"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian»)  გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კომპრომისი ანგელა მერკელთან და დათმობა მოსკოვთან“, რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას ეხება: აშშ-მა და გერმანიამ გადაწყვიტეს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი“-2“-თან დაკავშირებული დავა დაასრულონ: მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამერიკა არ გამოუცხადებს მილსადენის მფლობელ კომპანიას («Nord Stream 2 AG») სანქციებს, გერმანია დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკის დარგის განვითარებაში, ხოლო ორივე - ვაშინგტონი და ბერლინიც ვალდებულებას იღებენ, რომ „რაღაც გააკეთონ რუსეთის წინააღმდეგ“, თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტს შეწყვეტს.

 

ვალდებულების მთელი პასუხისმგებლობა უფრო მეტად გერმანიის კისერზეა, რადგან სწორედ ბერლინს სურს რუსული იაფი გაზის მიღება თავისი ეკონომიკის განვითარების მიზნით. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ვალდებულობს, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკას უკრაინის წინააღმდეგ იარაღის სახით გამოიყენებს ან აგრესიულად იმოქმედებს, მაშინ ბერლინი ეროვნულ დონეზეც მიიღებს ანტირუსულ ზომებს და ამისთვის ევროკავშირში თავის გავლენასაც გამოიყენებს“, - განაცხადა 21 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.

 

რა სურთ უკრაინას და ამერიკას

 

უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, რომელთა ტერიტორიაზე ამჟამად რუსული გაზის იტუმბება გერმანიისაკენ, კვლავ ითხოვს „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მსენებლობის შეჩერებას და ვარაუდობს, რომ აშშ-ის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ვაშინგტონში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს, რომელიც 30 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

 

ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ძირითადი საგარეოპოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გამოასწოროს და გააუმჯობესოს დონალდ ტრამპის მიერ საკმაოდ შესამჩნევად გაფუჭებული ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელთანაც თითქმის უკვე დასრულებული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სადაო საკითხად გადაიქცა: აშშ პროექტის მონაწილეებს ყოველნაირ სანქციებს უცხადებდა (თან ბერლინს რუსული იაფი გაზის სანაცვლოდ, თავის ძვირ თხევად გაზს სთავაზობდა), გერმანია კი ყოველნაირად ცდილობდა გაზსადენის მშენებლობის დასრულებას

 

რამდენიმე თვის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ანგელა მერკელის მთავრობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დაიწყეს გაზსადენთან დაკავშირებული კინკლაობის დასრულების მიზნით. ჯო ბაიდენმა მაისში გაზსადენის მფლობელი კომპანიის - Nord Stream 2 AG-ის მიმართ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული სანქციებიც კი გააუქმა, რომ მოლაპარაკებას ხელი არ შეშლოდა.

 

მოლაპარაკების შედეგების შესახებ ორი დღის გახდა ცნობილი, როცა ამის შესახებ მასალები გამოაქვეყნეს ჯერ გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“, შემდეგ კი სააგენტოებმა „როიტერმა“, „ბლუყმბერგმა“ და ინტერნეტ-გამოცემა „პოლიტიკომ“.

 

შეთანხმების ზოგიერთი დეტალი

 

აშშ-სა და გერმანიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამერიკა პირობას დებს არ განაახლოს სანქციები «Nord Stream 2 AG»-სა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, თუმცა უფლებას იტოვებს გარკვეული წერტილოვანი ზომების მისაღებად. „ზოგადად ამერიკელები ისევ მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ამბობენ, რომ გერმანიასთან დადებული შეთანხმება ამცირებს რუსეთის აგრესიული ქმედების რისკებს და იმის ალბათობას, რომ კრემლი უკრაინის მიმართ რაიმე აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს“, - აღნიშნულია ბრიტანული „როიტერის“ ანალიზში.

 

დოკუმენტის თანახმად, გერმანია უკრაინას ენერგოსექტორის მხარდასაჭერად 200 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს და შექმნის ე.წ. „მწვანე ფონდს“, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. გარდა ამისა, ვაშინგტონის და ბერლინიც ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ კრემლმა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი კიდევ ათი წლით გააგრძელოს, ანუ 2034 წლამდე. ამჟამინდელ კონტრაქტს მოქმედების ვადა 2024 წელს უმთავრდება.

 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჯერ კიდევ ივნისში კონგრესის წარმომადგენლების პალატაში გამართულ მოსმენებზე აცხადებდა, რომ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უკვე 98%-ით არის მზად ექსპლოატაციისათვის და ამერიკამ როგორც არ უნდა დაამუხრუჭოს პროექტის რეალიზება, მშენებლობა ფაქტიურად უკვე დასრულებულია.

 

სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დერეკ შოლე კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მასპინძლების დარწმუნებას შეეცადა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარეზეა და რომ აშშ არ მისცემს რუსეთს ენერგო შემცველებით შანტაჟირების უფლებას.

 

კომპრომისი ბერლინთან და დათმობა მოსკოვთან

 

ის, რომ აშშ-გერმანიის შეთანხმება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით უკრაინისთვის გარანტიებს შეიცავდა, კერძოდ, მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი კიდევ მინიმუმ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა, ვიქტორია ნულანდმა შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნებამდე ორიოდე საათით ადრე განაცხადა. „ჩვენ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ამ შეთანხმების დადებაც აუცილებელი იყო, რადგან გაზსადენის მშენებლობა ფაქტიურად დასრულებულია. უკრაინა დიდი რისკების წინაშე დგას, კიევი დაზარალდება, თუ რუსული გაზის გარკვეული რაოდენობა მის ტერიტორიაზე არ გაივლის“, - აღნიშნა მან.

 

აშშ-ის კონგრესში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც შეთანხმების პირობებით უკმაყოფილონი არიან. მათ ჯერ კიდევ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში მხარი დაუჭირეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სათვის სანქციების დაწესებას, ახლა კი გამოდის, რომ მათი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა? სხვათა შორის, ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სულ სხვანაირად ლაპარაკობდა და რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მეორე მილსადენის მსმენელების წინააღმდეგი იყო. მოგვიანებით კი მან პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა და კანონის დარღვევაზეც კი წავიდა - გამოაცხადა, რომ მილსადენს სანქციებს არ გაუგრძელებდა.

 

მოსკოვში ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად აშშ-ის სისუსტედ ჩათვალეს. „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა და ეს იმ დროს გააკეთა, როცა ევროპას მეტი გაზი სჭირდებოდა. შემდეგ ვლადიმერ პუტინმა, „წყალობის“ სახით, განაცხადა, რომ მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, „მაგრამ იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა“.

 

რუსული რიტორიკა ვაშინგტონში თითქოსდა ვერ შენიშნეს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკის სახდეპარტამენტის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა და უკრაინელებს მიუთითა - თავი შეეკავებინათ [ანტირუსული განცხადებებისაგან] და პროტესტებიდან, რომლებიც გაზსადენს ეხებოდა.

 

კონგრესში, მართალია, „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ: უკვე მზადდება კანონპროექტი სანქციების დაუყოვნებლივი განახლების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციებს ეხება და მის დაფინანსებას უკავშირდება, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტი 2022 წელს უნდა დამტკიცდეს, კანონპროექტი თავის დანიშნულებას კარგავს: ამ დროისათვის გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება.

 

და ბოლოს, კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-გერმანიის შეთანხმებასთან დაკავშირებით:

 

21 ივლისის საღამოს ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა და დიდ ხანს ელაპარაკა. საუბრის თემები ეხებოდა უკრაინას, გაზსადენს, გერმანია-აშშ-ის შეთანხმებას, რუსეთის პოზიციას. ალბათ, ამ საუბრის უფრო ფართო ვერსია უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

 

21 ივლისს საღამოს უკრაინამ და პოლონეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც... გერმანია-აშშ-ის შეთანხმება დაგმეს: „ეს დოკუმენტი უკრაინას და მთლიანად ევროპას დამატებით პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეებს უქმნის და აფართოებს ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-57916643

https://p.dw.com/p/3xoN8

https://www.bbc.com/russian/news-57924124





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ