თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 6.1%-დან 7.4%-მდე ზრდის.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, მათ შორის, მარტში - 10.7%. თებერვლის მსგავსად, მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებაც მოსალოდნელზე მაღალია.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციიდან ორი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა მხრივ შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა. საპირისპირო მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი, რაც, მათ შორის, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს, ვინაიდან უნაღდო დანახარჯების უახლესი ინდიკატორებით მნიშვნელოვანი აჩქარება არ ვლინდება. თიბისი კაპიტალი მიმდინარე ტენდენციების ფონზე ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზე მარტის პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუმცა ფაქტობრივი შემოდინებები მოსალოდნელზე მაღალია.
მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად სტრუქტურული მდგრადობით ხასიათდება, რაც უფრო შესამჩნევია, მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მგრძნობიარე არ არის, არამედ გულისხმობს საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.
კერძოდ, გლობალურად ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, თუმცა ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ამ კუთხით მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის რე-ექსპორტი, რომელიც მარტის მდგომარეობით მთლიანი ექსპორტის 16.5%-ს შეადგენდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისტორიულად ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურობა. ამ მხრივ, მარტში, ექსპორტის ფასების ინდექსი თვიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე - ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე, ფერო-შენადნობებსა და სასუქებზე - ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება. ამან სრულად დააკომპენსირა ნავთობის გაძვირების ფონზე იმპორტის ფასების 2.9%-იანი ზრდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ვლინდება, გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, რის შედეგადაც პირველ კვარტალში სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან შეფარდება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.
საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა, თებერვალთან შედარებით, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარითაა აჩქარებული. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებაა სავარაუდო აპრილშიც, რისი მონაცემებიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ფასების ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარი რჩება, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნორმალიზებასაც გამოიწვევს, თუმცა ამ სცენარში პარალელურად მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც.
ჯამურად, პროგნოზზე მოქმედი სამი ძირითადი ფაქტორი - უკრაინაში ომის მოკლე ვადაში დასრულების შემცირებული ალბათობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა, და საქსტატის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი შეფასებები - უცვლელი რჩება, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენა მეტია.
ზრდის მიმართულებით იცვლება ინფლაციის პროგნოზიც, წლის ბოლოს მდგომარეობით 5.6%-დან 6%-მდე, რაც ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება: ა) აპრილის 5.9%-იანი ინფლაცია ჩვენს პროგნოზზე მცირედით მაღალია და ბ) ნავთობის ფასები, აპრილის შუაში მოდერაციის შემდეგ, კვლავ მომატებულია.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა ინფლაციამ 21% შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს, პირველ რიგში, ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი) ფასების ზრდას უკავშირდება. ჯამურად ამ ფაქტორებმა წლიურ ინფლაციაში 1.4 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეიტანა. საპირისპიროდ, საბაზო ეფექტების ამოწურვასთან ერთად, მცირდება პურის ფასის კონტრიბუცია და, აპრილის მდგომაროებით, 0.5 პპ-ს შეადგენს, მაშინ როცა თებერვალში 0.9 პპ-ს აღწევდა.
თიბისი კაპიტალის მოლოდინით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ლარს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, საბაზო სცენარით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007502-macro-update-georgia
(R)
მსგავსი სიახლეები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა