"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა

 "წარმოიდგინეთ, რომ "ქართული ოცნების" სახელისუფლებო პირამიდას გამოეცალოს ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი და შემდგე ნახეთ რა მოუვა ამ პირამიდას! ის თავიდან ბოლომდე ისე სწრაფად ჩამოიქცევა, რომ ბევრი მაღალი ჩინოვნიკი საქართველოდან გაქცევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუკი  გაიქცევა მხოლოდ იმით, რაც იმ მომენტში ტანზე აცვია!!",- წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ბესიკ ლაგვილავა.

 

 

 "არის თუ არა პირამიდა ყველაზე მდგრადი ნაგებობა?. დიახ, იტყვის ბევრი და დაამატებს, რომ სწორედ ამიტომ აშენებდნენ პირამიდებს ეგვიპტელები და სწორედ ამიტომ გაუძლეს მათ უკვე თითქმის 5000 წელს! 

 

თუმცა წინადადება "პირამიდა ყველაზე მდგრადი ნაგებობაა" სინამდვილეში არის... მცდარი! 

 

საკმარისია პირამიდა თავდაყირა დააყენო და მიხვდები, რომ ის ყველაზე არამდგრადი ფიგურაა კლასიკურ გეომეტრიულ ფიგურათა შორის! ფარაონთა პირამიდები არათუ 5000წელს ერთ წამსაც ვერ გაძლებდნენ ასე. 

 

გასაოცარია რამდენს უძლებს ქართული სახელმწიფო!

 

მონტევიდეოს კონვენციით სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ოთხი ნიშანი: 1. ტერიტორია; 2 მოსახლეობა; 3 ხელისუფლება. 4. უნარი ურთიერთობა დაამყაროს სხვა სახელმწიფოებთან

 

შევაფასოთ ქართული სახელმწიფო ამ კონვენციასთან მიმართებაში.

 

1. მას აქვს ტერიტორია, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი ტერიტორიები შემცირდა 20%-ით! 

 

2. მას ჰყავს მოსახლეობა, მაგრამ მისი ოდენობაც არათუ ყოველწლიურად, ყოველდღიურად მცირდება!

 

3. მას ჰყავს ხელისუფლება... თუმცა გასარკვევია  ეს არის ხელისუფლება, რომელიც მართავს თუ ეს ხელისუფლება რეალური მმართველის ფორმალური ნიღაბია მხოლოდ?! 

 

4.  ისიც საკითხავია - აქვს ქართულ სახელმწიფოს უნარი დამოუკიდებელი  ურთიერთობისა სხვა სახელმწიფოებთან თუ არა?! 

 

ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, მაგრამ მე უფრო ღრმად მხოლოდ მესამე საკითხს - "ხელისუფლების"  საკითხს მიმოვიხილავ!

 

რა არის ნორმალური ხელისუფლების პირამიდა? ის ჰგავს ეგვიპტურ პირამიდას ანუ პირამიდას, რომელიც ფუძეზე დგას და რომლის წვეროშიც კონცენტრირებულია უმაღლესი ხელისუფლება! ძველეგვიპტურ ხანაში წვეროში მოქცეული იყვნენ ფარაონები, შემდეგ ქურუმები, ფარაონის მხედართმთავრები და კარისკაცები... შემდეგ მოსამართლეები, ბაჟის ამკრეფნი, მეომრები და სადამსჯელო ადამიანები... სულ ქვევით კი ისინი, ვინც ეგვიპტის სიდიადეს და იმ გასაოცარ პირამიდებს აშენებდნენ ანუ თავისუფალი უბრალო ხალხი და მათზე დაბლა მდგომი მონები! 

 

სხვათა შორის, ხელისუფლების ასეთი პირამიდული მოწყობა დამახასიათებელია ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციისთვის დაწყებული მონათმფლობელური და ფეოდალური საზოგადოებიდან, როცა პირამიდის ქვედა ნაწილს წარმოადგენდა პლებსი, შუა ნაწილს პატრიციები, შემდგომ ეპოქაში ბარონები გრაფები და ჰერცოგები, ხოლო მათ სათავეში მოქცეული იყო მეფე ან იმპერატორი და დამთავრებული თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოებით, სადაც დემოსი ირჩევს ხელისუფლებას - პრეზიდენტს ან პარლამენტს, რომელიც თავის ნიშნავს პრემიერს და მის კაბინეტს, ხოლო ეს კაბინეტი ქვევით და ქვევით ქმნის ბიუროკრატიას ანუ სახელისუფლებო პირამიდას! 

 

 მე განზრახ არ შევეხე ქართული სახელმწიფოს სხვა პრობლემებს, დარღვეულ ტერიტორიულს,  მილევად მოსახლეობას, შეზღუდულ უნარს, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ურთიერთობები ჰქონდეს სხვა სახელმწიფოებთან! 

 

მე მხოლოდ ქართულ სახელისუფლებო პირამიდას მიმოვიხილავ და გეტყვით მის მთავარ პრობლემას! საქართველოში სახელისუფლებო პირამიდა... თავდაღმა დგას! 

 

წარმოიდგინეთ, რომ "ქართული ოცნების" სახელისუფლებო პირამიდას გამოეცალოს ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი და შემდგე ნახეთ რა მოუვა ამ პირამიდას! ის თავიდან ბოლომდე ისე სწრაფად ჩამოიქცევა, რომ ბევრი მაღალი ჩინოვნიკი საქართველოდან გაქცევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუკი  გაიქცევა მხოლოდ იმით, რაც იმ მომენტში ტანზე აცვია!! 

 

ანუ პირამიდა დგას არა ხალხზე, დემოსზე და ღირსეულ და თავისუფალ , მოუსყიდველ და არაძალადობრივ არჩევნებზე, არამედ პირამიდის წვერზე - ბიძინა ივანიშვილზე! 

 

ამიტომაც არის ჩვენი ხელისუფლება არამყარი! ამიტომაც განსხვავდება ხშირად მისი და დემოსის ინტერესები და ზუსტად ამიტომ მოუწია სამიოდ კვირის წინ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. "აგენტების შესახებ" კანონის უკან გაწვევამ! 

 

არავინ დამიწყოს საუბარი ბიძინა ივანიშვილის როლზე კამათი სახელისუფლებო პირამიდაში! არავინ თქვას, რომ ის არ წარმოადგენს უმთავრესს სახელმწიფოს მართვის პირამიდაში! არც არავის სჯერა და ნურც მეტყვით, რომ ის კი არა კობახიძე და ღარიბაშვილი წარმოადგენენ პირამიდის წვეროს! ნურც იმას მეტყვის ვინმე, რომ ივანიშვილი რომ გამოაცალო "ქართული ოცნების" სახელისუფლებო პირამიდა მაინც გააგრძელებს  ფუნქციონირებას! 

 

სოციალურმა სივრცეში უამრავი ადამიანი გამოხატავს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე საკუთარ აზრს, მათ შორის ე.წ. ექსპერტები, მეცნიერები, ხელოვანნი, რომელთაც საკუთარი ხშირად ფრიად მწირი აზრი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ! მათ მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრობენ ილუზიებში!  ასეთ ხალხს ხან სტადიონებზე შეკრებენ და როცა შემკრებნი წაივაჭრებენ და საკუთარ სარგებელს მიიღებენ შემდეგ დაშლიან, სანამ სხვა არ დაუძახებს... მოდი კიდევ ერთხელ ჩავხედოთო ერთმანეთს თვალებში! სასაცილოა?!  იქნებოდა სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე!

 

 შედეგად არც მათთვის და არც უბრალო მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება! 

 

ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო პირამიდის სათავეში მოვიდა მიშა სააკაშვილის რეალურად ძალადობრივი რეჟიმის აღმოფხვრის, საზოგადოების შიშისაგან განთავისუფლების, საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრების, ეკონომიკის უპრეცედენტო  ზრდის კეთილშობილური ლოზუნგებით! 

 

მე არ დავიწყებ მისი ე.წ. პროგრამის კრიტიკას... არ დავიწყებ საუბარს უფასო ფულზე, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის შემცირებულ ფასზე და ა.შ. არც იმას ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ტყუილი იყო! 

 

მე ვუშვებ, რომ როცა ხელისუფლებაში მოდიოდა მას ჰქონდა კეთილშობილური ზრახვები! მან მართლაც შეამცირა სამართალდამცავ ორგანოთა ძალადობა, ხალხმაც ბევრად თავისუფლად დაიწყო საუბარი და მათ შორის კრიტიკული აზრის გამოთქმა. განხორციელდა  რეფორმები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების უფასოდ მისაწოდებლად... თუმცა, შედეგი მაინც არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა! შემდეგ კი მოხდა ის, რაც ყველა ხელისუფლებას მოსდის! დაიწყო ხელისუფლების გადაგვარების პროცესი.

 

რა მოხდებოდა, რომ 2012-ში ბიძინას მოეხერხებინა და სახელისუფლებო პირამიდაში მოეყვანა სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები?! რა თქმა უნდა არა ყველა, მაგრამ ვფიქრობ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ კიდეც სამშობლოს რეალური პატრიოტები! თუმცა როგორც ხშირად ხდება, უმეტესობა მაინც ჩვეულებრივი მედროვე მამაძაღლი იყო! 

 

 იყო სრულიად კურიოზული შემთხვევებიც, როცა უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში მოხვდნენ ადამიანები კრიმინალური წარსულით, ჩვეულებრივი ბოტასების ქურდები მართავდნენ უმაღლეს საგამოძიებო ორგანოებს,  უმაღლეს თანამდებობებზე მოხვდნენ ადამიანები უმაღლესი განათლების ყალბი სერტიფიკატებით, სასამართლო ხელისუფლება მისი კონტროლის მიზნით ჩაბარდა იმ ოდიოზურ ხალხს, რომელთაც სახელებს კონფორმიზმის და უპრინციპობის სინონიმებად მიიჩნევდა საზოგადოება...  და ა.შ.

 

მაგრამ ესეც რომ არ მომხდარიყო და მართლაც სამშობლოსათვის გულანთებული ადამიანები ყოფილიყო უკლებლივ ყველა, ვინც მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა, ხელისუფელბაში ყოფნას იმდენი ცდუნება მოაქვს, რომ გამორიცხულია 4 წლის შემდეგ  ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუგროვებდათ უამრავი შეცდომა და დანაშაული! ყველაფერი კი მარტივად იწყება... ბიძაშვილი სამსახურს გთხოვს, შენ კი "სანდო კაცი" გჭირდება... მოგბეზრდა ცხოვრება მამა-პაპის დანატოვარ "ხრუშჩოვკაში" და ცოლ-შვილი ახალ ბინას ითხოვს, შენ კი ამის გაკეთება ერთი ხელისმოწერით შეგიძლია ... მოკლედ ცდუნება უამრავია... შესაძლებლობაც ფაქტობრივად შეუზღუდავი... 

 

და ასე ირყვნება ნებისმიერი(!) ხელისუფლება და  ამიტომ არის საჭირო არჩევნები, თორემ მოვაწყობდით ერთ სამართლიან არჩევნებს, ავირჩევდით ერთხელ კარგებს, პრინციპულებს, გულანთებულებს, ნიჭიერებს და მივანდობდით ქვეყნის მართვას ღრმა სიბერემდე ან როგორც მოსამართლეებს - სამუდამოდ ! 

 

ამიტომ არის ხელისუფლების ქმედუნარიანობის, მისი აქტივობის ასამაღლებლად აუცილებელი ხელისუფლების ცვალებადობა! ამიტომ მითხრა ერთმა ჩემმა ჭკვიანმა, თუმცა სრულიად აპოლიტიკურმა, თან ძალიან წარმატებულმა ბიზნესმენმა მეგობარმა მარტივი და მაგრამ  თითქმის აბსოლუტური ჭეშმარიტების შემცველი ფრაზა - "მე ვიცი ერთი რამ, ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს!"

 

გრძნობს თუ არა ამოყირავებული სახელისუფლებო პირამიდის წვერი, რომელზეც დგას  მთელი ხელისუფლება, რომ გარდაუვალია სახელისუფლებო ცვლილებები?! გრძნობს თუ არა ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ხიფათის შემცველია, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხით ქვეყნის მართვის გაგრძელება?! გრძნობს თუ არა იმ პირამიდის სიმძიმეს, რომელიც მის მხრებზე დგას უკვე 11 წელიწადია?! დაანახა თუ არა 8-9 მარტის აქციებმა, თუ როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და იმ ხელისუფლებამ, რომელიც ერთი შეხედვით მყარი ჩანს, ქარიშხალში სარეცხ თოკზე გაკიდებული თეთრეულივით  დაიწყოს ფრიალი და გამორიცხული არ არის თოკთან ერთად მოწყდეს კიდეც?!

 

შესაძლოა, მას ღრმა სახელმწიფო მართვის და პოლიტიკის ცოდნა არ გააჩნია და ამიტომაც ცდილობდა ემართა ქვეყანა, როგორც საკუთარი შპს, მაგრამ ის უჭკუო და მიუხვედრელი კაცი არ არის! 

 

ვფიქრობ, ის ამას გრძნობს! ოღონდაც ვშიშობ, რომ ის ისევ პირამიდის წვერიდან ფიქრობს სიტუაციის მართვას და დალაგებას! ის ხაზავს და ხატავს ახალ სახელისუფლებო პროექტებს... ყოფილმა პრემიერმა გილაურმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს! გილაურის განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა მელია, გილაურ, დეკანოიძის ტრიოს გარშემო ხალხის ორგანიზება, მაგრამ მგონია სადღაც, ვიღაც ხატავდა ასეთ პროექტსაც კი!  თუმცა... 

 

თუმცა, ცხადია, "ქართული ოცნება" ივანიშვილის ახალ პროექტებში არ მოიაზრება "ერთმმართველ ძალად" და მისი ხელისუფლებაში შენარჩუნება  მხოლოდ კოალიციაში თუ იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი... მთავარი ის არის,  რომ ვშიშობ, ის ისევ ფიქრობს ხელისუფლებაზე, თუნდაც ფორმალურად კოალიციურზე, რომელშიც შესაძლებელი იქნება პირამიდის წვეროდ, რომელზეც დგას "ამოყირავებული პირამიდა", ისევ თავად დარჩეს! 

 

ამას კი კოსმეტიკა ჰქვია და ამ კრიზისულ შიდა და გარე სიტუაციაში, როცა ფაქტობრივად წყდება ქვეყნის ბედი ასეთი "კოსმეტიკა" გამოიყურება, როგორც ფერუმარილი "ვადაგასული ლამაზმანის" სახეზე და  სახიფათოა ქვეყნის მომავლისთვის!"- წერს სოციალურ ქსელში ბესიკ ლაგვილავა

 





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"