რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა

რუსული ცნობილი გამოცემის „ლენტა.რუ“-ს («Lenta.ru») კორესპონდენტმა ვალენტინა შვარცმანმა ინტერვიუ ჩამოართვა მალთეფეს უნივერსიტეტის (სტამბოლი) პროფესორს ჰასან უნალს, რომლის ტექსტი ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „დიპლომატიური აკრობატიკა. თურქეთი ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს და უკრაინას იარაღით ამარაგებს. როგორ ახერხებს ანკარა ასეთ სიტუაციაში მოსკოვთან მეგობრობას?“.

 

„რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა, თუმცა მათ ადრესატს ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო არ წარმოადგენს, განსაკუთრებით თურქეთი. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები საკმაოდ დათბა ყარაბაღის ომის შემდეგ - მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მოსკოვთან არაერთგვაროვან პოლიტიკას ახორციელებს. მაგალითისათვის შორს არ წავალთ: თურქეთს დღემდე არ უღიარებია ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში და უკრაინას იარაღით ამარაგებს. როგორ პოლიტიკას გაატარებს თურქეთი რუსეთთან იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვ-ბრიუსელის  ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება? რა გარიგება შეიძლება დაიდოს ანკარასა და მოსკოვს შორის ყირიმითან მიმართებით? ამ კითხვებზე გვპასუხობს თურქეთის მალთეფეს უნივერსიტეტის (სტამბოლი) პროფესორი, პოლიტოლოგი ჰასან უნალი“, - აღნიშნულია ინტერვიუს შესავალში.

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 

- უკრაინასთან მიმართებით რუსეთსა და თურქეთს შორის რამდენიმე სადაო საკითხი არსებობს, მათ შორის ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით. თურქეთს ჯერ კიდევ არ უღიარებია ყირიმის რუსეთის ფედერაციის ნაწილად...

- მე ვთვლი, რომ თურქეთმა და რუსეთმა შეთანხმება უნდა გააფორმონ ყირიმთან და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან (ჩკთრ) დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ რუსეთი სათავეში ჩაუდგება ჩკთრ-ის აღიარებისათვის მოძრაობის დაწყებას. აბა, წარმოიდგინეთ: თუ კვიპროსი გაერთიანდება, ის აუცილებლად ნატოს წევრი გახდება. აწყობს ეს რუსეთს? ვფიქრობ, რომ არ უნდა აწყობდეს, მოვლენების ამგვარი განვითარება რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. როგორც კი რუსეთი ჩთრკ-ს აღიარებს, თურქული ავიაკომპანიები იმავე დღეს ყირიმში პირდაპირ სამგზავრო ავიარეისებს განაახლებენ. თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლება უარს იტყვის იმ ნარატივზე, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილად ითვლება. ცხადია, ეს თანმიმდევრობითი პროცესი იქნება, ეტაპობრივად განხორციელდება.

 

- ანუ თქვენ გვთავაზობთ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს, ამის სანაცვლოდ კი თურქეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში აღიარებს... არა რეალისტურ წინადადებას ჰგავს. თურქი პოლიტიკოსები ხომ სულ მუდმივად იმას იმეორებენ, რომ ისინი ყირიმს რუსეთის ნაწილად არასოდეს არ აღიარებენ...

- იცით, ბოლო დრომდე თურქეთის ხელმძღვანელობა ძალზე მკაცრად აკრიტიკებდა ეგვიპტეს, საუდის არაბეთს... ახლა კი მათთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ისრაელთანაც, მიუხედავად ამჟამინდელი რთული დამოკიდებულებისა, ურთიერთობის ნორმალიზება იგეგმება. ასე რომ, მარადიული არაფერია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

რაც შეეხება ანკარის ნარატივს ყირიმთან მიმართებით... კაცმა რომ თქვას, თქვენც გაქვს მსგავსი ნარატივი კვიპროსთან მიმართებით - სულ იმას იმეორებთ, რომ „კვიპროსის საკითხი გაეროს რეზოლუციების თანახმად უნდა მოწესრიგდეს“ და გაიძახით რაღაც აბდაუბდას - „ერთიანი კვიპროსის სახელმწიფოს ფარგლებშიო“. მაგრამ როგორც გითხარით, ასეთი პოზიცია რუსეთის ინტერესებში არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ რაღაც მომენტებში გარკვეული ხედვები და რიტორიკა შეიძლება არარეალისტურად მოგეჩვენოთ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ პოლიტიკოსები რიტორიკას იმიტომ მიმართავენ, რომ სავარაუდო მოლაპარაკებისთვის მათი ვითომდა ძლიერი პოზიციები წარმოაჩინონ.

საერთოდ, მე ხშირად მიფიქრია ყირიმის სტატუსზე. არ მესმის, რატომ იქნება ყირიმისა და ყირიმელებისათვის უკეთესი, თუ ისინი უკრაინას დაუბრუნდებიან. (...) ჩემი აზრით, თურქეთს სულაც არ სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, რადგან ყირიმი ისედაც უკვე რუსეთის ნაწილს წარმოადგენს. არც რუსეთს არ სჭირდება იმის თხოვნა, რომ თურქეთმა ყირიმი იურიდიულად აღიაროს. მოსკოვმა უკეთესია ანკარას თურქული სამგზავრო  ავიაკომპანიების რეისების  განახლება სთხოვოს და თუ ავიარეისები განახლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში აღიარებს. ცხადია, ამისათვის დროა საჭირო. რუსეთისთვისაც აუცილებელი არ არის ჩკთრ-ის იურიდიული აღიარება, ამის ნაცვლად უკეთესი იქნება, თუ მოსკოვიდან პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება ერჯანის აეროპორტში, თუ რუსეთი პირდაპირ ივაჭრებს ჩრდილოეთ კვიპროსთან და ხელს არ შეუშლის მისი გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებს ჩთრკ აღიარონ.

 

- მაგრამ თურქული ავიაკომპანიების პირდაპირი რეისები ყირიმში აშკარად არ მოეწონება უკრაინას და, ალბათ, კიევ-ანკარის ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს...

- კი, ალბათ, გაუარესდება, მაგრამ სიტუაცია გვკარნახობს, რომ ასე უნდა გაკეთდეს.

 

- ანუ თქვენ თვლით, რომ თურქეთი მზად იქნება უკრაინასთან ურთიერთობა ყირიმის საკითხს შესწიროს?

- ყველაფერი თვითონ უკრაინაზე იქნება დამოკიდებული. დიახ, რა ტქმა უნდა, კიევს შეუძლია გვითხრას: თუ თქვენი თვითმფრინავები ყირიმში დაფრინავენ, მაშინ ჩვენ თქვენთან ურთიერთობას გავყინავთ. კაცმა რომ თქვას, ეს მათი არჩევანი იქნება, მაგრამ კიევი ამაზე არ წავა. იმიტომ, რომ უკრაინას ძალიან სჭირდება თურქეთთან ურთიერთობის შენარჩუნება ნატოში გაწევრიანების მიზნით და რიგი სხვა საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინელებს  ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვა მოუწევთ.

საერთოდ, ყირიმზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საუბარი ნატოელ კოლეგებთან: „კი, რასაკვირველია, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, მაგრამ ყველას მშვენივრად გვესმის, რომ მოსკოვი ყირიმს უკრაინას აღარ დაუბრუნებს“.

 

- თურქეთი თავის თავს რუსეთის საკვანძო პარტნიორად თვლის. მაგრამ მაშინ რატომ მონაწილეობს ანკარა ე.წ. „ყირიმის პლატფორმაში“? თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის სავარაუდო მონაწილეობა „პლატფორმის“ წევრების სამიტში?

- მე ვფიქრობ, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი თურქეთისათვის ბაგირზე სიარულს ჰგავს. რუსეთი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური გადახრა არ ღირს იმად, რომ ჩვენი ურთიერთობები დაზარალდეს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, რუსეთისთვისაც დიდად ფასობს: აბა, წარმოიდგინეთ - ნატოს წევრი სახელმწიფო მოსკოვთან მტკიცედ თანამშრომლობს... ჩვენ ასევე ურთიერთობა გვაქვს უკრაინასთანაც, რომელიც გვჭირდება და მას შევინარჩუნებთ. ამასტან დაკავშირებით, თურქეთის მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმაში“ ანკარის საშუამავლო როლს გაზრდის. მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

- ანუ თქვენ არ ელოდებით, რომ თურქეთის მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში რუსეთსა და თურქეთთან ერთმანეთს დააშორებთ?

- არა, მე არ ველოდები სიტუაციის ასეთ განვითარებას. პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანს კარგად ესმის, თუ რამდენად ძვირფასია რუსეთი თურქეთისათვის. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი, როგორც ვხედავთ, ერთმანეთთან კარგად არიან, მათ ერთმანეთისა ნამდვილად ესმით. დიახ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში იყო წარმატებებიც და უკუსვლებიც, იყო თავისებური კრიზისები, მაგრამ ჩვენთვის ეს გაკვეთილებია და დასკვნები გავაკეთეთ.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ