"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times

ბრიტანულმა გაზეთმა "ფაინენშელ თაიმსმა" (Financial Times) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით: "პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს". პუბლიკაციაში განხილულია სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის "სამოქალაქო თანხმობის" მიერ მოპოვებული წარმატების მნიშვნელობა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მედასავლეთე ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის გლობალური გავლენა თანდათან მცირდება. ეს პროცესი დაიწყო იმ დროიდან, როცა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის არმია შეიჭრა. კვირას გამართული ხმის მიცემა სომხეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1991 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ფაქტიურად, ეს იყო პლებისციტი სომეხთა შორის აზერბაიჯანთან დაზავების საკითხზე და ნიკოლ ფაშინიანის დასავლეთისკენ სწრაფვაზე, რაც, იმავდროულად, რუსეთთან კავშირების შესუსტებას (და არა სრულ გაწყვეტას) გულისხმობს. კრემლმა, რუსეთუმე (პრორუსული) სომხური ოპოზიციის მხარდაჭერის ნიშნად, სომხეთის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი აკრძალა, ერევანს საშინაო საქმეებში ჩარევით დაემუქრა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო... მაგრამ არ გამოუვიდა, მიზანს ვერ მიაღწია.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით ვლადიმერ პუტინს სურდა რუსეთისთვის "ძველი დიდება" დაებრუნებინა - იმპერიული სახელმწიფოს სახით. ამის ნაცვლად პირიქით ხდება - მოსკოვის გლობალური გავლენა მცირდება. კრემლმა ომით უკრაინელი "სლავი ძმები" შეურიგებელ მტრებად გადაიქცია, დაკარგა მეგობრული და დამთმობი რეჟიმები ვენესუელაში და სირიაში. შემდეგი შეიძლება კუბა გახდეს. რუსეთი უკან იხევს აფრიკაშიც - მალის რესპუბლიკაში ხელშეკრულებით მყოფი რუსი მებრძოლები ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი დახმარებით ვეღარ უზრუნველყოფენ, იქაურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ცენტრალურ აზიაშიც რუსეთის საქმე ძველებურად კარგად ვეღარ მიდის - მათთან ვაჭრობა კი გაიზარდა, მაგრამ რეგიონის ქვეყნები თავიანთი დიპლომატიური კავშირების დივერსიფიცირებას ცდილობენ. ისიც აშკარაა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ე.წ. "პარტნიორული ურთიერთობა" რეალურად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული ხდება, ანუ "უმცროსი პარტნიორის" სტატუსით.

სომხეთი უკმაყოფილოა რუსეთით, რომ მოსკოვმა ერევანს ბაქოსთან ომში, ყარაბაღთან დაკავშირებით, დახმარება არ გაუწია. 2023 წელს სომხური შეიარაღებული ქვედანაყოფები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ სადაო ტერიტორია - მთიანი ყარაბაღი დაეტოვებინათ. აზერბაიჯანის გამარჯვების შედეგად ადგილობრივი სომხური მოსახლეობა - 100 ათასამდე ადამიანი - ლტოლვილებად იქცა. რუსეთი, რომელიც ვალდებული იყო სომხეთს დახმარებოდა (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშელშეკრულების ძალით), მოკავშირე ბედის ანაბარად მიატოვა, ანუ უღალატა. შესაბამისად, სომეხმა ამომრჩევლებმა შინაურ რუსეთუმე პოლიტიკურ ძალებს ისეთი ნდობა არ გამოუცხადეს, როგორსაც ისინი ელოდნენ.

აზერბაიჯანთან მიმდინარე მრავალწლიანმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სომხეთი რუსეთზე დამოკიდებული გახადა და ქვეყანაში კლეპტოკრატიული პრორუსული ელიტის მმართველობა გამოიწვია. 2018 წლის აპრილში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგად რუსეთუმე კორუმპირებული ძალები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ. ახლა როცა მოსკოვის იმედზე მყოფი პოლიტიკური ძალები ისევ დამარცხდნენ, სომხეთს შეუძლია ნაკლებად კორუმპირებული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს. ნიკოლ ფაშინიანის დამსახურება ისაა, რომ მან აზერბაიჯანთან განცდილი მწარე დამარცხებიდან გაკვეთილი მიიღო და ობიექტური დასკვნები გააკეთა - დაიწყო ბაქოსთან სამშვიდობო მოლაპარაკება, აღიარა მეზობლის ტერიტორიული მთლიანობა, აპირებს საზღვრების გახსნას და ვაჭრობის დაწყებას, მათ შორის თურქეთთანაც. სომხებმა კვირას გამართულ არჩევნებში მხარი დაუჭირეს მმართველ პარტიას და ქვეყნის ლიდერს - პრემიერ-მინისტრს, მოიწონეს მის მიერ გატარებული პოლიტიკა.

 

წინ ბევრი საფრთხეებია - მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია სომხეთზე გავლენა დაიბრუნოს. ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების უმრავლესობა კი მიიღო, მაგრამ შეიძლება პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ ჩამოაყალიბოს, რეფერენდუმის ჩატარების მიზნით, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცველელად. იმიტომ, რომ ბაქო ერევნისაგან  მტკიცედ ითხოვს: სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიის - მთიანი ყარაბაღის - ხსენება არ უნდა იყოს. ეს არის წინასწარი პირობა ურთირთობის ნორმალიზებისათვის. აშშ და ევროკავშირი უნდა შეეცადნონ, რომ აზერბაიჯანს ეს მოთხოვნა გადაათქმევინონ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გადაადებინონ მაინც. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ასევე უნდა მოახდინონ ზეწოლა ბაქოზე და ანკარაზე, რომ მათ სომხეთთან საზღვრები გახსნან, დაიწყოს ვაჭრობა და ამით სომხებს მშვიდობის უპირატესობა დაანახონ.

 

დიახ, მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია სომხებს ცხოვრება გაურთულოს. უკრაინასთან ომის გამო კრემლმა ვერ შეძლო არჩევნებში მასშტაბურად ჩარევა, დააგვიანა. არადა, შეიძლებოდა პროცესები უფრო მწვავედ განვითარებულიყო. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვი "დენთს მშრალად ინახავს". რუსეთს შეუძლია სომხეთის მიმართ სრული სავაჭრო ემბარგო დააწესოს, ან იაფად მიწოდებულ ბუნებრივ გაზზე ტარიფები მოამატოს, მსოფლიო ფასების შესაბამისად. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მადესტაბილიზებელი მომენტი: რუსეთი სომხეთში სამხედრო ბაზას ინარჩუნებს, სომხეთის რკინიგზებს რუსული სახელმწიფო კომპანია აკონტროლებს... მეზობელ საქართველოში რომ 2024 წლიდან რეპრესიული ერთპარტიული მმართველობა დამყარდა, ეს გარემოება სომხეთისათვის გაფრთხილება უნდა იყოს.

 

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა სომხეთთან აქტიურად ითანამშრომლოს. პოზიტიურია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შუამავლობა იკისრა და მხარეებს სამშვიდობო დეკლარაცია გამოაცხადებინა სამომავლო ხელშეკრულების დადების პირობით. გარდა ამისა, ვაშინგტონი ითვლება იმ სატრანსპორტო დერეფნის გარანტად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონის განვითარებას. ევროკავშირმაც, თავის მხრივ, სომხეთისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უნდა გააგრძელოს, გააღრმავოს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები.

 

სომხეთი ერთ-ერთი ის ქვეყანათაგანია, სადაც ევროპა და აშშ სინქრონულად, საერთო  ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ და სადაც მათი ძალისხმევა ერთ მიზანს ემსახურება - სომხეთის უკეთეს მომავალს.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
  "აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
 "არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
 "სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph