველე, ჩვენს ბიჭს რაიონში ანაწილებენ, თბილისში დაატოვებინე როგორმე, თორემ სოფელში დაგვეღუპება და მერე ჩვენც არ ვიცოცხლებთ თავს. ვიდრე ამ ამბავს სხვა ამბავსაც მივაყოლებდე, მოგაგონებთ: ის ბიჭი მაშინ 27 წლისა იყო, ახლა 35 წლისაა, თბილისში ცხოვრობს, ცოლშვილიანია და უმუშევარი. - ვის კმაყოფაზეა?! - მკითხავთ თქვენ. - რა თქმა უნდა, პენსიონერი მშობლების კმაყოფაზე. - თავმოყვარეობა არა აქვს? - ისევ მკითხავთ თქვენ. - როგორ არა. აკი მირეკავს კიდევაც დროდადრო და მთხოვს ცალყბად, მეყო უსაქმოდ ყოფნა, მიშოვე რამე, ჩემი შესაფერი სამუშაო ქალაქის ცენტრში და ნუ ჩააყოლებ ამ მოხუცებს ჩემს ჯავრს საფლავშიო. - მერედა უშველე რამე?! - მეტყვით თქვენ. - ვცდილობ, ბატონო, ვცდილობ, აბა, თქვენ თვითონ უშოვეთ ქალაქის ცენტრში თქვენს ნათესავს მისი შესაფერისი სამუშაო, თუ ადვილია. ამას მოჰყვება ათასჯერ თქმული, ათასჯერ გაგონილი და მოსაბეზრებელი მტკიცება იმისა, რომ რაიონიც საქართველოა, რომ საქართველო თავკომბალას დაემსგავსა, რაკიღა ნახევარი მისი მოსახლეობისა თბილისში ცხოვრობს, რომ ქართველებმა შვილების აღზრდა არ ვიცით, რომ 40 წლის ვაჟკაცებს და დედაკაცებს კვლავ ბიჭს- და გოგოს- ვეძახით, რომ ვანებივრებთ, ხელის, ფეხის განძრევის საშუალებას არ ვაძლევთ, ყველაფერს მზამზარეულს მივართმევთ, რითაც დიდად ვუწყობთ ხელს ზარმაცის, უნდილის, უზრუნველის, ეგოისტის, ბრიყვის, უდარდელის, უსაქმურის, მუქთახორასა და ბოლოს ბოროტმოქმედის აღზრდასა და ჩამოყალიბებას. ეს შეიძლება ცოტა გადამეტებული იყოს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ არც ერთ დედას მსოფლიოში ისე დიდხანს არ ჰყავს შვილი კაბის კალთაზე გამოკერებული, როგორც ქართველ დედას, რატომ? გულჩვილები ვართ? სხვაზე უკეთესი, ფაქიზი, ნაზი, ნიჭიერი და ლამაზი შვილები გვყავს თუ რაშია საქმე? პასუხი ამ კითხვაზე ათასია, მაგრამ რომელი მათგანია სწორი? არ ვაპირებ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ რომ არაფერი ვთქვა, არც ის შემიძლია. დავიწყოთ საქართველოში მოარული, მაგრამ საკმაოდ ჭკუასასწავლებელი ანეკდოტით. თურმე ერთი თბილისელი კაცი ზესტაფონის სადგურში ჩასულა მჭადის და მჟავე პრასის საყიდლად, ვიდრე გამყიდველ ბიჭს ევაჭრებოდა, მატარებელი დაძრულა. - არიქა, გამოიქეცი, არ დარჩე! - უყვიროდნენ დარჩენილს თურმე დაძრული მატარებლიდან. - დარჩეს, ბატონო, რავა, ჩვენ სულ აქანე არა ვართ?! - დაუმ- შვიდებია შეშინებული მგზავრები ბაქანზე მდგომ გლეხს. მართლაცდა, დარჩენილიყო ის დალოცვილი, განა რამხელაა ეს საქართველო, რომ რომელიმე სადგურში დარჩენა, ან რაიონში სამუშაოდ წასვლა, ქალაქის მოწყვეტა ან პროვინციაში ცხოვრება ბევრი ოჯახის უსაშველო ტრაგედიად არის ქცეული. საიდან გაჩნდა ეს კანკალი, ზრუნვა, შიში და ყოვლად უმიზეზო ვაი-ვიში შვილთა ჩვენთა თავსა ზედა?!
ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ათასობით სახელმოხვეჭილი ქართველი გოგონებისა და ვაჟების მშობლები ამიმხედრდებიან, მაგრამ განა მათ შვილებზეა აქ ლაპარაკი? გთხოვთ, სწორად გამიგოთ. რომელ თქვენგანს შეხვედრია ან უნახავს საქართველოში ძუძუმწოვარა მოლაპარაკე ბავშვი?! მე, მე მინახავს და შემხვედრია! არ იფიქროთ, ვუნდერკინდებს ვგულისხმობდე, არა, მე უზომოდ მოსიყვარულე, გულჩვილი და მზრუნველი ქართველი დედების მიერ გაზულუქებულ, განებივრებულ და ცუდად აღზრდილ 4-5 წლის ბავშვებზე მოგახსენებთ, ქალაქადაც და სოფლადაც კუდში რომ დასდევენ დედებს და გულამომჯდარნი ეხვეწებიან, დედაა, ძუძუ მაჭამეო. ჩემი აზრით, ბავშვობიდან შემუშავებული უზნეობისა და უმწეობის ნაყოფია ის ფაქტი, რომ ჩვენს ბავშვებს დამოუკიდებლად არც ქუჩაზე გადასვლა, არც სკოლაში მისვლა, არც წყლის დალევა შეუძლიათ. ამის მიზეზია ისიც, რომ უმაღლესში მისაღებ გამოცდებს მშობელი მეტი ესწრება, ვიდრე აბიტურიენტი, ამის მიზეზია ისიც, რომ ჩვენს შვილებს საერთო ქვაბიდან საჭმლის ჭამა უჭირთ და ფეხი სხვაზე ადრე უცივდებათ თოვლში. ნახეთ, რა ლამაზად არის განმარტებული სიტყვა ავტონომია უცხო სიტყვათა ლექსიკონში - რომელიმე ქვეყნის, მხარის, ოლქის უფლება - ჰქონდეს საკუთარი მართვა-გამგეობა, თვითმმართველობა. ამ სიტყვას, ამ ფორმულას, ამ აზრსა და გრძნობას ეწირებოდნენ კაცობრიობის გაჩენის დღიდან ხალხები, ერები, სახელმწიფოები და სხვადასხვა ეპოქის საუკეთესო ადამიანები. და ეს სიტყვა განა მხოლოდ ოლქის, სახელმწიფოს ან მხარის საკუთრებაა, იგი ადამიანის მოგონილია და, უპირველესად ყოვლისა, პიროვნებას ეკუთვნის. ავტონომია ისე სჭირდება ადამიანს, როგორც მზე, წყალი და ჰაერი. აქვე დავძენ - ადამიანის ავტონომია მის აღვირახსნილობას, უპატრონოდ მიგდებასა და თვითნებობას კი არ გულისხმობს, ადამიანის გონიერებით განჭვრეტილი და სულით განცდილი ავტონომია, უწინარეს ყოვლისა, მის ინიციატივას გულისხმობს, ინიციატივა კი - რაიმე საქმეში ადამიანის თაოსნობას, საჭირო მომენტში დამოუკიდებელი აქტიური მოქმედების უნარს ნიშნავს. ბავშვი ავტონომიას და ინიციატივას პატარაობიდან უნდა შევაჩვიოთ და თანდათან შეუმჩნევლად უნდა აღვზარდოთ მასში ეს შესანიშნავი და ადამიანისათვის ეგზომ აუცილებელი თვისება. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? უკაცრავად კი ვარ ასეთი შედარებისათვის, მაგრამ ზუსტად პინგვინებივით ვიქცევით. პინგვინები ახლად გამოჩეკილ, პატარა პინგვინს რომ დაინახავენ, აღტაცებულნი გარს შემოეხვევიან თურმე და იმდენს ეალერსებიან, იმდენს ეფერებიან, ამ ფერებ-ფერებაში შემოაკვდებათ ხოლმე ჩვილი. შემდეგ, გაუბედურებულები კი იშენენ თავში ხელს - ეს რა მოგვივიდაო, მაგრამ რაღა დროისაა.
საკითხავია, მაშ, რაღად აძლევს სახელმწიფო 16 წლის ბავ შვებს პასპორტს, ნუთუ მხოლოდ იმისათვის, რომ ბავშვის წლოვანება აღინიშნოს შიგ? ამისათვის ხომ მეტრიკა არსებობს. რატომ არ ნიშნავს პასპორტი ჩვენში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მოქალაქეობის უფლებას? ადრეა? თექვსმეტი წლის ბავშვებს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება? კი, ბატონო, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეგრეთ წოდებულ სრულწლოვან 18 წლის ახალგაზრდებს კი ვაძლევთ დამოუკიდებელი ცხოვრების, აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას?! ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, მედლის ერთი მხარეა. ამ მედალს თავისი მეორე მხარეც აქვს, კერძოდ, როდესაც ბავშვს 3 წლის ასაკში პოლიგლოტობა, აინშტაინობა, პიკასოობა, ჩარლი-ჩაპლინობა, მოცარტობა, ბეთჰოვენობა, რუსთაველობა ან პუშკინობა დაბრალდება ხოლმე და იწყება საცოდავი ბავშვის კლუბიდან კლუბში, სასახლიდან სასახლეში გარდამავალ დროშასავით ფრიალი და ტვინის ბარბაროსული ჭყლეტა. მაგრამ ეს უკვე საუბრის სულ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მტკივნეული და სავალალო თემაა, და ჯობს, ამ წერილში ამ თემის გარშემო საუბარზე თავი შევიკავოთ. ისევ ბავშვის ავტონომიასა და ინიციატივას დავუბრუნდეთ. ალბათ ყველა თქვენგანს ახსოვს ისტორიიდან პეტრე პირველის ბავ- შვობა. როგორ იზრდებოდა, როგორ წვრთნიდნენ მას და თავად როგორ წვრთნიდა თავისი თანატოლებისაგან შემდგარ პრეობრაჟენსკისა და სემიონოვსკის თავშესაქცევ პოლკებს, რომლებიც ბოლოს იმდენად მრისხანე ძალად იქცნენ, რომ ტახტიც კი ჩააგდებინეს პეტრეს ხელში. რაღა შორს მივდივართ, ჩვენი სულხან-საბა ორბელიანის `სიბრძნე სიცრუისა გავიხსენოთ. ძნელი დასაჯერებელია, ბაბუაჩემს პეტრე პირველის ბავშვობა სცოდნოდეს, ან ჩემი აღზრდისას სულხან-საბა ორბელიანის, ჟან- ჟაკ რუსოს, უშინსკის და სხვათა პედაგოგიური სისტემით ეხელმძღვანელოს, მაგრამ როდესაც ჩემი თავი ჩააბარეს სოფელში და უთხრეს, უპატრონეო, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სათამაშო, თავშესაქცევი თოხი, მერე წალდი, მერე საწნახელი, გოდორი, გიდელი, ჩაქუჩი, ნამგალი, თოფიც კი გამიკეთა. ნაკვეთიც გამომიყო თავშესაქცევად და სამი წლის შემდეგ 12 წლის ბავშვს, მომაკვდავმა, დამშვიდებულმა ჩამაბარა ოჯახი, მამული და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ...და აჰა, მივადექი იმ მთავარ სათქმელს, რისთვისაც ამდენი ვილაპარაკე, ამდენი ვეწამე და თქვენც გაწამეთ. ჩემი სახლის გადაღმა - მდინარე ვერეს ხეობაში, სწორედ იქ, სადაც ზოოპარკი თავდება, აი, უკვე ორი წელია ვეებერთელა ბელტიყლაპია ექსკავატორი დგას, გრუხუნებს, რკინის ხორთუმს მძლავრად იქნევს, დედამიწას გულ-ღვიძლს უჯიჯგნის და უტრიალებს. ცნობისმოყვარეობამ - ადამიანთა ამ სახელგატეხილმა, მაგრამ ძალიან სასარგებლო გრძნობამ მეექსკავატორესთან მიმიყვანა. გამოირკვა, მდინარე ვერე განსაზღვრულ მანძილზე უნდა გადაიხუროს და ზედ, ამ გადახურულ ტერიტორიაზე ბაღი გაშენდეს. - მერე ნიავი, ჰაერი, ხევი, ჭალა? - ვკითხე მე. - ჰაერი, თორემ ეგეც აბასთუმანია, აქაურობას შმორის სუნი ასდის, მთელი დღე ცხვირი სად წავიღო, არ ვიცი. - მიპასუხა მეექსკავატორემ და ზიზღით გახედა საბრალო ვერეს, ძლივს რომ მიიკვლევდა გზას ნაგავსა, მაზუთსა და სხვა ათასგვარ სიბინძურეში. ჩემი ბავშვობა გამახსენდა 1935-1936 წლებში. ნიკო მარის ქუჩის #2-ის პატარა ბიჭები და გოგოები როგორ ჩავდიოდით მდინარე ვერეს ჭალაში უნივერსიტეტის გადაღმა. ვთამაშობდით, ვჭყუმპალაობდით, ვბურთაობდით, ვთევზაობდით, საათობით ვუცქეროდით დაკოტავებულ ნოხის მრეცხავ ქურთებს, წყალში ჩაფენილ ნოხებს უზარმაზარ კეტებს რომ უზაპუნებდნენ გამეტებით. და თუ მოგვწყურდებოდა, იქვე ვერეს ანკარა წყალსა ვსვამდით, დიახ, დღეს ამ ჩემი მეექსკავატორის მიერ გალანძღულ ვერეს წყალს. საღამოობით ხშირად ნანადირევი თევზითაც კი დავბრუნებულვარ შინ, არც არავინ მიკრძალავდა ამას, არც არავინ მიჯავრდებოდა ამის გამო, პირიქით, ეს თევზი გამოურთმევიათ ჩემთვის, შეუწვავთ და უჭმევიათ კიდევაც. თუმცა იმ პერიოდში არც უპატრონო ვყოფილვარ და, მით უმეტეს, არც მშიერი. ახლა რომ თბილისელ დედას ვინმემ უთხრას: შენი შვილი ვნახეთ, მდინარე ვერეში ბანაობდაო, ამბის მომტანსაც მოკლავს, ბავშვსაც მოკლავს, მერე თავსაც მოიკლავს და ძალიან სწორადაც მოიქცევა. ეს ისე მოგახსენეთ, სხვათა შორის. თუ მართლა მხოლოდ სიბინძურის დასამალავად ვხურავთ ვერეს, ნუ ვიზამთ მაგას, თორემ იმავე მიზეზით, როგორც ამას წინათ სამართლიანად აღნიშნა აკაკი ბაქრაძემ, მალე მტკვრის გადახურვაც მოგვიწევს, შავი ზღვისა თუ არა, მაგრამ არა უშავს, საბედნიეროდ, გადახურულ ვერეზე ბევრი რამ კარგის აშენებას ვაპირებთ და რისი აშენება უფრო მიზანშეწონოლი იქნება მდინარე ვერეს ხეობასა და ასაღებად გახაზირებულ სახლებით მოფენილ, საბურთალოს პირაქეთა ფერდობზე.
მოგეხსენებათ, სიცოცხლის გაჩენის დღიდან ადამიანები მდინარის გადახურვას კი არა, სულ იმას ცდილობდნენ, როგორმე მდინარის პირას დასახლებულიყვნენ, რათა მისი დაუშრეტელი სიკეთით, თევზით, ნოყიერი ჭალით, წყლით, ნიავით, შლამით, ქვით, ღორ ღით ესარგებლათ. ამ და ბევრ სხვა მიზეზთა გამო აშენდა თბილისი მტკვრის პირას, და სიგანეში კი არ წავიდა, სიგრძეში გაიზარდა, მაცოცხლებელ მტკვარს რომ არ მოსწყვეტოდა, რადგან მდინარე ქალაქისათვის არტერიაც არის და ფილტვიც. ეს ჩვენი დალოცვილი ვერეს ხეობაც ხომ ბეთანიიდან მონაბერი თავისი გრილი ნიავით ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პაპანებაში მაცხოვრებელი ფილტვია თბილისისა, ჰოდა, ამ სასტიკი ურბანიზაციის პერიოდში, შეიძლება ისედაც ფილტვებდაჩრდილულ ქალაქს ერთერთი ფილტვი დაუხურო? - მე მგონი, არ ივარგებს. ჩვენ, ქართველები, ცოტა წამხედური ხალხი ვართ. უცებ, დაუფიქრებლად ვიცით ხოლმე სხვისი აზრის, საქმის თუ სიტყვის გადმოღება. ერთხელაც იყო ასეთმა წამხედურობამ ჩვენს მარჩენალ ალაზნის ველზე ვაზი კინაღამ ამოგვაძირკვინა და სიმინდი კინა ღამ დაგვათესინა. მეორედ კი, მთელ საბჭოთა კავშირში ღობეების წინააღმდეგ გამართული კამპანიის დროს, სხვისი წამხედურობით, თბილისელებმა ყველაზე ადრე ზოოპარკს მოვხსენით ღობე და მერე მახსოვს, ერთი კვირა ვემალებოდით გალიიდან გამოპარულ მშიერ ლომს. მეც ასეთ წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? მე უკვე ვხედავ თქვენს სახეზე უნდობლობითა და ირონიით სავსე ღიმილს, მაგრამ ნუ აჩქარდებით, ამდენ ნალაპარაკევსა და ნაფიქრალს ნუ გადამიყრით ნაგავივით მდინარე ვერეში, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ... რა იქნებოდა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქი „მზიური“ აგვეშენებინა თავისი თავშესაქცევი ქალაქის საბჭოთი და ქალაქის მერით, ქარხნებით, საამქროებით, ჰერბარიუმებით, ლაბორატორიებით, ყანებით, ბაღჩებით, ვენახებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებით, ტრანსპორტით, გვირაბებით, ხიდებითა და სადგურებით, თავისი მატარებლით, რომელიც ივლიდა შესანიშნავი ისტორიული მარშრუტით (თბილისი-ბეთანია), თავისი დასასვენებელი სახლებით, სანატორიუმებითა და კლინიკებით. გაიხსენეთ, რამდენი ხელმოკლე მოქალაქის ფერმკრთალი ბავშვი დადის ზაფხულობით თბილისის ქუჩებში, ეს ჩვენი ოცნების ქალაქი კი ათასობით ბავშვს დაიტევს და მოათქმევინებს სულს ზაფხულობით. ათასობით ბავშვს მოუტანს სიხარულს, ბედნიერებას; ხალისით, სიჯანსაღით და მადლიერებით აავსებს მათ პატარა გულებს ეს ქალაქი, იქნებ ნოვოსიბირსკის აკადემგოროდოკის მსგავსი და უფრო სრულყოფილი ქალაქიც ყოფილიყო, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, ყოველმხრივ შემკული მოქალაქეები გაიზრდებოდნენ. ყველა თაობა რაღაც სამახსოვროს უტოვებს თავის მომდევნო თაობებსა და შთამომავლობას - და არა მხოლოდ მუზეუმში გამოსაფენი ისტორიული ექსპონატებით. ეს შეიძლება უბრალო კარუსელიც იყოს, მაგრამ ისეთ დროს და ისეთ ადგილას დადგმული და დატრიალებული, რომ ბავშვს სიკვდილამდე დაამახსოვრდეს. ამას ყველაფერს პიონერთა სასახლე აკეთებსო, შეძლებისდაგვარად, იტყვით თქვენ. დიახ, აკეთებს და საკმაოდ კარგადაც, მაგ რამ იქ სხვა მასშტაბებია. ესეც არ იყოს, პიონერთა სასახლე მაინც სათბურია. რა დასამალია და ხშირად პიონერთა სასახლის ბავ შვებმა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში კაუზატურ ზმნა თა რხევის ამპლიტუდა უკეთ იციან, ვიდრე საკუთარი შიშველი ფეხიდან ეკლის ამოღება. მე ხშირად შევხვედრივარ პიონერთა სასახლის აღზრდილ ბავ შვებს. ისინი უფრო ციდან ჩამოფრენილ ფერიებს ჰგვანან, ვიდრე ბუდიდან აფრენილ მართვეებს. ჩვენ კი სწორედ მიწიდან ცაში აფრენილი ახალგაზრდობა გვჭირდება და არა ციდან ჩამოცვენილი. არც ისაა დასამალი, რომ ამ უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე, ზოგიერთი უკეთური მშობლის უსაქციელობის გამო, ბევრი ბავშვის ფსიქიკა მოწამლულია და ტრამვირებული. ბევრი ბავშვი ცხოვრებას მრუდე სარკეში ხედავს, ამიტომ ბავშვთა აღზრდის საქმე გადაუდებელი და #1 პრობლემაა. ნუ დავიკარგებით ბავშვთა აღზრდის საკითხ ში სკოლასა და ოჯახს შორის ატეხილი გაუთავებელი დავის უღრან ტყეში. სკოლასა და ოჯახს შორის, თავშიც და ბოლოშიც, წინაც და უკანაც, ყველგან ჩვენ ვართ. მე ბევრი ვესაუბრე ამ საქმის მცოდნე ადამიანებს. ბევრი არქიტექტორი, ინჟინერი, მხატვარი, მოქანდაკე, ეკონომისტი, ქვითხურო და კირითხურო მზად არის უსასყიდლოდ ემსახუროს ამ საშვილიშვილო საქმეს. ზოგიერთმა ფრიად პასუხისმგებელმა პირმა ისიც კი მითხრა, თუ საჭირო იქნება, ასეთი კარგი საქმისათვის სახსრები ყოველთვის გამოინახებაო. სწორედ მათმა ოპტიმიზმმა გამათამამა და განმაწყო ამ წერილის წერად. ლ. ტოლსტოი ამბობდა, თუ ადამიანები იმ სახსრებს, რომლებიც დამნაშავეთა დასასჯელად იხარჯება, თავის დროზე ადამიანის აღზრდას მოვახმართ, დანაშაული არ იქნებაო. ეს აზრი შეიძლება სულ მთლად სწორი არ იყოს, მაგრამ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება ღირს. ...და ისევ თავიდან თქმულს რომ დავუბრუნდე, ბევრ უსაქმურ და რუსთაველის გამზირზე უაზროდ მოხეტიალე ახალგაზრდას გაუჩნდება ბოლოს და ბოლოს ქალაქის ცენტრში მისთვის შესაფერისი სამუშაო. ბევრს, ამ წერილის წამკითხველს, ალბათ, გაეღიმება. დუმბაძემ როგორ გააიოლა საქმე, ძაღლისა და მამლის არ იყოს, ქალაქიც ააშე ნა, სახელიც დაარქვა და შიგ დასახლდა კიდევაცო. არა უშავს, ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ის ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენთაგანის გულმოდგინე მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიური ქალაქის პირველი ხანდაზმული მოქალაქე. შეიძლება ეგ საქმე არც ისე იოლი იყოს, როგორც მე დავხატე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ჩვენ დავამთავროთ, მთავარია ჩვენ დავიწყოთ. დიდი ილია ამბობდა, კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, ერთი აქ დასარჩენი, მეორე კი თან წასაყოლიო. ის მეორე, თანწასაყოლი სახელი ჩვენმა მადლიერმა შვილებმა უნდა დაგვაწერონ საფლავის ქვებზე. ოღონდ ის სახელი ჭეშმარიტი უნდა იყოს, რადგან მოგონილი სახელი კაცს არც აქ და არც იქ არ გამოადგება




მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს