
მინახავს დი სტეფანოს, კოპას, ჰენტოს სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელების თამაშები! მინახავს 60-70-იანი წლების ბრაზილიელი საოცრებები (არაერთი!), ცხადია! -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.
მისი თქმით, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმართლებს და ტრავმებს ასცდება, "რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს".
"მინახავს ფეხბურთის ფუნდამენტური ცვლილების - სათამაშო სტრატეგიის ცვლილება, როცა რინუს მიჰელსმა "ტოტალური ფეხბურთი" შემოიტანა და საბოლოოდ შეცვალა იგი, - მინახავს ნიდერლანდების საოცარი "აიაქსი" და ნაკრები, კრუიფით სათავეში! მინახავს არგენტინელთა უიშვიათესი გუნდები ტექნიკურობის უმაღლესი კლასის განმასახიერებელი ფეხბურთელებით (ახლანდელი არგენტინის ნაკრები, როგორც გუნდი, ახლოსაც ვერ მივა მათთან), - ცხადია, მარადონამდე და მარადონათი!
მინახავს კლასიკური გერმანული და ბრიტანული ფეხბურთი - იშვიათად საინტერესო რამ! უიშვიათესი ფეხბურთელებით! შორს რომ არ წავიდე, ბეკენბაური და ძმანი მისნი რად ღირან! მინახავს ყველა და ყველაფერი - და არა უბრალოდ მინახავს! მერე ფეხბურთის დეგრადაციაც მინახავს, - სათამაშო სტრატეგიის ცვლილება, რაც გამორიცხავდა სანახაობრიობას! ამიტომაც იყო უინტერესო (მცირე ეპიზოდური გამონათებების გარდა)!.
რატომ დავწერე?! ბუნებრივად პარალელებს ვატარებ, - ფეხბურთისკენ მოვბრუნდი, მგონი, და ამის მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა.
თუ ამ ბიჭს გაუმართლებს და ჯანმრთელად იქნება და ტრავმებს ასცდება, - რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს! გონებაში ყველასთან მოვახდინე შედარება, - მისი შესაძლებლობების, ტექნიკის, დრიბლინგის, სათამაშო აზროვნების და გუნდურობის შედარება!
მგონი, სულ პირველ მოთამაშეებში უნდა აღმოჩნდეს! აქეთკენ მიდის საქმე! დღეს სამი გიგანტი ფეხბურთელია, - სულ მწვერვალზე: პელე, მარადონა და იოჰან კრუიფი!
ვისაც პელეს თამაშები არ უნახავს, - ვერასდროს წარმოიდგენს, რატომ არის მეფე!მარადონას სიგიჟეები თუ არ უნახავს, ვერც მიხვდება პელეს გვერდით რატომ აყენებენ! ვისაც კრუიფის თამაში არ უნახავს სრულად (არადა, 70-ნებიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე (1974) მცირედ გადაიცემოდა მისი თამაშები), ვინც არ იცის "აიაქსის" სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა თასის მოგება და კრუიფის თამაშები, მერე ნაკრებში - მასზე ვერ ექნება წარმოდგენა.
ისიც თუ არ იცის, "ბარსელონაში" რა პირობებში გადავიდა და რაები დაათია სეზონის ბოლომდე, ის ზე-შეუძლებელი გოლიც თუ არ უნახავს, - მას ფეხბურთი არც უნახავს!
ჰოდა, ჩემს ამ პრაქტიკას თუ ენდობით, - მე მგონი, კვარაცხელიას, თუ იღბალმაც დაიცვა იმისგან, რაც ზემოთ დავწერე, - საოცარი რამე უნდა გამოუვიდეს.
დღეს წავიკითხე ანჩელოტის აზრი მის შესახებ და მისი გეგმები. "კვარაცხელია იმისთვისაა სიახლე, ვინც მის შესახებ არ იცოდაო, - ჩვენ კი დიდი ხანია ვაკვირებოდითო და ა.შ. და ა.შ."- წერს დემურ გიორხელიძე.
მსგავსი სიახლეები



















