"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
„რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებია აარონ მილერი (კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) და დენიელ კურცერი (აშშ-ის ყოფილი ელჩი ეგვიპტეში და ისრაელში). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანზე გაიმარჯვონ: მათ იმედი ჰქონდათ, რომ ირანის ხელისუფლებას სწრაფად დაამარცხებდნენ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ - რამდენიმე ირანელი კიმ ჩენ ინი მიიღეს“.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე მესამე თვეა გრძელდება. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საერთაშორისო კონფლიქტების საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ სამ-ოთხ თვეს შეადგენს (ხაზს ვუსვამთ - „საშუალო ხანგრძლივობა“, რადგან კონკრეტული ომები, მათ შორის მსოფლიო ომები წლობითაც გრძელდებოდა). ჯერ-ჯერობით არაფერი ნიშანი არ არის იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი დასასრულს უახლოვდება. უფრო მეტიც - სრულიად შესაძლებელია, რომ ომი ახალ ფაზაში გადავიდეს: იმედები, რომ მისი მოგვარება მოლაპარაკებით შეიძლება, უკვე იწურება.
ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი კორექტივების შეტანა ჩამოყალიბებული ხედვების სისტემაში. ნაცვლად სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა, ეს ომიც შეიძლება უეცრად შეჩერდეს, რითაც საფუძველს ჩაუყრის აშშ-ირანის დაპირისპირების შემდგომ ეტაპს, როგორც არაერთხელ მომხდარა ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
მიმდინარე მომენტი ხუთი ფაქტით განისაზღვრება:
პირველი - გაურკვეველი ჩიხი
მართალია, ამერიკას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ირანს მოელაპარაკება, მაგრამ ჩიხი, რომელშიც მთელი რეგიონია შესული, სრულიად შესაძლებელია ახალ ნორმად იქცეს. ირანი ტკივილს აყენებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს იმით, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკირება მოახერხა. ამერიკული კონტრბლოკადა, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს თვითონ ბლოკადის მომწყობ ირანზეც. მაგრამ არც ეკონომიკური სანქციებმა და არც სამხედრო ესკალაციამ წარმატება ვერ მოიტანა - ვერც ბრძოლაში და ვერც მოლაპარაკების დროს. თეთრმა სახლმა უარყო ირანის წინადადება გახსნას სრუტე აშშ-ის კონტრბლოკადის მოხსნის საპასუხოდ, დიალოგის დაწყების მიზნით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ყველას, ვინც კი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ირანის ურთიერთობებს ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეს თანმიმდევრობა ნაცნობად მოეჩვენება: პოლიტიკური კონფლიქტი, სამხედრო შეტაკება და დროებითი ზავი. რასაკვირველია, ამჟამინდელი სიტუაცია, ადრინდელთან შედარებით, განსხვავებულია და მეტი სიმწვავით გამოირჩევა.
ირანის მმართველი რეჟიმი, დიდი ალბათობით, გადარჩება, მაგრამ გახდება ნაკლებად პროგნოზირებადი და უფრო მეტად რადიკალური. ვერ მოხერხდება ვერც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, თუმცა თეირანს მეტი დრო და სახსრები დაჭირდება მის აღსადგენად და გასაგრძელებლად. ირანის მოკავშირეები, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ჩათვლით, მხოლოდ დასუსტებულნი არიან და არა ლიკვიდირებულნი. იმენელი ჰუსიტები კვლავ ემუქრებიან ნაოსნობას წითელ ზღვაში.
რასაც დღეს ყველაზე მეტად ხედავს და გრძნობს ადამიანი, ეს არის ობიექტური რეალობა: ოპერაცია „ეპიკურმა მრისხანებამ“ ირანი დაასუსტა, მაგრამ იმავდროულად კიდეც გააბოროტა. ახლა ირანის ხელმძღვანელობა სხვა არაფერზე არ დათანხმდება, თუ არა კონფლიქტის მკაფიო და საბოლოო მოგვარებაზე - რასაკვირველია, თავის სასარგებლოდ. აშშ-მა და ისრაელმა მოწინააღმდეგეს ძლიერი დარტყმა კი მიაყენეს, მაგრამ ეს დარტყმა ირანის დამამარცხებელი მაინც არ აღმოჩნდა. მათ მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღქწიეს და არა სტრატეგიულ გამარჯვებას. ეს სრულიადაც არ არის ქრესტომათიული ფორმულა - „გარეცხე, გაავლე და თუ საჭიროა, კიდევ გაიმეორე“. აშშ და ირანი ორივე აცხადებენ, რომ რაუნდი მოიგეს, მაგრამ ისევ და ისევ, ეს მხოლოდ რაუნდის მოგებაა და არა მთლიანად ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება. ეს ის რაუნდია, რომელსაც სხვაც მოჰყვება.
მეორე - არ არსებობს შეთანხმების პერსპექტივა
შექმნილ სიტუაციაში გასაკვირი არაფერი არ არის. ირანთან მომგებიანი გარიგების დადება შეუძლებელია: ჰოლივუდური „ჰეპი-ენდი“ ამ შემთხვევაში გამორიცხულია. სწორედ ამიტომ აშშ-ის მთელი რიგი ადმინისტრაციები ათწლეულების განმავლობაში - ორივე პარტიიდან - უფრო რეალისტური პოლიტიკური და სამხედრო შეთანხმებების დადებას ცდილობდნენ. 2015 წელს ხელმოწერილ ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას თავისი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ ის მაინც აბრკოლებდა ირანის ბირთვულ პროგრამას და მაქსიმალურად აჭიანურებდა ბირთვული იარაღის შექმნას თეირანის მიერ. დღეს კი აშშ-მა განგებ გადადგა ნაბიჯი და სიტუაცია მკაცრ რეალობამდე მიიყვანა.
ირანის ხელმძღვანელობა რეპრესიულ და ავტორიტარულ კლერიკალურ რეჟიმს წარმოადგენს, რომელიც მტკიცედ იცავს იდეოლოგიურ ლოზუნგს - „სიკვდილი ისრაელს და ამერიკას“. თეირანს ძველებურად აქვს გადაწყვეტილი გააფართოვოს გავლენა თავისი მოკავშირეებისა და მარიონეტების მეშვეობით. ის არ არის დაინტერესებული აშშ-სთან ურთიერთობის შეცვლაში. ორთვიანმა ომმა ირანი კიდევ უფრო გააბოროტა და სურვილი მოუსპო ისეთ გარიგებაზე დათანხმებისა, რომელიც მის ხელისუფლებას დაასუსტებს. დღეს ნაკლებად სავარაუდოა ისეთი შეთანხმება დაიდოს, როგორიც 2015 წლის 14 ივლისს ბარაკ ობამამ გააფორმა და რომელიც დონალდ ტრამპმა 2018 წლის 8 მაისს დაარღვია.
მესამე - ვაშინგტონმა ინიციატივა დაკარგა
მწარე ირონია იმაშია, რომ ამ ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი გახდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც ირანმა მიიღო და არა დონალდ ტრამპმა. ისარგებლა რა გეოგრაფიული ფაქტორით, პოლიტიკური და ფინანსური მოგების იმედით, ირანი განწყობილია, რომ აღნიშნული ბერკეტი სამუდამო გახადოს. თეირანი უარს არ იტყვის თავისი „პანამის არხის“ გაკონტროლებაზე, სამიდღემშიოდ და მუქთად.
შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე სამოქმედო ვარიანტიღა რჩება, რომლებიც ერთმანეთზე უარესია: შეინარჩუნოს მოქმედი ბლოკადა იმ იმედით, რომ ირანი რაღაცას დათმობს და მისი სიმტკიცეს „ბზარი შეეპარება“; დაიწყოს მსხვილი სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ოპერაცია ირანული ბლოკადის მოხსნისა და სრუტეში მუდმივად ყოფნის მიზნით, რათა ირანმა თავისი განზრახვის განხორციელება ვეღარ გაბედოს, ან დადოს ირანთან შეთანხმება მხოლოდ სრუტის გახსნისათვის, სხვა საკითხების მოგვარება კი სამომავლოდ გადადოს. სხვათა შორის, ბრიტანულმა „როიტერმა“ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა ანალიზს უკეთებს სავარაუდო ნაბიჯს: თუ აშშ ცალმხრივად გამოაცხადებს გამარჯვებას, როგორ რეაქციას გამოავლენს ირანი, მაგრამ ჯარების ცალმხრივი გამოყვანა საეჭვოა.
ყველა ამ ვარიანტს ერთმანეთთან „ანათესავებს“ ერთი სამწუხარო რეალობა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინიციატივა დაკარგა. დღეს ამერიკა ირანის თამაშის წესებით თამაშობს. ამერიკას მოუწევს იმის აღიარება, რომ ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია.
მეოთხე - ბენიამინ ნეთანიაჰუს ფაქტორი
როგორც როლსაც არ უნდა ასრულებდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის წამოწყებაში, გადამწყვეტ გავლენას იმაზე, თუ როგორ დასრულდება კონფონტაციის ეს რაუნდი, იგი ვერ მოახდენს. იმავდროულად ისრაელს შეუძლია უზრუნველყოს აშშ-ირანის კონფლიქტის გაგრძელება ამა თუ იმ ფორმით.
კაცმა რომ თქვას, ირანთან მიმართებით აშშ-სა და ისრაელს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ ერთ რამეში ისინი ისე განსხვავდებიან, როგორც მარსი და ვენერა: ისრაელისათვის ბირთვული ირანი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, ამერიკას კი ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად აღელვებს. თუ ამას ირანის მარიონეტებს - „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ დავუმატებთ, მაშინ სანამ ირანის რეჟიმი იარსებებს, მანამ ისრაელისთვის საფრთხე მუდმივად იქნება. ამიტომაც ისრაელი ირანის საკითხთან მიმართებით, გარკვეული აზრით, წარმოადგენს „კუდს, რომელიც ძაღლს აქიცინებს“ და არა პირიქით.
იმავდროულად ისიც ჭეშმარიტებაა, რომ არაფერი ამ წუთისოფელში მუდმივი არ არის. ამჟამად ნდობა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის „მოსადის“ მიმართ საკმაოდ შერყეულია - მათ ხომ სწრაფი ომის დაპირება დადეს ირანის რეჟიმის გასანადგურებლად!? გარდა ამისა, ისრაელის უწყვეტმა დაბომბვებმა ლიბანის წინააღმდეგ და „ცაჰალის“ პერიოდულმა შეჭრებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება დონალდ ტრამპის ნერვებზე იმოქმედოს - აშშ-ის პრეზიდენტს ისედაც ძალიან რთული თავსატეხები აქვს მოსაგვარებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
მეხუთე - ირანის უპირატესობა
ცნობილმა პოლიტოლოგმა უილიამ ზარტმანმა წამოაყენა თეორია, რომლის თანახმად, კონფლიქტის დარეგულირების შანსები მით უფრო მაღალია, როცა მოწინააღმდეგეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ამ დროს ორივე მხარე დიდ ზიანს განიცდის. ანუ როცა არცერთ მხარეს არ შეუძლია გამარჯვების მიღწევა, კონფლიქტის შედეგები კი ორივესთვის ძალიან მტკივნეულია, ისინი იწყებენ გამოსავლის ძიებას და იძულებულნი ხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდნენ. სწორედ მაშინ მწიფდება დეესკალაციის პოტენციალი. მაგრამ ახლა სიტუაცია უილიამ ზარტმანის თეორიისაგან გასნხვავებულია: ირანიც და ამერიკაც თვლიან, რომ უპირატესობა მათ მხარეზეა და ისინი მზად არიან ჯიუტად გაფლანგონ ძალა და ენერგია ომის გასაგრძელებლად. არცერთი მხარე არ ცდილობს შექმნილ სიტუაციაში დიპლომატიური გამოსავალი იპოვოს.
მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებად. ასეთ შემთხვევაში იქმნება გადამწყვეტი ასიმეტრია, რომელიც თეირანს უპირატესობას აძლევს. დიახ, ირანმა დიდი დანაკარგები განიცადა ჩვეულებრივ შეიარაღებაში, მისი ბირთვული გეგმა-ამბიციების რეალიზება შეჩერდა - დიდი დრო და თანხები დაჭირდება ატომური პროგრამის გაგრძელებას. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: გამარჯვების ირანისეული ვარიანტი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმმა თავი გადაირჩინა და ჰორმუზის სრუტის გაკონტროლების ბერკეტი შეინარჩუნა. დონალდ ტრამპის მიზანი კი ისაა, რომ ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე (რომელიც ომამდე თავისუფალი იყო) და ირანის პროგრამა შეზღუდოს (რომელიც ისედაც შეზღუდული იყო მისი წინამორბედების მიერ, მაგრამ მან თავისი დაუფიქრებლობით ხელი შეუწყო მის გაფართოებას). და სანამ ირანის რეჟიმი ქვეყნის ხელისუფლებაში რჩება, თუნდაც დასუსტებული სახით, ამერიკისათვის ძალიან ძნელი იქნება, რომ ამჟამინდელ მდგომარეობაში თავისი გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადოს.
არის თუ არა დიპლომატიური გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. მართალია, პაკისტანელი შუამავლები დაუღალავად აგრძელებენ მცდელობას ურთიერთშეხების წერტილების მოსაძებნად, მაგრამ მოწინააღმდეგეებს შორის არსებული უფსკრული ძალიან ფართო რჩება.
ერთი რამ სრულიად ნათელი და აშკარაა: აშშ-მა, მსოფლიო ჰეგემონმა თავისი სამხედრო ძლიერებით, საშუალო დონის სახელმწიფოზე გამარჯვება ვერ მოახერხა. ირანი თანმიმდევრულად „უშრობდა სისხლს“ აშშ-ის ყველა წინამორბედ ადმინისტრაციებს, ახლა კი დაიწყო ანგარიშსწორება იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელიც „ირანელ დელსი როდრიგესს ეძებდა“ (იგულისხმება ვენესუელის ლიდერის მსგავსი შემრიგებლური პიროვნება), მაგრამ მის ნაცვლად რამდენიმე „ირანელი კიმ ჩენ ინი“ (ჩრდილოკორეელი დიქტატორის მსგავსი პიროვნება) მიიღო.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მაისს
"რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა"-Foreign Policy
ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს
"სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი"
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 1 393 რუსეთის მოქალაქეა
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს
ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
"ოპოზიციის ალიანსი"- დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
"ევრონიუსი" - ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
გულმა რომ საათივით იმუშაოს - რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე
,,ირანი აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნიდისთვის არ არის მზად''- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გეკა გელაძე ტაშკენტში უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა