"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჭადრაკის პიონერს ნონა გაფრინდაშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს და აცხადებს, რომ „ლაზიერის გამბიტში“ იგი არასწორადაა წარმოჩენილი“ (ავტორი მეთ სტივენსი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

 

„კომპანია Netflix-ის ძალზე პოპულარულ სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში კომენტარია გაკეთებული მოსკოვში გამართულ კულმინაციურ საჭადრაკო მატჩის შესახებ, რომელშიც სერიალის მთავარი გმირი ბეტ ჰარმონი (მის როლს მსახიობი ანა ტეილორ-ჯოი ასრულებს) მონაწილეობს: „ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა ის ერთადერთი არაა. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა იგი არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეს”.

 

სერიალში ბევრი რამ გამოგონილია, მაგრამ რეალურად არსებობს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის, სახელად ნონა გაფრინდაშვილი - პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. ამჟამად იგი 80 წლისაა და საქართველოში, თბილისში  ცხოვრობს. მისთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის გაგება, რომ სატელევიზიო სერიალში ხაზი აქვს გადასმული მის მრავალრიცხოვან წარმატებებს ჭადრაკის თამაშში მამაკაც-მოწინააღმდეგეებთან (სხვათა შორის, 1968 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასე ჟღერს: „ჭადრაკი: მის გაფრინდაშვილი 7 მამაკაცს ამარცხებს ძლიერთა ტურნირში“ - “Chess: Miss Gaprindashvili Beats 7 Men in a Strong Tourney”).

 

ამიტომაც ხუთშაბათს ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა სარჩელი შეიტანა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს -ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში და ითხოვს მილიონობით დოლარს მიყენებული [მორალური] ზიანის ასანაზღაურებლად. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალში ნაჩვენებია „დამანგრეველი სიცრუე მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის, რითაც გაბათილებულია  მისი მიღწევები“. ნონა გაფრინდაშვილი ასევე ითხოვს, რომ ფილმიდან ამოღებული იქნას ის ეპიზოდი, სადაც ნათქვამია, რომ მას არასოდეს უთამაშია ჭადრაკი მამაკაცებთან.

 

Netflix-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს  ნონა გაფრინდაშვილს, მაგრამ თვლის, რომ მისი სარჩელი უსაფუძვლოა: „ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ვთვლით, რომ მის მტკიცებულებები უსაფუძვლოა. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეში თავს ენერგიულად დავიცავთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

როგორც 25-გვერდიან სარჩელშია აღნიშნული, ნონა გაფრინდაშვილი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში ნამდვილად იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა იმ ტურნირებში, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მამაკაცებს შორის იმართებოდა (სერიალში ნაჩვენებ დრომდე). სარჩელში ნათქვამია, რომ ფრაზამ „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეს” ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს პროფესიული ზიანი მიაყენა, რადგან იგი ახლაც აგრძელებს საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობას.

 

„ეს შეურაცხმყოფელი იყო, რადგან თითქმის მთლიანად გადაესვა ხაზი ჩემს ცხოვრებას... ისე გამოდის, რომ თითქოსდა არაფერი არ მომხდარა“ , - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა ერთსაათიან ინტერვიუში, რომლის დროსაც მან ენთუზიზმით გაიხსენა თავისი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებები საჭადრაკო მატჩებში.

 

სარჩელის თანახმად, Netflix-მა თავხედურად და წინასწარგანზრახულად იცრუა ნონა გაფრინდიშვილის მიმართ, ცინიკური მიზნით, ფილმში „მეტი დრამატიზმის“ შესატანად, რომ მის მიერ გამოგონილმა გმირმა შეძლო ის, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, ნონა გაფრინდაშვილის ჩათვლით“.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ისტორია, რომელსაც ქალები უნდა შთაეგონებინა ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატებით მსოფლიო დონის მამაკაც-მოწინააღმდეგეებზე, Netflix-მა პირიქით გამოიყენა - დაამცირა ერთადერთი რეალურად არსებული მოჭადრაკე ქალის წარმატებები, რომელიც ნამდვილად იმარჯვებდა მსოფლიო დონის მოჭადრაკე მამაკაცებზე იმ ეპოქაში“. იქვე ისიცაა ნათქვამი, რომ Netflix-მა თვითონ შეცვალა იმ წიგნში მოხსენიებული ფრაზა, რომლის საფუძველზეც ფილმი იქნა გადაღებული. სარჩელში ასევე საუბარია ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო მიღწევებზე.

 

„მე ემოციურად ბევრ რამეს ვუძლებ და ვერავინ ვერაფერს მავნებს, მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის ერთდროულად საკვირველიც იყო და დამამცირებელიც“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი და აღნიშნავს, რომ მოჭადრაკე ქალის დიდოსტატად აღიარება უკვე არის მისი მემკვიდრეობის ნაწილი, თუმცა, ალბათ, ეს სასამართლო პროცესიც ასევე მისი მემკვიდრეობის ნაწილი გახდება. მისი თქმით, მან ბრძოლა დაიწყო, რასაც გააგრძელებს კიდეც“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“