"კვდებოდა ულამაზესი სოხუმი, რომელსაც ომი არ უყვარდა, რომელსაც ზღვა უყვარდა, ყავა უყვარდა ზღვიდან იოდისნარევ ბრიზში მირთმეული, სოხუმს იუმორი უყვარდა, ქალაქურ-ზღვაური" -კახა კვაშილავა

"29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, სოხუმსა, სოხუმლებს, გულრიფშელებს არ სჯეროდათ, რომ მხოლოდ 24 საათი დარჩენოდათ საკუთარი მძიმე შრომით აგებულ თუ შეძენილ, ნალოლიავებ ეზო-კარსა თუ ბინებში ცხოვრებისათვის"- წერს სოციალურ ქსელში  წერს  ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი,  კახა კვაშილავა.

 

"იყვნენ ისეთებიც თბილისის რეისის თვითმფრინავის ტრამპზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ არბენას და ამ სირბილში ერთმანეთსაც დაუნდობლად თელავდნენ. მე ვარ ამის მომსწრე. მახსოვს, იმ თვითმფრინავს, რომლითაც ჭურვები და ტყვია-წამალი ჩამოიტანეს, ბიჭები ცლიდნენ და ამ დროს ქვემოდან გამქცევები ღრიალებდნენ, ჩქარა, ჩქარა დაცალეთ, სანამ გუდაუთიდან არ აუფეთქებიათ ეს თვითმფრინავიო.

 

რა საზიზღარი მოსასმენი იყო. გულის ამრევი. თან ჯან-ღონიანი მამაკაცი ღრიალებდა ყველაზე ხმამაღლა. ერთმა ჯარისკაცმა ვერ მოითმინა, ავტომატს დამცავი მოხსნა და შუბლთან მიუბჯინა. ქალები რომ არ გადაფარებოდნენ, თბილისში ვეღარ ჩამოფრინდებოდა „ვაჟკაცი“, მაგრამ მერე ასფალტზე, მის ფეხებთან კი გაუხსნა ცეცხლი ჯარისკაცმა. ყველას ეზიზღებოდა ის მამაკაცი და არავინ კიცხავდა 20 წლის გულრიფშელ ბიჭს.

 

შემდეგ სწორედ ის კაცი ეზიდებოდა ტყვია-წამალს თვითმფრინავიდან სატვირთო მანქანისაკენ.

 

მწარე ტირილი მახსოვს ბიჭების, „ტრუსიკის“ მეგობარი რომ დაეღუპათ.

 

სოხუმლებს და გულრიფშელებს არ სჯეროდათ, რომ კვდებოდნენ. ელოდნენ ლოთი ქობალიას, როგორც მესიას. საათს აკვირდებოდნენ, აი, ახლა გადმოვა კოდორს, აი, ახლა. ან გამვლელს ეკითხებოდნენ, რა ისმის, მოდის ლოთიო?...

 

სოხუმის მთაზე მტერი იყო ჩამალული და სიმაღლიდან კლავდა ქალაქს.

 

უიარაღოდ დარჩენილ სოხუმისა და გულრიფშისათვის ალყა შემოერტყათ.

 

ლოთი ხსნა იყო, რომელიც არ მოვიდა.

 

კოდორის პირას მყოფთაგან კი ამბები მოდიოდა, როგორ გადათელა მტერმა კინდღი.

 

არავინ იცოდა, რა იყო გაგონილში მართალი, რა – არა. გრძნობდნენ, რომ სიკვდილი, როგორც სახრჩობელას ყულფი, სოხუმისა და გულრიფშის ყელზე შემოხვეოდა.

 

ყველა ლოთს ელოდა...

 

არავის სჯეროდა, რომ სოხუმი მოკვდებოდა.

 

სოხუმი კი კედელთან იყო მიყენებული და მტერს მისი დახვრეტა უკვე გადაეწყვიტა, სოხუმის ქართულობისთვის, სოხუმელთა გმირობისთვის, სოხუმის უდრეკი შემართებისთვის.

 

სისხლისგან დაცლილი სოხუმი ეცემოდა, ბოლო სუნთქვა-ღა ჰქონდა დარჩენილი.

 

მხოლოდ უკრაინელი მებრძოლები დადგნენ მოძმე ქართველებთან სოხუმის გადასარჩენად, მხოლოდ უკრაინელი მეზღვაურები და მფრინავები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობდნენ მოსაკლავად განწირული ქართველების სამშვიდობოს გაყვანას...

კვდებოდა ულამაზესი სოხუმი, რომელსაც ომი არ უყვარდა, რომელსაც ზღვა უყვარდა, ყავა უყვარდა ზღვიდან იოდისნარევ ბრიზში მირთმეული, სოხუმს იუმორი უყვარდა, ქალაქურ-ზღვაური.

 

მალე, სულ მალე, რამდენიმე საათში ყველაფერი გაწითლდება, მაგრამ ეს წითელი არ იქნება ბროწეულის მწიფობა, ეს არ იქნება სოხუმელ მანდილოსანთა ლალისფერი კაბები, ეს სისხლი იქნება, მოკლულ და ქუჩაში მიგდებულ ქართველთა სისხლი იქნება.

„და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.

 

და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?

და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.

 

და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.

რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“ (დაბადება, 4:8-12). - წერს სოციალურ ქსელში  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი,  კახა კვაშილავა.

 

 





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან