
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაში“ კადრების ცვლილება მოხდა, შემდეგ კი ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
"ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, იმუშაონ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებსაც სურთ ცვლილებები.
რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?
ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ესაუბრა:
„სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, გვაქვს. მე ზუსტად ვიცი, რა მინდა და როგორ. ახლა დავსხდებით ოპოზიცია და გადავწყვეტთ, - რა გავაკეთოთ. დაიდება სამოქმედო გეგმა, რაზეც წინასწარ არ მსურს საუბარი.
ყოველდღე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ ტიპის ბრძოლის სტრატეგია არ მომწონს. ეს არის ბრძოლა ნახევრად. ვფიქრობ, ახლა გააქტიურდება ეს საკითხი და უფრო მეტი კოორდინირება გვექნება,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.
„ადამიანების ნებისმიერი კეთილშობილური წამოწყება ძალიან კარგია, მაგრამ ეს პოლიტიკაა და საქმე ცოტა სხვაგვარად არის. უხერხულია, სააკაშვილი პუტინის მიერ ოკუპირებულ საქართველოში დაკავებული ჰყავდეს მურუსიძის სასამართლოს. ამდენად, ვიზიარებ იმას, რომ დროზე მივიღოთ ზომები და სააკაშვილი სამარცხვინოდ არ იყოს დაკავებული ამ აბსოლუტურად აღვირ ახსნილი არარეფორმირებული სამართლის სისტემის მიერ.
ოპოზიციაშიც ვიყავი და შეცდომებიც იყო, მაგრამ, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში ყველა პრეზიდენტს რუსეთი ებრძოდა. ამ პირობებში კი ძალიან რთულია გაუძლო პროვოკაციებს. სააკაშვილმა 300 მილიონიდან 6 მილიარდამდე გაზარდა ბიუჯეტი და ქვეყანაში რეფორმები გაატარა - ახლა უფრო ჩანს, თურმე რა შესძლებია და მოუხერხებია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება და ოკუპირებულმა ქვეყანამ, პუტინის გასახარებლად, მასთან მებრძოლი პრეზიდენტი არ უნდა ვამყოფოთ ციხეში, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით. ეს არის ჩემი უცვლელი პოზიცია“- განაცხადა ჩვენთან საუბარში თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს კი ის, ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
/ ნინო ოთარაშვილი /
მსგავსი სიახლეები



















