კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში" უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა.

 

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და აუცილებლად მოსაკვლევია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.

 

„უხვი ნალექის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის" მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის. მინდა, დავავალო ჩვენი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ აღნიშნული საქმის მოკვლევა. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, თუმცა კომპანიები ამა თუ იმ პროექტზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მნიშვნელოვანია, სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ვნახე ფოტოებიც, სანიაღვრე მილები ერთმანეთთან აცდენილი იყო და რატომ იყო აცდენილი, ამაზეა პასუხი გასაცემი. არ ვიცი, ვისი ბრალია - კომპანიის, მიმღების თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ მიმართა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც დედაქალაქის მერიის პროექტებზე მუშაობს, რომ სამუშაოების შესრულების დროს პასუხისმგებლობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

„ზოგადად, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე და ჩვენზე. ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. კომპანიებმა, რომლებიც მერიის პროექტებზე მუშაობენ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებს ვატარებთ იმიტომ, რომ ათეულ წლებს გაუძლოს, ყველაფერს ძირეულად ვცვლით, იქმნება დისკომფორტი, სამუშაოებს მეტი დრო სჭირდება, გადაადგილება იზღუდება, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებს სხვანაირად ვერ შევასრულებთ. როგორც ჩვენ, კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს ქალაქი მხოლოდ თბილისის მერიის მთავრობის წევრების ხომ არ არის, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ დედაქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგა გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მისამართზეც შეიქმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან ადგილზე არიან და გვერდით უდგანან მოსახლეობას.

 

„ბოლო პერიოდში საქართველოში და, მათ შორის, თბილისში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩამოშალა ფერდები და გრუნტის დამჭერი კედლები. წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას მოგლიჯა ხეები, დაზიანდა განათების ბოძები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. აღარ დავიწყებ დეტალურად ჩამოთვლას პრობლემების. ჩვენი შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი, ხდება პრობლემების აღწერა, თუ რა დაზიანდა და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც უამინდობამ პრობლემა შეუქმნა და მათთან ჩვენი თანამშრომლები არ მისულიყვნენ. ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა თბილისის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
"მიწასა ზედა ზეცისა" - "Ars Georgica"-შიახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება
კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
GM PHARMA ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის გლობალურ კამპანიას წელსაც შეუერთდა - ერთად ვმართოთ ჰიპერტენზია!
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ამინდის პროგნოზი
2011 წლის 26 მაისი - ქვეყნის მთავარ გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დარბეული აქციიდან 15 წელი გავიდა
მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილს იტალიის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შიო მესამე - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები, თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება
შიო მესამე - თავისუფლება არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და მემკვიდრეობად, ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
26 მაისთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა