
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ხელს აწერს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ დეკლარაციას შვედეთსა და ფინეთთან.
ცოტა ხნის წინ, შვედეთში ვიზიტით მყოფმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად. დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ჯონსონი გაემგზავრება ფინეთში, რათა ხელი მოაწეროს ანალოგიურ უსაფრთხოების დეკლარაციას პრეზიდენტი საული ნიინისტოსთან.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დეკლარაციით ახალ ეტაპზე გადავა ბრიტანეთსა და სკანდინავიურ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა. ამასთან, დეკლარაცია ითვალისწინებს, ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების გაძლიერებას, ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაჩქარებას, სწავლებებს, სამხედრო ყოფნასა და უსაფრთხოების გაძლიერებას სამივე ქვეყანასა და ჩრდილოეთ ევროპაში.
დეკლარაცია საშუალებას მისცემს გაერთიანებულ სამეფოს, გააღრმავოს თანამშრომლობა სკანდინავიელ პარტნიორებსა და მათ შეიარაღებულ ძალებთან ყველა სფეროში, მათ შორის კიბერსივრცეში.
"ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს და უსაფრთხოების ამ დეკლარაციების ხელმოწერა არის სიმბოლო ჩვენს ერებს შორის მარადიული გარანტიისა. ეს არის არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ვალდებულება სამხედრო კავშირების, გლობალური სტაბილურობისა და ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მომავალი თაობებისთვის", - თქვა ჯონსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯონსონმა ასევე განმარტა, რომ დეკლარაციის თანახმად, თითოეული ქვეყანა მეორეს დახმარებისთვის მიმართავს საფრთხეების შემთხვევაში.
"ის, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ და ვაკეთებთ, სხვა არაფერია, თუ არა აშკარა განაცხადი, რომ საფრთხეების წინაშე მდგომ ორ ლიბერალურ დემოკრატიას, სურს ერთმანეთის მხარდაჭერა. რაიმე კატასტროფის ან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, მხარეთა მოთხოვნისამებრ, ჩვენ მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად", - თქვა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა დაიწყეს შიდა დისკუსიები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოელიან, რომ ჰელსინკი და სტოკჰოლმი საბოლოო გადაწვყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
მსგავსი სიახლეები



















