
"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი
ავტორი: ვაჟა ბერიძე
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული და პრაგმატული ნაბიჯი იქნება.
ივანიშვილმა და „ოცნების“ ლიდერშიფმა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის პირდაპირ ჩართვასა და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარი თქვა. ეს ქართული საზოგადოების უმეტესობის აზრსაც შეესატყვისება და ბრძნული, გონივრული პოზიციაცაა. ბარაქალა მათ! ივანიშვილმა ამით თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რამდენიმე მილიარდი, სასწორზე შეაგდო. ამასთან დაკავშირებული აიწონა-დაიწონა, სამართლებრივი დავების თანხლებით დღესაც გრძელდება და არაფერია გამორიცხული.
ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ცალსახად და უპირობოდ. თუმცა, ჩვენი პირდაპირი ჩართვა ომში შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. საფრთხე და თანაც რეალური ჩვენს სუვერენიტეტს დაემუქრება. ჩვენ გვყავს მამაცი ჯარისკაცები და კვალიფიციური ოფიცრები, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები თანამედროვე ომისთვის მზად არ არის.
არაფერს ვიტყვი საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, ავიაციაზე, ტანკებზე, დრონებზე და ასე შემდეგ, არც სამოქალაქო თავდაცვის მდგომარეობაზე, - თბილისი და სხვა ქართული ქალაქები ისევე რომ დაექვემდებაროს დაბომბვას, როგორც ეს უკრაინაში ხდება, არავინ იცის რა უნდა ქნას სამოქალაქო მოსახლეობამ, სად შეაფაროს თავი. თავშესაფრების საერთოდ არსებობაზე, ან შემორჩენილების მდგომარეობაზე, არაფერია ცნობილი და დიდი ალბათობით, არც გვაქვს ისინი წესრიგში.
თუ მარცხიანად ჩავერთეთ ომში, თქვენ მაშინ ნახეთ ლტოლვილთა ნაკადი და დეპოპულაციის თავზარდამცემი ტემპი, ისედაც 3.5 მილიონიღა დავრჩით და ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშეც დგას.
იქნებ ვინმეს ხელს აძლევს კიდეც მოვლენათა ასეთი განვითარება? საზღვრებს გარეთ ძალებს ვგულისხმობ და ეს მართლაც საგულისხმოა. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ იმპერიებით თუ არა, ლამის სუპერსახელმწიფოებით ვართ გარშემორტყმული - თურქეთი, ირანი, რუსეთი. მათ პოლიტიკის დონეზე თავიანთი სამომავლო გეგმები, რუსეთის გარდა, დაფიქსირებული არ აქვთ. ამას ემატება ევროკავშირი, შტატები, ჩინეთი, რომლის ახალი გეოპოლიტიკის არეალშიც ვართ, არც ინდოეთია სათვალავში არ ჩასაგდები...
გეოპოლიტიკური ინტერესების ამ ლაბირინთში არიადნას ძაფს არავინ მოგცემს, რომ სამშვიდობოს გავაღწიოთ. ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილებები. მძიმე და რთულ პერსპექტივას დასავლეთის მიმართ ღია დაპირისპირება თავიდან ვერ აგვაცილებს. ამაზეც მართებთ დაფიქრება მავანთ.
აუცილებელია სწრაფი, ღია და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება ამ და სხვა დიდი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. და მათ შორის, ერთ-ერთი საშური საკითხია ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და მისთვის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალების მიცემა. სამართლებრივი საფუძველი ამისთვის მოიძებნება.
დასავლეთის გაცხადებული და დაფარული პოზიცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. მთავრობას არ აქვს, არ შესწევს ძალა და უნარი საქართველოს და სააკაშვილის შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ინსინუაციების უარყოფის. შიდა ოპოზიციის დაბალი რეიტინგი ნუ მოატყუებს ნურავის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რადიკალიზაცია და მარგინალიზაცია კი არ ამცირებს, უფრო რეალურს ხდის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა საგარეო ფაქტორები საარსებოდ სახიფათო ხდება, იმის მიუხედავად მიმდინარე ომში ჩვენთვის სასურველი მხარე - უკრაინა გაიმარჯვებს, თუ ფაქტობრივად დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში წაგებისკენ წასული პუტინი ტაქტიკურ ატომურ იარაღს გამოიყენებს.
მჭვრეტელობითი პოზიცია და იმედი, რომ რუსი ხალხი ქუჩაში გამოვა, ან რუსეთის იმპერიისთვის დამახასიათებელი შიდა გადატრიალება კიდევ ერთხელ მოხდება, ჯერ-ჯერობით არ უნდა გვქონდეს. ის ჩვენი საოცნებო 1918-1921 წლების დამოუკიდებლობაც ხომ რუსეთის იმპერიის დაცემის, ბოლშევიკური გადატრიალებისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტურ ევროპაში კატაკლიზმების გადავლის შემდეგ დავკარგეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც ამდაგვარი ისევ არ განმეორდეს.
ხელისუფლებას, დღევანდელსაც და მომავალსაც, არ მართებს ხალხისგან ასე მოწყვეტა. მედიის გადაქცევა ოდენ პროპაგანდისტული ომის იარაღად და პოლიტიკური პროცესის პოლარიზაცია არავისთვის კარგ შედეგს არ მოიტანს. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს შეუძლია, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისთვის ფონის შექმნაა, განსაკუთრებით, შესაბამისი უცხოური ფაქტორების გააქტიურების პირობებში. ნგრევა და დაქცევა ასეთი პერსპექტივის აცხადების მერე ნახეთ...
უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და პოლიტიკის ანალიტიკოსი, სწრაფად მიიღონ მისაღები გადაწყვეტილებები და მათ შორის უპირველესი, ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების თაობაზე.
ბუნებრივია, ეს მიმართვა ჩვენს სასამართლო ხელისუფლებასაც ეკუთვნის, რომელიც, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია სამართლიანი მართლმსაჯულების თვალსაზრისით, ვიდრე „იმ ცხრა წელიწადში“ იყო, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი არ არის პოლიტიკური ზეგავლენებისგან. მან უნდა გადადგას ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ხელშეწყობის პირობებში აქეთკენ. სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო კონიუნქტურიდან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილებები ხშირად აღმოჩნდება ეჭვქვეშ.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იოლად მისაღები არ არის, არც მმართველი პარტიისთვის და არც ბიძინა ივანიშვილისთვის. ვერავინ მისცემს ხელისუფლებას გარანტიას, რომ სააკაშვილი აღმოჩნდება რა უცხოეთში, როგორც კი გამომჯობინდება დაუყოვნებლივ არ ჩაერთვება საინფორმაციო ომში რუსეთის წინააღმდეგ. ვიცით, რომ ის ამ საქმის ვირტუოზია და წვლილსაც შეიტანს პუტინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში, შესაძლოა, არამარტო ამ მიმართულებით...
რასაკვირველია, ეს სერიოზულ უხერხულობებს შეუქმნის ივანიშვილს, რომელსაც რუსეთში მილიარდები აქვს ნაშოვნი, ეს კი გულისხმობს გარკვეული ხილული და უხილავი ვალდებულებების არსებობას. ამ ვალდებულებების იგნორირება ივანიშვილისთვის იოლი არ იქნება. და მიუხედავად ამისა, მან, ადამიანმა რომელმაც უამრავი სიკეთე გაუკეთა ქვეყანას, ასეთი, მისთვის ძნელად მისაღები გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს. ფორმალურად, ეს მას არ ეხება, მაგრამ ქვეყანაში, რომლის ყველა მოქალაქე ლამის მეტაფიზიკოსია, ყველასთვის ცხადია, რომ მისი ნების გარეშე ეს არ მოხდება.
ვფიქრობ, ასე აჯობებს ყველასთვის და, რაც მთავარია, საქართველოსთვის. მთავარია, ეს ქვეყანა თავზე არ დაგვენგრეს და იმ დროში, როცა ადრე სახელმწიფოებრიობის არმქონე ქვეყნები სერიოზულ სიტყვას ამბობენ საერთაშორისო არენაზე, ჩვენ არ გავქრეთ მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. აქ კი დღევანდელი ხელისუფლების როლია გადამწყვეტი, უნდა ეს ვინმეს, თუ არა...
მსგავსი სიახლეები



















