სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ - რას წერს რუსული გამოცემა

„რუსი სამხედრო მოსამსახურეები, სოხუმის „საერთაშორისო“ აეროპორტის განნაღმვის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. სამუშაოებს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-მესანგრეთა ქვედანაყოფი, რომლის მექანიზებულმა კოლონამ თითქმის ათასი კილომეტრი გაიარა ხანკალიდან გუდაუთამდე“, - ნათქვამია რუსული გამოცემის „სვობოდნაია პრესის“ (Свободная пресса) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ: რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას თავისი ტურისტებისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“ (ავტორი - სერგეი ბატიშევი).

 

სოხუმის აეროპორტის განნაღმველი სამუშაოების ჩასატარებლად გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იქნა მიღებული სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრის დროს.

 

აფხაზეთის ხელისუფლებას აეროპორტის ამოქმედება, პირველ რიგში, ტურისტების მისაზიდად ჭირდება, მაგრამ რატომ დაიწყო მოსკოვმა განნაღმვის სამუშაოები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ? როგორც სსრკ სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ სმიროვი ამბობს, ამის მიზეზს კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს: „ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომელიც აეროპორტის დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს. ეს ეკონომიკურ მიზანშეწონილებითაა ნაკარნახევი. კორონავისრუსის გამო რუსეთიდან უცხოეთში ავიამიმოსვლა შეზღუდულია, ამიტომ რუსმა ტურისტებმა მზერა ისევ აფხაზეთს მიაპყრეს. რესპუბლიკაში მატარებლით ჩასვლა ყველას არ შეუძლია - მოსკოვიდან კი, მაგრამ ურალელებმა და ციმბირელებმა რა ქნან? სოჭის (ადლერის) აეროპორტში მოსახვედრად მათ გადაჯდომა მაინც მოსკოვში უწევთ“.

 

აფხაზეთის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტი სოხუმთან ახლოს, ბაბუშარასთან 1960-იან წლებში აიგო. ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ, 1993 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სოხუმში ფრენები აკრძალა და ამიტომ აეროპორტს დახურვა მოუწია. სხვათა შორის, სოხუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კილომეტრია, რაც სრულიად საკმარისია ყველა ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების მისაღებად. აეროპორრტის მდებარეობა საშუალებას იძლევა თვითმფრინავების დასაშვებად როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.

 

ოლეგ სმირნოვის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს სოხუმის აეროპორტი სოჭის აეროპორტისათვის უახლოეს სათადარიგო აეროდრომს წარმოადგენდა და ამ მხრივაც მისი აღდგენა მნიშვნელოვანია: „სოჭი რთული აეროპორტია, იქ აფრენა და დაშვება მხოლოდ ერთი კურსითაა შესაძლებელი - ზღვიდან. ხშირად, როცა ძლიერი ქარი ქრის, ან დაბალი სიმაღლის ღრუბლიანობაა, სოჭის აეროპორტიდან აფრენა (დაშვება) სახიფათოა. ასეთ დროს იქვე ახლოს მდებარე სოხუმის აეროპორტი გამოიყენებოდა, რომლის მდებარეობა ძალზე კონფორტულია. მისი უმოქმედობა ყველას ხელს უშლის. წარმოიდგინეთ, რომ როცა სოჭში თვითმფრინავი ვერ ეშვება, ის სათადარიგო აეროპორტისათვის ანაპაში ან ჩრდილოეთ კავკასიაში - სტავროპოლში ან მინერალურ წყლებში უნდა გაფრინდეს... და ეს მაშინ, როცა გვერდით სოხუმის აეროპორტი უმოქმედოდ არის“.

 

სოხუმის აეროპორტის განნაღმვა მისი რეაბილიტაციის პირველ ეტაპს წარმოადგენს. შემდეგ საჭირო იქნება აეროვაგზლის შენობის აღდგენა (უფრო ზუსტად, ხელახლა აგება), საწვავ-გასამართი კომპლექსისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის პუნქტის მშენებლობა... სამუშაოები, აფხაზური მხარის შეფასებით, 4,5 მილიარდ რუბლს მოითხოვს. 120 მილიონი რუბლი დაიხარჯება საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელიც მზად გაისად, შემოდგომაზე იქნება. სავარაუდოდ, აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წლისათვის მიიღებს. წინასწარი გათვლებით, აეროპორტის რემონტის ხარჯები ანაზღაურებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დღეში მინიმუმ ოთხი რეგულარული ავიარეისი შესრულდება. 

 

საბჭოთა პერიოდში სოხუმის აეროპორტი ზაფხულობით დღე-ღამეში 5 ათას მგზავრს, ხოლო ზამთრობით - ათას მგზავრს იღებდა. შედარებისათვის: 2020 წელს ყირიმში სიმფეროპოლის აეროპორტი დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ანუ დღე-ღამეში 13 ათას ადამიანს. სოჭის აეროპორტმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში 9 მილიონი მგზავრი მიიღო, ანუ 33 ათასი დღე-ღამეში.

 

რა თქმა უნდა, თავდაპირველ ეტაპზე სოხუმის აეროპორტი თავისი სიმფეროპოლელი და სოჭელი „კოლეგების“ თანასწორი ვერ იქნება, მაგრამ, როგორც ოლეგ სმირნოვი ამბობს, არებობს ყველა შესაძლებლობა, რომ  სოხუმი მათ დაეწევა: „აეროპორტის რენტაბელობა დამოკიდებული იქნება რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობაზე. თუ აფხაზები ტურიზმის ინფრასტრუქტურას განავითარებენ, საკურორტო ზონას გააუმჯობესებენ, სოხუმში რუსეთის ყველა მილიონიანი ქალაქიდან ჩავლენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკურორტო ბაზის მდგომარეობაზე. თუ აფხაზეთი დღე-ღამეში 3 ათასი ტურისტის მომსახურებას შეძლებს, მაშინ აეროპორტი იმდენივე მგზავრს მიიღებს. იქნება უფრო მეტი ტურისტის მომსახურების შესაძლებლობა? აეროპორტი უკან არ დაიხევს. ანუ მის აღდგენაზე დახარჯული თანხა მალე ანაზღაურდება. აეროპორტი ხომ ყველა ინვესტორისათვის თანხების ჩადების მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს.

 

- ალბათ, აფხაზეთის ხელისუფლებას, რუსეთის ქალაქებიდან მგზავრების მიღების გარდა, საერთაშორისო რეისების ორგანიზებაც სურს... მაგრამ განა ბევრი იქნება ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოში ჩასვლის მსურველი?

 

- მჯერა, რომ სამომავლოდ სოხუმში თვითმფრინავები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იფრენენ. თუმცა დღეს არის ერთი „მაგრამ“ - პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას ითხოვს. დავუშვათ, რომ აეროპორტი აშენებულია, შეკეთებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლიც... მაგრამ თვითმფრინავების მიღებამდე აუცილებელია აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ლეგიტიმურობის საკითხის გადაწყვეტა. დღეს ამასთან დაკავშირებით დიდი სირთულეები არსებობს. ეს საკითხი აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია აფხაზეთისთვის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება.

 

- ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ყირიმში ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას, სადაც საერთაშორისო ავიარეისები ჯერ კიდევ არ სრულდება...

 

- გეთანხმებით. აფხაზეთის სიტუაცია ახლოს დგას ყირიმის სიტუაციასთან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ყირიმში მაინც დავფრინავთ, აფხაზეთში კი თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს. იურიდიულად ქართველებს პრეტენზიებს ვერ წარუდგენ. სანამ რუსეთი არ მოილაპარაკებს საქართველოსთან აფხაზეთის საჰაეროს სივრცით სარგებლობაზე, მანამ სოხუმში არავითარი ფრენა არ იქნება“. 

 

რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხელისუფლება თვითონაც ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას: აფხაზებმა სოხუმის აეროპორტს ICAO-ს სისტემით საერთაშორისო კოდი მიანიჭეს - URAS, რომელშიც „U“ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ხოლო „R“ - როსტოვის საჰაერო ზონას ნიშნავს. წინა კოდი UGSS სოხუმის აეროპორტს ქართულ ავიაზონას აუკთვნებდა. ქართულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არღვევს ICAO-ს წესებს.

 

სოხუმის აეროპორტმა, აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ერთობლივი ბაზირების სტატუსიც მიიღო, ანუ ასაფრენ-დასაშვებ ზოლით ისარგებლებენ როგორც სამოქალაქო სამგზავრო-სატრანსპორტო, ასევე სამხედრო  თვითმფრინავებიც.

 

- ერთობრივი ბაზირების აეროდრომები მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. რუსეთში მსგავსი აეროდრომები ძალიან ბევრია. აფხაზეთისთვის ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიმზიდველია იმითაც, რომ მთავრობას იმედი აქვს მშენებლობისათვის დამატებითი სახსრები მიიზიდოს რუსეთიდან. ცხადია, აეროდრომით რუსეთის სამხედრო ავიაცია ისარგებლებს. მოსკოვისათვის მომგებიანია, რაც უფრო ახლოს ექნება აეროდრომი პოტენციურ მოწინააღმდეგესთან. სოხუმიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა საქართველო, შავი ზღვის მიღმა კი - თურქეთი“, - ამბობს ოლეგ სმირნოვი.

 

მკითხველებს შევახსენებთ, რომ აფხაზეთის გუდაუთაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. სოხუმის აეროდრომი კი მისი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. ამ რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გუდაუთის სამხედრო ბაზის ახალი ტექნიკით აღჭურვის განახლების შესახებ. 

 

სამხედრო ექსპერტი კონსტანტინე სივკოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი მართლაც არის დაინტერესებული სოხუმში ერთობლივი სარგებლობის აეროდრომის  არსებობით. იქ სრულიად შესაძლებელია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის განლაგებაც.

 

„ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძე საკმარისია იმისთვის, რომ სოხუმმა ყველა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღოს - ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი, მოიერიშე... ცხადია, ყველაზე დიდი შანსი აქვს გამანადგურებელ-ბომბდამშენ ავიაციას. იმიტომ, რომ სოხუმის აეროდრომს სტრატეგიული მიზნები არ ექნება. მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შავი ზღვის აკვატორიაში რომელიმე ტაქტიკური საკითხი იქნება მოსაგვარებელი სავარაუდო მოწინააღმდეგესთან - სახმელეთო, ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული უსაფრთხოების ძალებთან ერთად“, - ამბობს ექსპერტი.

 

ამჟამად სამხრეთ კავკასიაში მაღალი აქტიურობა შეინიშნება, პლუს შავ ზღვის აუზში  სერიოზული სამხედრო მუქარების კონტურები იკვეთება... და რადგანაც სტრატეგიული ავიაციის ბაზირება რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ არ ხდება, სოხუმის აეროდრომის მნიშვნელობა იზრდება.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"რუსეთს მიაჩნია, რომ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა" - რას წერს უცხოური პრესა
"რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს“ - The Times
"ხშირად გვადანაშაულებენ ქართველი მეზობლები, რომ ჩვენ მათ ასეული წლების განმავლობაში ვებრძოდით" - რამაზან აბდულმაჯიდოვი
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ სააკაშვილის სასამართლოში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება
"ბოტოქსი ნერვების სამკურნალოდ" - რას წერს უცხოური პრესა სააკაშვილის სასამართლოზე
რატომ უსრულებს ლუკაშენკო პუტინს ოცნებებს - Deutsche Welle
უნდა გაუღოს თუ არა ნატომ კარი საქართველოს? - რას წერს უცხოური პრესა
დაიცავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინას რუსეთისგან - The New York Times
რატომ აშინებს საქართველოს მოსკოვისა და ანკარის მჭიდრო მეგობრობა
"გამარჯვება სტოკჰოლმის არბიტრაჟში" - რუსული ჰოლდინგი საქართველოს წინააღმდეგ
რა გეგმები აქვს რუსეთს უკრაინისა და ბელარუსის მიღმა - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა "პირდაპირ ეთერში აღიარა - მერაბიშვილმა დამირეკა, კობა ვერ მოვკალით, მაგრამ პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო..." -კობა დავითაშვილის მეუღლე
როგორ შეიძლება შეეხოს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს?
რა ელოდებათ იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა - ავღანეთი კატასტროფის ზღურბლზე
ლოგიკური იყო თუ არა საქართველოს უარი „კავკასიური ექვსეულის“ ფორმატში მონაწილეობის თაობაზე
„კოსმოსური „კამიკაძე“ - NASA-ს მისია ასტეროიდის ორბიტას შეცვლის?
სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ - რას წერს რუსული გამოცემა
რატომ გაორმაგდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა - ახალი საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები
"ყველა მოხარულია ჩვენი რუსეთში მოღვაწეობით" - გიგი დედალამაზიშვილი
„კორუფციის სავარაუდო შესაძლებლობა“ - ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ