
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა. მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რუსეთის კიდევ ერთი სქემა.
„სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა“, - წერს გამოცემა SOVA.
მედიის ინფორმაციით, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალიას ლაბახუამ.
„ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი დაუბრკოლებლად შემოვიდა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები“ , - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ლაბახუას თქმით, მატარებელი საპირისპირო მიმართულებით წავა სხვა ტვირთით რუსეთის ფედერაციაში.
„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებით. იქ საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრს მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც ამბობენ, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი „კაპიკობით“ შეივსება“, - აღნიშნა ლაბახუამ.
მსგავსი სიახლეები



















