„საქართველოში კარგად ესმით, რომ ტერიტორიის გადაცემა აზერბაიჯანისაგან აბსოლუტურად შეუძლებელია"- უცხოური პრესა

აშშ-ის რადიოსადგურის „თავისუფლება - თავისუფალი ევროპის“ (RFE//RL) რუსულენოვანი სამსახურის - «Радио Свобода – Эхо Кавказа»-ს ეთერში გადაიცა ჟურნალისტ ვადიმ დუბნოვის საუბარი აზერბაიჯანელ პოლიტოლოგთან, აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „თურან“-ის რედაქტორთან შაინ გაჯიევთან, რომელმაც მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი და თავისი თვალსაზრისი გამოხატა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ იქნა განხილული.

 

ინტერვიუ რადიოსადგურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „აზერბაიჯანმა დაარწმუნა საქართველო, რომ ის ფინანსურად არ დაზარალდება“. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

 

- საქართველოში ამ ვიზიტთან დაკავშირებით ყურადღება ძირითადად გამახვილებული იყო, უპირველესად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის გამო. როგორ შეაფასებდით თქვენ, ბაქოდან, იმ თემების პრიორიტეტს, რომლებიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის იქნა განხილული?

- ქართული საზოგადოების მოლოდინები და განწყობები, რასაკვირველია, გასაგებია... მართალია, ბაქოში მოლაპარაკებისას დავით გარეჯის თემაც იქნა განხილული, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ეს თემა მთავარი იყო. არა იმიტომ, რომ ეს ბაქოში არ სურდათ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგად ესმით, რომ ტერიტორიის გადაცემის საკითხი, თუნდაც მცირე ნაწილისა, მით უმეტეს, ამჟამინდელ ვითარებაში, აზერბაიჯანისაგან აბსოლუტურად შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ მხარეები ახლოს დგანან [დავით გარეჯის ისეთ სტატუსთან], რომ გადაწყდეს ამ ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება, ქართველი მნახველების თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფით, ანუ შემოღებული იქნეს ერთგვარი თავისუფალი ზონა, „ტურისტული ზონა“, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე რეალური და ყველაზე უმტკივნეულო გადაწყვეტილება. ალბათ, საკითხიც ასე მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, ბაქოს თვალსაზრისი სწორედ ასეთია.

 

- თქვენი აზრით, მაშ რა იყო მოლაპარაკების მთავარი თემა?

- ვფიქრობ, მოლაპარაკების მთავარ თემას ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. მხედველობაში მაქვს ის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგების საფუძველზე შეიძლება ამოქმედდეს. მას ჩვენ „ზანგეზურის დერეფანს“ ვუწოდებთ, რომელიც ბაქოს, სომხეთის მეგრის რაიონის ტერიტორიის გავლით, ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს. თბილისს ამ დერეფნის მიმართ აშკარად ნერვიული რეაქცია ჰქონდა და ეჭვიანობდა კიდეც. ეს იმიტომ, რომ თუ დღემდე სომხეთი რუსეთს საქართველოს ტერიტორიით (ზემო ლარსით) უკავშირდება, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით ზემო ლარსის მნიშვნელობა სერიოზულად გაუფასურდება. საქართველო ფინანსურად დაზარალდება. ასევე წარმოიქმნა რუსული გაზის მიწოდების საკითხი სომხეთისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, რომელიც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა („ჩრდ.კავკასია - ამიერკავკასიის“ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო). ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ამით ისევ საქართველოს ფინანსური ინტერესები ზარალდება. და თუ გახსოვთ, თბილისში ხმებიც გაისმა - იქნება აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რომ ზანგეზურის (მეგრის) დერეფანი არ ამოქმედდეს და სომხეთმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთით განახორციელოსო...

ასე რომ, ვფიქრობ, ბაქოში მოლაპარაკების მთავარ თემას სწორედ ტრანზიტითან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო დააჯერეს იმაში, რომ მისი ფინანსური ინტერესები არ დაზარალდება, მისი სატრანზიტო როლი არ შემცირდება და ტვირთების მთავარი ნაკადი პერსპექტიულ ევრაზიულ დერეფანში ისევ საქართველოს ტერიტორიით მოხვდება ევროპაში... ასევე სასარგებლო იქნება საქართველოსთვის სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაც სამომავლოდ თურქმენული და ირანული გაზით... მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ფართოვდება ტვირთების ტრანზიტი რკინიგზით ჩინეთისაკენ და პირიქით... გარდა ამისა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მთავარ ინვესტორად რჩება. ვფიქრობ, აი, ეს მთავარი საკითხი, რომელიც ქართველებს აღელვებდათ, მოგვარებულია და ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

 

- ამჟამად ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ ბაქოსაც უნდა ეწვიოს. იქმნება გარკვეული „მაქოსებური დიპლომატიის“ კონტურები... როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიც ამ „მაქოსებურ“ კომპლექსში თავსდება?

- ვფიქრობ, სწორედ იმ ასპექტში, რაზედაც ახალ ვილაპარაკე. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ ეს საკითხი აღელვებდა: ხომ არ მოხდება ისე, რომ რუსეთი ამ ახალი დერეფნის გახსნით საქართველოს დააზარალებს? სწორედ ეს იყო [ვიზიტის] მიზანი. თუმცა, ვფიქრობ, სერგეი ლავროვს ბაქოში ჩამოსვლით უფრო გლობალური საკითხის გადაწყვეტა სურს, რომელიც ზავის ჩამოგდების შემდეგ დადგა: პროცესის მშვიდობიანი დასრულება. სერგეი ლავროვი ცდილობს, რომ სომხეთში გადატრიალება არ მოხდეს, რომ საფრანგეთსა და ამერიკას მინსკის ჯგუფში დომინირების შესაძლებლობა არ მისცეს. ცხადია, რომ მასში ახლა აშკარად რუსეთი ლიდერობს.

 

- საერთოდ, ომმა და ომის შემდგომმა სიტუაციამ რაიმე შეცვალა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში?

- არაფერი. რასაკვირველია, ომის დროს იყო მომენტი, რომელიც სომხეთისაკენ იარაღის ტრანზიტს ეხებოდა. ამიტომ ბაქომ უკმაყოფილება გამოხატა, თან მიანიშნა, რომ საქართველო ბევრად არის აზერბაიჯანზე დამოკიდებული და რომ ბაქომ ბევრი რამ გააკეთა თბილისის სასიკეთოდ, ამიტომ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა გაუარესდეს. საბედნიეროდ, [ინციდენტი] არ გაღრმავებულა და საკითხი განცხადებებით ამოიწურა.

 

- როგორ შეაფასებდით საქართველო-აზერბაიჯანის ამჟამინდელ ურთიერთობებს? ძალიან ბევრია მტკიცე მეგობრობის ამსახველი განცხადებები, გამოსვლები, დარწმუნებები, ემოციები და პათოსი... სინამდვილეში კი თქვენ როგორ განსაზღვრავდით სავარაუდო წინააღმდეგობებს ორ მეზობელს შორის?

- იცით, სუფთა პრაგმატულად რომ შევხედოთ, ემოციების გარეშე, აშკარად ჩანს, რომ საქართველო ბევრად არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე, ამ სიტყვის კარგი გაგებით. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია, მთავარი ინვესტორია, საქართველოში აზერბაიჯანელთა მრავალრიცხოვანი დიასპორა ცხოვრობს... ამრიგად, არ არსებობს იმის ობიექტური მიზეზები, რომ ჩვენი ურთიერთობები ცუდი იყოს. მართლაცდა, რატომ უნდა იყოს ცუდი? ჩვენი მეზობლობა - ეს ხომ ვაჭრობაა, თანამშრომლობა და ურთიერთუსაფრთხოება. ჩვენ ხალხებს ისტორიულადაც სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შუა საუკუნეებში სახანოებს შორის ომებს. ობიექტურად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ არსებობს სერიოზული კონფლიქტის საფუძველიც.

 

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/31239836.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა
ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე
რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა
ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა
ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა
რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა
ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში
"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს"
ამ ქვეყანას „მედლის ორივე მხარე“ მიმზიდველი აქვს - რას წერს უცხოური პრესა საქართველოზე
"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა
რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული
უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის
რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება
ჩინეთი ნატოსთვის: მუქარა თუ გამოწვევა?
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია
რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე
ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულის ისტორია და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება
ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება