სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“

რუსული პრესა, ტრადიციულად, ყურადღებას უთმობს საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებებს, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება. გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ («Московский комсомолец») აქვეყნებს სტატიას სათაურით „უძღები ექს-პრეზიდენტის დაბრუნება? მიხეილ სააკაშვილი ქართველებს სიღარიბის დაძლევას დაპირდა“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

 

„როგორც ცნობილია, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდება იმ მიზნით, რომ მშობლიურ ხალხს სიღარიბიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს. იგი დარწმუნებულია, რომ დაბრუნებას ხელს ვერაფერი შეუშლის. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ის, რომ მიმდინარე წლის შემოდგომით საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს, რომლის შედეგად, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის, კერძოდ, თავისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ელოდება.

 

რამდენად სერიოზულია ექს-პრეზიდენტის გეგმები?

 

„მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ სთხოვა ექსპერტ-პოლიტოლოგებს, რომ კომენტარი გაუკეთებინათ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.

 

ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტის კავკასიის სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი:

 

„საქართველოს ექს-პრეზიდენტს ესმის, რომ მისი პერსონის მიმართ ინტერესი მცირდება და ამიტომ ცდილობს კვლავ დაიბრუნოს [ქართული] საზოგადოების ყურადღება. უფრო ადრე მიხეილ სააკაშვილმა თავის ქვეყანას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმი უწინასწარმეტყველა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, კატაკლიზმი არ მომხდარა. უფრო მეტიც - კრიზისმა თვითონ ექს-პრეზიდენტის პარტია იმსხვერპლა, რომელიც თავის დროზე ცალკეულ ორგანიზაციებად გაიყო. ამჟამად ისინი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილის გავლენა საქართველოში თანდათან კლებულობს.

 

მისი განცხადება სამშობლოში დაბრუნების თაობაზე უფრო განზრახვის დეკლარირებას ჰგავს. გავიხსენოთ, რომ მას მსგავსი რამ არაერთხელ უთქვამს, მაგრამ დაპირება არ შეუსრულებია. ამ დროს კაცს ერთი ქართული იგავი გაახსენდება - მწყემსი ბიჭისა და მგლების შესახებ, რომელმაც ბევრჯერ იცრუა, მგელი მოდისო და ბოლოს, როცა სიმართლე თქვა და მგლები მართლაც ცხვრის ფარას დაერივნენ, არავინ ყურადღება აღარ მიაქცია. სწორედ ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც - მის განცხადებებს ეჩვევიან...

 

სხვათა შორის, ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური კაპიტალი ძირითადად საქართველოშია და თუ იგი იქ არ ჩავა, საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად იქცევა. მაგრამ რას იზამს, როცა მისი დაბრუნება პრობლემატურია? იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა სამშობლოში, თუ იქ მმართველი ელიტა შეიცვლება. ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა კარგად იცის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მას გარანტირებულად საპყრობილეში ჩასვამს“.

 

ვლადიმერ ნოვიკოვი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი:

 

„მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას. მას იმედი აქვს, რომ განცხადება სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ის დამატებითი ფაქტორი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დესტაბილიზებას. კაცმა რომ თქვას, დღეს სიტუაცია საქართველოში არცთუ მთლად მშვიდია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

 

პირველი - შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს. რამდენიმე თვის წინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ევროკავშირის ჩარევით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თუ მმართველი პარტია მასში ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება (მთარგმნ. შენიშვნა: მმართველმა პარტიამ ორი დღის წინ შეთანხმების შესრულებაზე უარი განაცხადა), თანაც ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ შექმნილი ახალი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ მდგომარეობას ართულებს.

 

მეორე მომენტი - საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი, რაც ხელისუფლებას, ფაქტიურად, მოქმედების ორ ვარიანტს უტოვებს: ან ლოქდაუნი გამოაცხადოს, ან მოითმინოს. რა თქმა უნდა, ვერცერთ ვარიანტს კარგს ვერ უწოდებ.

 

ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საეჭვოა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ვფიქრობ, ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს