"პუტინი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის"

რასაკვირველია, პუტინს, თუკი ის მართლა შეურაცხადი  გიჟი არ არის,  შესანიშნავად უნდა ესმოდეს, რომ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა რუსეთის სახელმწიფოებრიობისათვის კატასტროფული შედეგების უდიდეს რისკს, რაც ერთბაშად ას "ავღანეთსაც" კი აღემატება,  წარმოადგენს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"მიუხედავად ამისა, თავისი ულტიმატუმით   იგი უწინარესად უკრაინას დაემუქრა და მორიგჯერ, მაგრამ  კიდევ უფრო მკვეთრად, სრულიად უტიფარი ფორმით, მოახდინა დემონსტრირება, რომ "მსროლელია" - ე.ი. ომს არ მოერიდება და საკითხის სამხედრო გადაწყვეტისათვისაც მზადაა; მეტიც - თავისი რიტორიკით პუტინი ცდილობს შექმნას დამაჯერებელი სურათი, თითქოსდა მსოფლიო ომსაც, ე.ი. გლობალური აპოკალიფსის მოწყობასაც, არ მოერიდება; მას ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ არ უღირს ისეთი მსოფლიოს, სადაც რუსეთის ინტერესები ჯეროვნად არ იქნება გათვალისწინებული, საერთოდ არსებობაც კი, ამიტომ, თუ საქმე საქმეზე მიდგა - მზადაა ბირთვული იარაღიც კი გამოიყენოს; ეს განცხადება, სსრკ-ს, რომელიც ცნობდა და აღიარებდა არა მხოლოდ "მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს", არამედ მშვიდობის ნომერ პირველ დამცველადაც დედამიწაზე თავი მოჰქონდა,   უტიფრობას ბევრად აღემატება. 

 

აშკარაა:  მსოფლიოს ბირთვული  კატასტროფითაც კი,  დაშანტაჟება  პუტინის მიერ 2008 წელს საქართველოზე შეტევით წამოწყებული „პირველი მსოფლიო ჰიბრიდული ომის“ მძლავრ იარაღად თავად დასავლეთმა აქცია;  აქცია იმიტომაც, რომ ჯერ პუტინს „დააჯერა“ საკუთარი ძლევამოსილება და მერე, ამ "ძლევამოსილების" ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად უტიფარი დემონსტრირებისას მუდამ უკან იხევს! 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პუტინი მუდამ შანტაჟით შეტევაზეა და მას არც ერთხელ ღირსეული პასუხი დასავლეთისგან არ მიუღია. ეს ფაქტია და არა აღქმა!  და ესეც ფაქტია: „ჰიბრიდული მსოფლიო ომის“ პუტინისეული სტრატეგია სხვა არაფერია, თუ არა მიღწევა იმისა, რომ მსოფლიომ აღიაროს, პუტინის რუსეთი „ლაყე“ კი აღარაა, სწორედაც რომ ჩვენი მიშასავით, ე.ი. "დარშიაც და ავდარშიაც" - მაგარია! 

 

ახლა, იმის მაგივრად, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ თავის დროზე პუტინისათვის „მიშა მაგარიას“ მსგავსი ილუზია არ შეექმნა, დამდგარან და მარჩიელობენ - მართლა "მსროლელია" თუ არა იგი. ეს იმას ჰგავს, ჩვენ რომ გვემარჩიელა, მართლა მოგიწყობდა თუ არა მიშა ახალ რევოლუციას. 

 

ასეთ მარჩიელობას, რასაკვირველია, არასდროს არავითარი აზრი არა აქვს. პირიქით - თუ პუტინმა არ დაიჯერა ის, რამაც თავის დროზე გამარჯვება „ცივ ომში“ დასავლეთს მოაპოვებინა, მას ვერაფერი შეაჩერებს და იგი, ადრე თუ გვიან, „პირველი მსოფლიო ჰიბრიდული ომით“ რევანშს აიღებს  იმ „გეოპოლიტიკური კატასტროფისათვის“, ე.ი. მწარე დამარცხებისათვის, რაც რუსეთმა „ცივ ომში“ იგემა. დასავლეთმა კი „ცივ ომში“ სწორედ აი, ამიტომ მოიპოვა გამარჯვება: რეიგანმა თქვა და აღასრულა კიდევაც ეს უდავო ჭეშმარიტება: ჩვენთვის მსოფლიო უსაფრთხოება და  მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა მთავარი!  მთავარი და გადამწყვეტი ამ „ბოროტების იმპერიასთან“ დაპირისპირებაში - ღირსებააო! 

 

პუტინი კი სწორედ ამიტომ აშანტაჟებს მსოფლიოს, რომ საკმარისად სჯერა, ხოლო დასავლეთი ამის არგუმენტებს უხვად უქმნის: დასავლეთმა, მათ შორის  ბაიდენის აშშ-მაც კი,  სწორედაც ეს, ღირსება დათმო და მას მშვიდობა და უსაფრთხოება ღირსებაზე ბევრად მეტად უღირს. ახლაც, ბაიდენმა მორიგჯერ აღიარა „არტოშანი“, როცა განაცხადა: უკრაინას (მაშასადამე - საქართველოსაც) უახლოეს პერსპექტივაში ნატოში არ მივიღებთო. ეს სწორედ ისაა, რასაც პუტინი სინამდვილეში მთავარ სარგებლად ელოდა ამ ულტიმატუმისგან; მან გაიმყარა რწმენა -  „უახლოეს პერსპექტივაში“ - მე ვარ და ჩემი ნაბადიო! ამიტომ, სასროლი მაინცადამაინც არც არაფერი აქვს. ახლა დაელოდება, რომ უკრაინაში მისი "მეხუთე კოლონა" გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს  „დარია თუ ავდარია, პუტია მაგარია“ – „ჰიბრიდულ“, ანუ - „შავ“ საქმეს,"-წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"მოსკოვში, "რენოს" ქარხანაში, "მოსკვიჩებს" გამოუშვებენ" - სიმონ კილაძე
"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა"
"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"
"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას
"რუსეთს შესაძლოა წლის ბოლომდე გაზის 50 მილიარდი კუბური მეტრი დაუგროვდეს, რომლის გასაღება არც თუ ისე სწრაფი პროცესია"
არსებობს თუ არა გამოსავალი თურქეთის მიერ ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების დაბლოკვით
"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი
ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების გამოვლინება იყოს
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო! - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
ომი დაღუპავს საქართველოს და ქართველებს!!! - მაია ნიკოლეიშვილი
"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე
"არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის" - გია ნოდია
"ცდებიან ისინი, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება"
"საქართველო ამას არ იზამს, სანამ აქ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს" - გელა ზედელაშვილი
"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
"გენერლები და თვითმფრინავები გადამალეს ამ ლაჩრებმა"- ალექსი პეტრიაშვილი
"ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ"'
"ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ" - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი
"ასე ხდება, როდესაც ადამიანის სიტყვა ნიშნავს საქმეს!" - რას წერს ბექა მჭედლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე