
დღეს, "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება.
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. აღნიშნული კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
როგორი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარემოა ქვეყანაში და რა სურათი დაგვანახა NDI-ის დღევანდელმა კვლევამ - ამ და სხვა კითხვებით "ჯორჯიან თაიმსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს დაუკავშირდა. როგორც ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ კვლევაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა აღწერილი.
- აღნიშნული კვლევით ზუსტად ისეთი ქვეყანა მივიღეთ, როგორიც რეალურად ვართ. ძირითადად, NDI-ის კვლევებს თუ ერთიანობაში განიხილავთ, მაშინ აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ახლოს არის იმ ჭეშმარიტებასთან და რეალობასთან, რაც ქვეყანაშია. ასევე, მივიღეთ ისეთი საზოგადოება, რომელიც დღეს, ან ხვალ ამ შედეგებთან ახლოს არის. ზოგადი შეფასებისას მხოლოდ ამის თქმა შემიძლია...
- კვლევის ერთ-ერთი შედეგის თანახმად, საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს, თუმცა 61% ამბობს, რომ მათ ინტერესებთან ახლოს "ქართული ოცნება" დგას - ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ხალხი მაინც მთავრობას ემხრობა?
- როდესაც ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა, გაურკვევლობა და სუსტი მოლოდინია, ხოლო მეორე მხარეს ალტერნატივა არ ჩანს, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს აქვს განწყობა, რომ თუ გვიშველის, ეს ისევ ხელისუფლებაა. ამიტომ, ადამიანთა ასეთი განწყობა სრულიად ბუნებრივია და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობის ამსახველი სურათი. ასეთი პერიოდები ყველა ხელისუფლების დროს იყო, უფრო ზუსტად კი მაშინ, როცა ქვეყანაში ალტერნატივა არ ჩნდებოდა. მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში ალტერნატივა გაჩნდება, ეს დამოკიდებულებაც მყისიერად შეიცვლება იმიტომ, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ განწყობა საკმაოდ ნეგატიურია.
ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარეობს, რომელიც ამ კვლევაში სრულად არის მოცემული. მაგალითად ის, რომ ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს, მოსახლეობის უმრავლესობა კი საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს და ა.შ. ეს ყველაფერი ჯამურად ჩვენი მოსახლეობის განწყობას ასახავს, თუმცა ის, რომ მოსახლეობას ხელისუფლების იმედი აქვს, ეს განპირობებულია იმით, რომ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.
მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ NDI-ის კვლევაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მოსახლეობის 6% უჭერს მხარს, რაც კატასტროფაა. თუმცა, ხელისუფლებამ შეძლო და თქვა, რომ "მე ვარ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობა არის." - აქედან გამომდინარე, რეალურია თუ არა ეს, ხელისუფლებამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამაში დააჯერა. ანუ, როცა არ ჩანს ალტერნატივა, თან ხედავ მძიმე სოციალურ ეკონომიკას და თან 90-იანი წლებიც იცი, ისევ გირჩევნია, რომ ამ ხელისუფლებას შეეგუო, ვიდრე ზღვარი გადალახო. მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა ალტერნატივა არ დადგეს და პროტესტი სტიქიურად გადმოიღვაროს ქუჩაში.
- ასევე, კვლევის თანახმად, საქართველოში "ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და ასევე, ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია - ეთანხმებით კვლევის ამ ნაწილს თუ არა?
- რა თქმა უნდა, კვლევის ამ ნაწილს სრულად ვეთანხმები, რადგან, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ხსნას, რუსეთთან და ამ ხელისუფლებასთან კი არა, დასავლეთთან ინტეგრაციაში ხედავს. გამოდის, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ხსნას ქართველ პოლიტიკოსებისგან კი არა, დასავლეთ პარტნიორებში ხედავს. მოსახლეობა ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მათთვის მისაღები იქნება, ამიტომ უნდა ქართველ ხალხს დასავლეთი და ევროკავშირი.
სხვათა შორის, ქართველი ხალხის დასავლეთის მიმართ დადებით განწყობაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსახლეობის ყოველი მეოთხე, დასავლეთში წასვლაზე საუბრობს და არა - რუსეთში. როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლაზე NDI-ის კვლევაში საუბარი იყო.
- კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით კი, მაღალია პრემიერის საქმიანობის შეფასება, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მთავრობა უშუალოდ პრემიერის ჩართულობით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს დადებითად უმკლავდება?
- რა თქმა უნდა, არა... მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას დადებითად იქიდან გამომდინარე აფასებს, რომ ქვეყანაში სხვა, ალტერნატიულ ძალას უბრალოდ ვერ ხედავს. ამიტომ, როცა მათ ეკითხებიან, თუ როგორ აფასებენ მთავრობის საქმიანობას, იძულებულია, თქვას, - ნორმალურად!
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოსახლეობის ეს შეფასება განპირობებულია იმით, რომ ალტერნატივა უბრალოდ არ ჩანს. არც ხელისუფლებაში ჩანს ისეთი პიროვნება, რომელიც დავუშვათ და პრემიერს ჩაანაცვლებდა და ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ოპოზიციაში ჩანს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას ჩაანაცვლებდა. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე აკეთებს იმ შეფასებას მოსახლეობა, რომელიც NDI-ის კვლევაშია მოცემული.
- კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი და როგორც კვლევაში ვკითხულობთ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიდგომა 57%-ისთვის მიუღებელია. უშუალოდ კვლევის ამ ნაწილს როგორ შეაფასებდით?
- თავდაპირველად, როდესაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა მასობრივად დაიწყო, დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარი იყო, მაგრამ არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომლის გადალახვის იქით, უკვე ნებისმიერი პროცესი, თუნდაც დასაწყისში კარგი, იღებს ცუდ შეფერილობას. დღეს კი, ამ კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება, ალბათ, თბილისსა და ბათუმში გამოკითხულ ადამიანებისგან მოდის.
არ ვიცი, სად და რომელ ქალაქში რამდენი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით ჩვენს მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. მართლაც საკმაოდ დიდია მათი რაოდენობა და ფაქტობრივად, მათი ნაწილი თბილისის ცენტრალურ უბნებსა თუ ქუჩებს განკარგავენ. ეს კი ქართველი ხალხისთვის გამაღიზიანებელია.
მით უმეტეს, რაღაცნაირად ყველა თვლის, რომ საქართველოში მათი შემოსვლით საფრთხე არსებობს, ამიტომაც ითხოვს ხალხი ხელისუფლებისგან, რომ მოხდეს რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის რეგულირება და საზღვარზე მათი კონტროლი. სხვათა შორის, ამას ოპოზიციაც ითხოვს.
ხალხი უყურებს მათ ქცევას, თუ როგორ მოქმედებენ რუსი მოქალაქეები თბილისში, რაც მართლაც გამაღიზიანებელია. ხშირად მითქვამს, რომ რაღაც ზღვარს თუ გადასცდება ეს ურთიერთობები, შეიძლება ამან საკმაოდ დიდი არეულობა და დაპირისპირება გამოიწვიოს, გამომდინარე თუნდაც იგივე მთვრალი რუსების ხასიათიდან.
- NDI-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - ეს კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ მიგვითითებს. თუმც, მთავრობა აქამდე იძახდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს! - ანუ, NDI-ის კვლევა ადასტურებს თუ არა იმას, რომ მთავრობის მიდგომა ეკონომიკურ აღმავლობასთან მიმართებით შედეგის მომცემი სულაც არაა?
- რა თქმა უნდა, ადასტურებს... სხვათა შორის, კვლევაში მოსახლეობის 5% ამბობს, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 2% ეკონომიკური ზრდა გვაქვსო - გამოდის, რომ ამ ზრდიდან მიღებული შემოსავალი სწორედ იმ 5%-ზე ნაწილდება, რომელიც კვლევაში ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს. აქედან გამომდინარე, დარჩენილი 95% რჩება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც აქამდე იყო და მათზე ეკონომიკური ზრდა ვერანაირად ვერ მოქმედებს.
ამას ისიც დავამატოთ, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად მონოპოლიური ბიზნესების ჩამოყალიბება მიდის, რაც იმას მოასწავებს, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი უბრალოდ ქრება. იმას ვგულისხმობ, რომ თუ ასეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს, მაშინ პრემიერს რატომ უჭერ მხარს?! - მაგრამ იქ ფაქტორები მუშაობს, როდესაც პრემიერზე არის საუბარი. ანუ, კვლევის იმ ნაწილში წინა პლანზე ეკონომიკური პრობლემა არ მოდის.
- და ბოლოს, მაინც როგორი პოლიტიკური და სოციალური გარემო გამოიკვეთა ამ კვლევით?
- მძიმე... NDI-ის დღევანდელმა კვლევამ როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვანახა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე კონკრეტულად ვისაუბრეთ. ხოლო რაც შეეხება, პოლიტიკურ მდგომარეობას, კვლევაში მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლება დასავლეთთან ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, - აი, ეს პოლიტიკის ნაწილია. ასევე, პოლიტიკის ნაწილია, რუსეთთან და უკრაინასთან დამოკიდებულებაც. ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში სხვა პრობლემებთან ერთად არც პოლიტიკური ვითარებაა ნორმალური. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ!
თეო მჟავანაძე
მსგავსი სიახლეები



















