გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
თეა ფირცხალავას ბლოგი:
„Однажды русский генерал
Из гор к Тифлису проезжал...“
ლერმონტოვის ამ ნათქვამს, რომელმაც, რატომღაც, ბენჯამენ ღლონტის ბუბასეული ნამღერი გამახსენა, გიორგი დანელიას შედევრიდან „არ დაიდარდო, ნამდვილად არაფერი აქვს საერთო დღევანდელ იუბილართან, გეორგ ვილჰელმ ტიმთან, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ლერმონტოვიც და ტიმიც ერთსა და იმავე წლებში მოღვაწეობდნენ, ერთმანეთს იცნობდნენ, ორივემ იმოგზაურა საქართველოში, ორივემ დახატა თბილისი და ორივემ თავისებურად, მაგრამ გულწრფელად „უმღერა“ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას:
„Внизу Арагва и Кура,
Обвив каймой из серебра
...Бежали дружно и легко.“
მოგეხსენებათ, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, თავისი მისტიური ბუნებით, დიდებული მთაგრეხილებით, მარადჟამს დათოვლილი მწვერვალებით, მრისხანე კლდეებით, მთის მდინარეებით, ანკარა წყაროებით, საოცარი ხეობებით, სარკისებრი ტბებით და, რაც მთავარია, მამაცი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხებით, თვითმყოფადი კულტურით, ტრადიციებითა თუ სამოსით, რაც ოდითგან იზიდავდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა შორის იყო გეორგ ვილჰელმ ტიმიც და... ლერმონტოვი, რომელიც ბევრს წერდა საქართველოზე:
„И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опасаяся врагов,
3а гранью дружеских штыков.“
ახლა დადგა დრო, წარმოგიდგინოთ ბევრისთვის უცნობი ხელოვანი და ძალზე საინტერესო პიროვნება გეორგ ვილჰელმ ტიმი, იგივე ვასილი ტიმი, იგივე ვილჰელმ ტიმი, რომელმაც 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა. იგი გახლდათ გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი, კარიკატურისტი, ლითოგრაფი, ბატალისტი, პორტრეტისტი და ისტორიული ჩანახატების და ფაიფურის მოხატვის ნამდვილი დიდოსტატი, აგრეთვე ხელოვნების საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსი და თავისი ეპოქის ყველაზე პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალის, „რუსული სამხატვრო ფურცლის“ დამფუძნებელი, რომელიც კვირაში სამჯერ გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში და რეგულარულად ბეჭდავდა სახელგანთქმული ხელოვანების, მათ შორის ივან აივაზოვსკის, გრიგორი გაგარინის, მიხაი ზიჩის, ადოლფ შარლემანის, ლევ ლაგორიოს და სხვა ცნობილი ადამიანების ნამუშევრებს.
გეორგ ვილჰელმ ტიმი ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა კავკასიაში. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ხელოვნების საიმპერატორო აკადემიის პრეზიდენტის თხოვნით, კავკასიის იმდროინდელმა მეფისნაცვალმა, მიხაილ ვორონცოვმა მხატვარს ორცხენიანი ეტლი გამოუყო კავკასიასა და თბილისში სამოგზაუროდ
დღეს შემოგთავაზებთ გეორგ ვილჰელმ ტიმის რამდენიმე ცნობილ და უცნობ ნამუშევარს საქართველოს, კავკასიის და ალჟირის ციკლიდან, მათ შორის ლითოგრაფიებს და ფაიფურსა და კერამიკაზე შესრულებულ რამდენიმე მოხატულობას. რაც შეეხება თბილისის ციკლს, იმ ნამუშევრებში კარგად იკითხება იმდროინდელი ქართული არქიტექტურა, ტიპაჟები, ჩაცმულობა, იარაღები, ყოფითი ატრიბუტიკა და ყოველდღიურობა, რასაც ტიმი ნატურიდან ხატავდა, შემდეგ მათ ლითოგრაფიებსაც ქმნიდა და თავის ჟურნალში აქვეყნებდა.
დაუღალავმა მუშაობამ სერიოზულად გააუარესა გეორგ ვილჰელმ ტიმის მხედველობა. 1867 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, სადაც ექიმებმა მხედველობა დაუბრუნეს. მას შემდეგ, ფერწერისა და გრაფიკის პარალელურად, ტიმი გამოყენებით-დეკორატიულმა ჟანრმა გაიტაცა და ფაიფურისა და კერამიკის ნაკეთობების ემალის საღებავებით მოხატვა დაიწყო. იგი ქმნიდა თეფშების, ლარნაკების, ჭიქების, დოქების და ვაზების ესკიზებს და იწერება, რომ მას ამოუწურავი ფანტაზია ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მის ნამუშევრებს სიამოვნებით იძენდნენ სამეფო ოჯახები, კერძო კოლექციონერები და მუზეუმები. მალე გეორგ ვილჰელმ ტიმი ბერლინის ფაიფურის ქარხნის მთავარი მხატვარი და პრუსიის სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა.
მანამდე კი... ყველაფერი ასე დაიწყო:
გეორგ ვილჰელმ ტიმი, რომლის წინაპრები გერმანელები იყვნენ, დაიბადა 1820 წლის 21 ივნისს, დღევანდელ რიგაში. მამამისი იყო ქალაქის ბურგომისტრი და ხელოვნების დიდად დამფასებელი ადამიანი. მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ევროპელი მუსიკოსები, კომპოზიტორები და მომღერლები. იწერება, რომ 1832 წელს ტიმების ოჯახს სტუმრობდა რიჰარდ ვაგნერი, რომელიც იმ დროს რიგის მუსიკალური თეატრის დირიჟორი იყო, ხოლო 1842 წელს - ფერენც ლისტი, რომელიც კონცერტებს მართავდა რიგაში.
გეორგ ვილჰელმ ტიმი ბევრს მოგზაურობდა. იგი პერიოდულად ცხოვრობდა რიგაში, სევასტოპოლში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, პარიზში, ალჟირში, კავკასიაში და გერმანიაში. მისი ნამუშევრები იფინებოდა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე „პარიზული სალონი“, აგრეთვე ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე და ა.შ. დღეს ტიმის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
75 წლის გეორგ ვილჰელმ ტიმი გარდაიცვალა 1895 წელს, ბერლინში. ათ წელიწადში მხატვრის მეორე ნახევარმა, ემილია ტიმმა მეუღლისგან დარჩენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი, ხელნაწერები და ნივთები რიგის ხელოვნების მუზეუმს გადასცა და მალევე გარდაიცვალა. მის მიერ დაწყებული საქმე ემილიას ძმის შვილმა, ელერტ ნიკოლაუს პფაბმა გააგრძელა. კატალოგების გაყიდვიდან და გამოფენებიდან შესული თანხებით იგი აფინანსებდა კონკურსებში გამარჯვებული ნიჭიერი მხატვრების, სკულპტორების, ფერმწერებისა და ოქრომჭედლების სტაჟირებებს საზღვარგარეთ.
აქვე გეტყვით, რომ გეორგ ვილჰელმ ტიმის მეუღლეს და ღვიძლ დას ერთი და იგივე სახელი ჰქონდათ, რის გამოც ისინი დღესაც ხშირად ერევათ ერთმანეთში. გეორგ ვილჰელმ ტიმის და - ემილია ტიმი გახლდათ დიდი რუსი ფერმწერის, კარლ ბრიულოვის მეუღლე.
და ბოლოს, 2013 წელს „რუსული სამხატვრო ფურცლის“ ლითოგრაფიების სრული კომპლექტი, ძველებური ყდებით, დაახლოებით სამ მილიონ რუბლად შეფასდა.




მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს