"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
"სტარბაქსი" საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს"-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
„სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„სტარბაქს"-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
Saleh Alshaya, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი Alshaya Group-ში:
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს" წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქს"-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში."
Duncan Moir, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:
„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით."
მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი:
„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს"-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას."
ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას, როგორიც სტარბაქსია. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის", არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში".
ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით."სტარბაქს"-ის საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას".
Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს"-ის 2,000 მაღაზიაა.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.
მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა