როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა

აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნილ ფერგიუსონი, გერმანული გაზეთის „ჰანდელსბლატ“-ისათვის («Handelsblatt») მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის პანდემიაზეც საუბრობს. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით „პანდემიის ეკონომიკური შედეგები მსოფლიო ომის შედეგების ტოლფასია“ (ესაუბრება ჟურნალისტი ტორსტენ რიკე).

 

თუ როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს, ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი აღნიშნავს:

 

„ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტი დადებითი შედეგისათვის მიგვეღწია. მე ჩვენს მცდელობას „სამიანზე“ შევაფასებდი... ჩვენ ვებრძვით არა მსოფლიოს დასასრულს, არამედ ისეთ კატასტროფულ მოვლენებს, რომლებიც გარკვეული დროის მონაკვეთში ხდება (მეორდება) და ამ დროს ყველა იმ შესაძლებლობებით არ ვსარგებლობთ, რასაც მეცნიერება გვთავაზობს. საინტერესოა, თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ რამდენიმე დღეში ვირუსი გავშიფროთ და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად შევქმნათ, მაშინ რატომ ხდება, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც კი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად 10 ათასი ადამიანი კვდება?

 

ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: სახელმწიფოს ბიუროკრატია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ცხოვრობს და კატასტროფებზე ისე ვერ რეაგირებს, როგორც  უნდა რეაგირებდეს. სოციალურ ქსელები ხელს უწყობს და პროვოცირებს „ფეიკური ახალი ამბების“ წარმოქმნას, რის შედეგადაც „მსოფლიო შეთქმულების თეორიები“ და რაღაც გიჟური მასალები ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. ეს ყველაფერი ხელს უსლის ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას...

 

ზოგი მთავრობა კარგად მუშაობს, ზოგიც ნაკლებად, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ავტორიტარულმა ქვეყნებმა - ისეთებმა, როგორებიც, ვთქვათ, რუსეთი და ჩინეთია - ვირუსის წინააღმდეგ უკეთესი რეაგირება მოახდინეს. „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულები იყვნენ ტაივანი და სამხრეთ კორეა, ეს ორი ქვეყანა კი დემოკრატიულია. მათ ისარგებლეს SARS-ის ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებით და უფრო სწრაფად იმოქმედეს, ვიდრე დასავლეთის უმეტესმა ქვეყნებმა. გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ ჯერ ძალიან დაყოვნდნენ, შემდეგ კი ვაქცინა სწრაფად შექმნეს და აცრების კამპანია დაჩქარებული ტემპით დაიწყეს. ასე რომ, ამ საკითხში „ოქროს მედალი“ არავის არ ეკუთვნის, ყველამ რაღაც შეცდომა დაუშვა...

 

ამერიკელთა თითქმის ნახევარი, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ (და ახლაც არიან), რომ ვაქცინა მიკროჩიპს შეიცავს. როგორ უნდა ებრძოლო ამ საშინელ უგუნურებას? რასაკვირველია, შეთქმულების კიდევ უფრო უარესი თეორიები შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიების დროსაც იყო, მაგრამ დღეს მსგავსი ჭორები, სამწუხაროდ, ინტერნეტის მეშვეობით ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩვენ შევქმენით ინფორმაციის გავრცელების ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობით გიჟური იდეები წარმოუდგენელი სიჩქარით ხდება ცნობილი და ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შევაჩეროთ. სახელმწიფო ცენზურის დაწესება გამოსავალი არ არის. საქმეს ვერც ის უშველის, თუ Facebook-ის მფლობელ მარკ ცუკერბერგს მეტ უფლებებს მივცემთ. არსებობენ კომპანიები, რომლებიც დიდ ფულს იხვეჭენ დეზინფორმაციის გავრცელებით. მე მომხრე ვარ, რომ ტყუილისათვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.

 

ისტორიულად კორონავირუსის პანდემია არ შედის იმ ყველაზე მეტად სიკვდილის მთესველ პანდემიებში, რაც კი კაცობრიობას გადახდენია, მაგრამ მისი ეკონომიკური შედეგები თითქმის მსოფლიო ომების შედეგების ტოლფასია. ეს არამარტო წარმოების ტემპების დაქვეითებასა და იმ „იძულებით“ გაწეულ ფინანსურ დახმარებებში გამოიხატება, რომლებშიც ქვეყნის მთავრობები და ბანკები ახორციელებენ, არამედ მთლიანად ეკონომიკურ სიტუაციას, რომელიც ისეთი მდგრადი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ჩვენი მდგომარეობა ახლა ისეთია, თითქოს მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩაბმულნი. ეს ახალ ცივ ომს ჰგავს. სამწუხაროდ, პანდემიას ჩვენ ადმინისტრაციული ბიუროკრატიული მეთოდებით ვებრძვით, ანუ სახელმწიფოს მანქანით, არადა, მოსახლეობას უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ადამიანები თვითონვე გაერკვნენ სიტუაციაში“, - ხაზს უსვამს ნილ ფერგიუსონი ინტერვიუში.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau
„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე
"ეს შეურაცხმყოფელი იყო" - ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ სასამართლოში უჩივის
"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews
მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს
"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე“ - The Guardian
როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist
როგორ ებრძვის კაცობრიობა კორონავირუსს - გერმანული პრესა
"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა
ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა
რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე
"საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - უცხოური პრესა
ახლა მშვენივრად ესმით, რომ ეს არის "გზა არსაით“ - სერგეი ლავროვი
დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებას ჩაშლის საფრთხე ემუქრება - The Daily Telegraph
შეძლებენ თუ არა თალიბები ავღანეთის მართვას - Deutsche Welle
„რუსეთი ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ვერ აკონტროლებს“ - The New York Times
ბრიტანელების მიერ გაწრთვნილი ავღანელები თალიბთა რიგებში იბრძვიან - The Times
სად იქნება კორონავირუსების გლობალური საცავი - ფრანგული გაზეთი საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროვებს
როგორ ცდილობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ჩიხიდან გამოყვანას
რას წერს ბრიტანული გამოცემა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ