"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily telegraph) 22 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ" (ავტორი - რობერტ სერვისი, რუსეთის ისტორიის პროფესორი ოქსფორდის კოლეჯში).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის წინაშე დიდი ამოცანა დგას: ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღევანდელ რთულ და მღელვარე დროში. ბოლო ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მსგავსი ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, უინსტონ ჩერჩილი იყო: მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გახდა ჩვენი ეროვნული წინამძღოლი - ნამდვილი „ბულდოგი“, ბუნების დაუმორჩილებელი ძალის მქონე პიროვნება, რომელიც მზად იყო ნაცისტებისათვის წინააღმდეგობა გაეწია და გაიმარჯვა კიდეც.


კირ სტარმერი, ვფიქრობ, ვერასოდეს ვერ შეძლებს უინსტონ ჩერჩილის ღირსეული პოლიტიკური მემკვიდრე იყოს და მასავით ვინმეს ბრიტანული ლომივით დაუღრიალოს. კირ სტარმერი ურთიერთობაში რბილია, იგი ორატორულ ხელოვნებასა და მახვილსიტყვაობაში გამოუცდელი პიროვნებაა, იგი არქიტექნოკრატია. საბედნიეროდ, ჩერჩილისაგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ არ მოუწია ქვეყანას ომის დროს უხელმძღვანელოს.
მაგრამ იგი უნდა მოემზადოს მოვლენების ასეთი სავარაუდო განვითარებისათვის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ისე მაინც უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანამ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს აშკარა კონტინენტურ მტერს.


უინსტონ ჩერჩილი მოკავშირეებს დასავლეთშიც ეძებდა და აღმოსავლეთშიც. მან, ნახევრად ამერიკელმა, თავდაპირველად დახმარებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს მიმართა. ორივემ სწორად განსაჯა, რომ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირთან ერთად უნდა ებრძოლათ. ამ დიდი ალიანსის გარეშე, რასაკვირველია, ჩერჩილი ბრძოლას გააგრძელებდა, მაგრამ ადოლფ ჰიტლერზე ვერ გაიმარჯვებდა.
კირ სტარმერსაც ჭირდება მოკავშირეები. მას ჩერჩილივით მემკვიდრეობაში არ მიუღია ბრიტანეთის იმპერია ან განვითარებული ეკონომიკა. ჩერჩილს არავინ დასცინოდა, ვლადიმერ პუტინი კი დღეს ყველა ბრიტანელ პრემიერს დასცინის, ვინც კი ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


როგორც ჩანს, პრემიერ კირ სტარმერს კარგი ურთიერთობა აქვს აწყობილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - ამით იგი ცდილობს ჩერჩილისა და რუზველტის კავშირები გაიმეოროს. თუმცა სტარმერი, ტრამპისაგან განსხვავებით, უფრო ფეხბურთითაა გატაცებული, ვიდრე გოლფით.
მაგრამ ალასკის სამიტმა ყველას, ვისაც კი მხედველობა აქვს, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს უფრო მეტი სიმპათიები ვლადიმერ პუტინის მიმართ აქვს. თეთრი სახლის ამჟამინდელი პატრონი ძალის გამოვლინებას პატივს სცემს. ანკორიჯში პუტინთან სამსაათიანი საუბრის შემდეგ ამერიკელი პრეზიდენტის მხედრული სული ბაბუაწვერას ბუმბულივით გაიფანტა. დონალდ ტრამპს გადაავიწყდა ულტიმატუმებიც და ის სანქციებიც, რომლის გამოცხადებას აპირებდა, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტდა.


დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის მქონე ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ შეედრება უძლიერეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მიმდინარე წლამდე ევროპელებს კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სთან ერთად გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს გათვლა უკვე საეჭვო ხდება და ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს. კირ სტარმერს დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ დონალდ ტრამპი თავის მხარეს შემოაბრუნოს. ყოველ შემთხვევაში, მისი დიპლომატია და „ლამაზი თვალები“ მაინცდამაინც ეფექტურობით არ გამოირჩევა.


რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთის პრემიერმა? რასაკვირველია, ის ვერ გადაიქცევა ჩერჩილისებურ ბულდოგად, ასეთი ადამიანები უკვე აღარ არიან. კირ სტარმერს მოუწევს ევროპელებთან ერთად ინადიროს - სხვა „ძაღლები“ სათითაოდ დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ, მხოლოდ ერთად თუ გააკეთებენ რაიმეს.


ფრიდრიხ მერცი ისეთი გერმანული ნაგაზივით მოქმედებს, რომელსაც ასწავლეს, რომ არავის უკბინოს. იმავდროულად ემანუელ მაკრონის წკავწკავი თითქოსდა იმისკენაა მიმართული, რომ პუტინი არ შეაწუხოს. გავიხსენოთ, თუ რა გვიან დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის საომარი მზადება 2022 წლის თებერვალში, სანამ ომი დაიწყებოდა. მაგრამ ახლა ამ ორ პოლიტიკოსს მოუწევთ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ და მთელი ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად დარაზმონ, შექმნან ბირთვი და უყოყმანოდ დაეთანხმნონ უკრაინის გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიევის ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.
მათ ორივეს რთული გზა აქვთ გასავლელი. მათ ძველებურად მოუწევთ აშშ-სგან იარაღის ყიდვა. ამისათვის აუცილებელია სიმტკიცისა და ტაქტის გამოვლენა. უკვე აშკარაა, რომ მათ საერთო ევროპული ანტირუსული ფრონტის ჩამოყალიბება გაუჭირდებათ: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ უკვე ხაზი გაუსვა, რომ არცერთი იტალიელი ჯარისკაცი უკრაინულ მიწას ფეხს არ დაადგამსო. ისეთი ქვეყნები კი, როგორებიც უნგრეთი და სლოვაკეთია, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მომხრეები არიან.


უინსტონ ჩერჩილს ბედმა გაუღიმა, რომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკმაო ხნის განმავლობაში, ომის დროს, მოკავშირეები ჰყავდა. თვითონაც დიდი ოსტატობა გამოიჩინა და განსაცდელის ჟამს, სწორად მოქმედებდა.

 


მაგრამ რაც უფრო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მას ძალა არ ჰყოფნიდა ისეთი ზავი დაედო, როგორიც თვითონ სურდა. ბრიტანელ პრემიერს ორივე მხრიდან „აწვებოდნენ“ და აიძულებდნენ ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი, რომ იგი კომპრომისებზე წასულიყო. უკვე 1944-45 წლებისათვის გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობები დამოუკიდებელი მანევრების განსახორციელებლად საკმაოდ შეზღუდული იყო.
ახლა კი,  სტარმერსაც მოუწევს რთული კომბინაციების გათამაშება და კარტის თამაშის სტილის შეცვლა. შემდეგში, როცა დონალდ ტრამპს კარტი იატაკზე დაუცვივდება, იგი არ უნდა დაიხაროს მათ ასაღებად და აშშ-ის პრეზიდენტს არ უნდა ელაქუცოს. მან ტრამპს პირდაპირ უნდა უთხრას სიმართლე. ერთ-ერთი საკმაოდ აშკარაა: ალასკის სამიტის შედეგები ტრამპის დიდ შეცდომას წარმოადგენს, მაგრამ მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება ევროპისა და აშშ-ის ინტერესებისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC
"ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით"-The Daily Telegraph
სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი