
დღეს, სამხედრო საქმის განვითარებამ, შეიარაღებული ძალების ორგანიზებისა და ჯარისკაცის სამსახურის თანამედროვე მეთოდები და პრინციპები დაამკვიდრა, რომელიც დგას 1 ( ერთი ) ჯარისკაცის მაღალ ანაზღაურებასა და ძლიერ, ყოველმხრივ და ხანგრძლივ სოციალურ გარანტიებზე. ეს არის მოტივირებული ჯარისკაცის საბაზისო პრინციპი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე წერს.
მისი თქმით, უფასო არმიის პრინციპი არც ახალია და არც წარუმატებელი. უფრო მეტიც, უხელფასო არმიამ დიდ იმპერიას ჩაუყარა საფუძველი და დიდ ცივილიზაციასაც.
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?
კი, რა თქმა უნდა. უფასო არმიის პრინციპი არც ახალია და არც წარუმატებელი. უფრო მეტიც, უხელფასო არმიამ დიდ იმპერიას ჩაუყარა საფუძველი და დიდ ცივილიზაციასაც, თუ გავითვალისწინებთ ევროპული ცივილიზაციის რომაულ ფესვებს.
ანუ, ჩამოვყალიბდეთ, "ჯარისკაცი, მებრძოლი, ანაზღაურების გარეშე" შესაძლებელია. მაგრამ, აი ეს მაგრამ აფუჭებს ყველაფერს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, სამხედრო მანქანა ეფუძნება ქონებრივი ცენზიდან გამომდინარე, მოქალაქის ვალდებულებას, თავის ხარჯით შეძენილი იარაღით და საბრძოლო ტექნიკით, მიიღოს მონაწილეობა საბრძოლო კამპანიებში იმ დროს, როდესაც გადაწყდება და იმდენ ხანს სანამ საჭიროა. ანუ, რაც უფრო მდიდარია მოქალაქე მით უფრო დიდი სამხედრო ტვირთი აწევს და მით უფრო დიდი რისკის ქვეშაა. ომის მანქანის, ან უფრო სწორად სამხედრო მანქანის ეს მოდელი აგებულია მდიდარი პირის ( პირების) სამხედრო და ფინანსურ ვალდებულების პირდაპირ პროპორციაზე მის ქონებრივ ცენზთან.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ჯარისკაცი, მებრძოლი, მიუხედავად იმისა იბრძვის თავის სოფლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, სხვა ქვეყნის თავისუფლებისათვის, იდეისთვის, რელიგიისთვის თუ საკუთარი ხუშტურისთვის იღებს ანაზღაურებას და რაც უფრო პროფესიონალურად იბრძვის მით უფრო მეტს. ასეა ქადეშთან ბრძოლიდან მოყოლებული დღემდე და ასე იქნება ხვალ, ზეგ და მომავალშიც. მებრძოლის ანაზღაურება არის სამხედრო საქმის განუყოფელი ნაწილი,"- წერს გიორგი თავდგირიძე.
მსგავსი სიახლეები



















