
მთელი შეგნებული საქართველო გლოვობს უკრაინაში დაღუპულ გმირ ბიჭებს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მარადიული ხსოვნა და ნათელი მათ სულებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე წერს.
მისი თქმით, დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს და მარცხდება, უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა უკვე გაუმართლებელია.
"ბევრს ვფიქრობ ამ ტრაგედიაზე - იხოცებიან საუკეთესო, საჯიშე ახალგაზრდები და ვინ იცის წინ რა მოგველის. რასაც დავწერ, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესი მაღელვებს პირველ რიგში და ამადაც ვწერ: როცა 45 მილიონიან უკრაინას უჭირდა, ჩვენი მხრიდან დახმარება მართლაც ვალის მოხდა და კაცური საქციელი იყო. დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს და მარცხდება, უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა უკვე გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან ემიგრაციით ისედაც შესუსტებულ საქართველოში, თითო ვაჟკაცი სანთლითაა საძებნი და მოსაფერებელი.
ამიტომ ისინი სჯობს უკან დაბრუნდნენ და თავისი ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. მთავრობამ კეთილი ინებოს და მათგან, ან ერთი ბრიგადა შექმნას და ჯარში გამოიყენოს, ან გადაანაწილოს ისინი სხვადასხვა ბრიგადებში ომში მიღებული უდიდესი გამოცდილების და ცოდნის გასაზიარებლად და ღირსეული ხელფასები დაუნიშნოს.
ხელისუფლებამ ასევე უნდა იზრუნოს დაღუპული გმირი ბიჭების ოჯახებზე და მათ კომპენსაციები ან ყოველთვიური დახმარებები დაუნიშნოს. დაბრუნდით ძმებო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დასაბრუნებელია ახლო მომავალში, თქვენ სამშობლოს ძალიან ჭირდებით. უკრაინელები ამას სწორად გაიგებენ და მადლობას გეტყვიან გაკეთებულისთვის!"- წერს ვაჟა შუბითიძე.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი ბახმუტთან თავდასხმას ემსხვერპლნენ.
რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
მსგავსი სიახლეები



















