"სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია"

ყველამ ვიცით, რომ ციხე ეს არის დასჯის ელემენტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მოქალაქის მიმართ, რათა მოხდეს მისი ახლიდან აღზრდა. ჩვენ გვიჩნდება კითხვა: ესაჭიროება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელახლა აღზრდა, რათა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული? ცხადია, არა!- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ადვოკატის თქმით, ახლა დაცვის მხარის ამოცანაა, ობიექტურად განსაზღვროს, საქმეები, რომლებზეც განაჩენი გამოტანილია და რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სააკაშვილის წინააღმდეგ, დანაშაულს ეხება, თუ ეს გამოყენებულია, როგორც ზეწოლის ელემენტი, რადგან გრუშოვეცის თქმით, ყველა სახელმწიფოში არის ასეთი შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური საქმეები იძენენ იურიდიულ ფორმას.

 

„გულწრფელად გეტყვით, რომ ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია. შეიძლება არ ვიტყვი რამე პოპულარულს, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ სასამართლო პროცესებშიც კი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ის შეძლებს საკუთარი თავი სწორად და ხარისხიანად დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ადვოკატები და უფლებადამცველები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მოვლენები, რომლებიც მოხდა, შიმშილობის პერიოდი უკვალოდ ნამდვილად არ გასულა და ჩემი ღრმა რწმენით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება სულ მცირე რეაბილიტაცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლიათ ჰოსპიტალში ყველა საჭიროების დაკმაყოფილება, მაგრამ ის, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს საკუთარი თავის ხარისხიანად და სწორად დაცვას, ეს ფაქტია. ჩვენ გამოგვიყვეს ნახევარი საათი კომუნიკაციისთვის, განვიხილეთ საკითხები, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რამდენიმე განცხადება, რომლებიც ჩვენ გვჭირდება მის დასაცავად, მათ შორის, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც აქაურობასთან არ არის დაკავშირებული და შესაბამისად, ახლა ჩავატარებთ სხვა შეხვედრებს ადვოკატებთან და ექიმებთან, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია დაცვისთვის.

 

გულწრფელად გითხრათ, ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ 2006-2007 წლების მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წელს ადამიანი გაასამართლეს და 2021 წელს ის იხდის სასჯელს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ის სწორი იურისპრუდენცია და სამართლიანი სასამართლო, რომელიც გაწერია ადამიანის უფლებათა კონვენციაში, მაგრამ ეს მოცემულობაა და ამაზე ვიმუშავებთ.

 

სინამდვილეში პრობლემა კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ ერთ საქმესთან დაკავშირებული პრობლემა, ბევრი საქმე ვიცით, არის საქმეები, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია, არის საქმეები, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და არის საქმეები, რომლებზეც მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ უნდა შევადაროთ ობიექტურად, ეს იყო რაღაც დანაშაულებები თუ ეს შესაძლებელია, როგორც ზეწოლის ელემენტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ყველა სახელმწიფოში არის ასეთი საქმეები, როდესაც პოლიტიკური საქმეები იძენენ იურიდიულ ფორმას. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ამოცანაა, მივცეთ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არა მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ საქმეს, არამედ სისხლის სამართლის ყველა საქმეს კომპლექსურად და შემდეგ განვსაზღვროთ, როგორ შევძლებთ დახმარებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც ახლა საპატიმროში უნდა იყოს. ყველამ ვიცით, რომ ციხე - ეს არის დასჯის ელემენტი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მოქალაქის მიმართ, რათა მოხდეს მისი ახლიდან აღზრდა. ჩვენ გვიჩნდება კითხვა: ესაჭიროება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხელახლა აღზრდა, რათა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული? ცხადი, არა! და არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ როგორც ადვოკატები უკრაინიდან, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინის სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში და ნებისმიერ სიტუაციაში, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა ადვოკატმა.





მსგავსი სიახლეები
აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი
შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა
სასამართლომ უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
"ხომ არ ჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა?!" - მიხეილ სააკაშვილი
"სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ" - სააკაშვილი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვის საქმე
"ინტერ რაოსთან" ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს - კახა კალაძე
ნარკორეალიზატორების მიმართ სასჯელი მკაცრდება
"სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია" - იუსტიციის სამინისტრო
ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც დაიწყო გამოძიება - პროკურატურა
"სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი" - პროკურატურა
გიგი უგულავა მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"ლუარსაბ მეფის შემდეგ, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში" - სააკაშვილი
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თუ პროცესზე არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ - სააკაშვილის საქმის მოსამართლე
"ნაცმოძრაობა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ
რუსეთში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს
"სააკაშვილი, რომელიც მე ვნახე უკრაინაში და ის მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანია"
ვინაიდან სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს - ადვოკატი
"პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს გარეთ" - რატი ბრეგაძე