"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post

ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 6 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით: „რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივები, ცარიელი მუქარებითა და ბუნდოვანი ულტიმატუმებით, პრაქტიკულად ჩაიშალა. დარჩა მხოლოდ ბრძოლის ველი, სადაც კიევი და მოსკოვი სისხლისღვრას აგრძელებენ ერთმანეთის ძალების სრულ გამოფიტვამდე.
მოდით, ვიფიქროთ - რა გველოდება, სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის ტერიტორიაზე ბოლო 80 წლის განმავლობაში მიმდინარე უდიდესი კონფლიქტის შედეგად?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში მე ორივე მხარის წამყვან სამხედრო ექსპერტებს და არმიის წარმომადგენლებს ვესაუბრე. ჩემდა გასაკვირად, მოვისმინე საკმაოდ ვრცელი თვალსაზრისები მოვლენათა განვითარების ყოველი სცენარის გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, მივედით დასკვნამდე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგის გადამწყვეტი შეტევისა და გარღვევის გარეშე, სიკვდილისა და ნგრევის გარდა, ჩვენ წინ სხვა არაფერს არ უნდა ველოდოთ.

ასეთ რეალობაში რომ იცხოვროს, უკრაინა ზედმეტი ხმაურის გარეშე იღებს ახალ დოქტრინას, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი (2019-2020 წლებში) „სტრატეგიულ ნეიტრალიზაციას“ უწოდებს. როგორც მან განაცხადა ჩემთან Zoom-საუბრის დროს, უკრაინას მოუწევს რუსეთის შეიარაღებული ძალების პარალიზება მიწაზე და ჰაერში - ისე, როგორც ეს შავ ზღვაზე მოხდა, რუსეთის სამხედრო ფლოტის გაუვნებლობით. ასეთ სიტუაციაში კრემლის არმიას უსასრულოდ ბრძოლა შეუძლია, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს.

ამას წინათ, 30 აგვისტოს, შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი იმას, თუ როგორ ხედავს რუსული მხარე უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების პერსპექტივას: წავიკითხე ის ფართო ანგარიში, რომელიც რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა წარადგინა უმაღლესი სარდლობის თათბირზე - „საგაზაფხულო-საზაფხულო პერიოდის შედეგების შესაჯამებლად და სამომავლო ამოცანების დასაზუსტებლად“.

„დღეს სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ჯარებს ეკუთვნით“, - აცხადებს გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თავისი სარდლების წინაშე. მან გენერლებს მიულოცა „ბუფერული ზონების“ წარმატებით ჩამოყალიბება ამ ზაფხულს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ხარკოვისა და სუმის ოლქებში და ასევე პოზიტიურად შეაფასა რუსეთის არმიის წინსვლა დასავლეთისაკენ, უკრაინის დნიპროს (დნეპროპეტროვსკის) ოლქში. გენშტაბის უფროსმა სარდლებს მოუწოდა „გააგრძელონ შემტევითი ოპერაციები ყველა მიმართულებით“.

თუმცა, თუ დავუკვირდებით, ვალერი გერასიმოვის ნაქებ „საგაზაფხულო-საზაფხულო შეტევას“ მაინცდამაინც დიდი შედეგები არ მოუტანია: რუსეთი დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინის იმ ოთხი ოლქის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის - ტერიტორიას, რომელთა მიმართ პრეტენზიას ჯერ კიდევ ომის დასაწყისში აცხადებდა და რომლებიც წინასწარ მიერთებულად გამოაცხადა. როგორც გერასიმოვის აგვისტოს ანგარიშიდან ჩანს, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რუსეთი დონეცკის ოლქის (ანუ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“) მხოლოდ 79%-ს აკონტროლებს, ზაპოროჟიეს ოლქის 74%-ს, ხერსონის - 76%-ს და ლუგანსკის (ანუ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“) – 99,7%-ს.

მოსკოვის მოკრძალებული წარმატებები კოლოსალური დანაკარგების შედეგად იქნა მიღწეული: ამერიკელი ჩინოვნიკების შეფასებით, დაიღუპა და დაიჭრა მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი. სხვა შეფასების თანახმად, კრემლის დანაკარგები ისეთია, რომ ერთ დაღუპულ უკრაინელზე ხუთი დაღუპული რუსი მოდის. ზოგიერთი ბრძოლის დროს რუსებისათვის პროპორცია უფრო უარესია - ერთ უკრაინელზე 12 რუსი.

ვალერი გერასიმოვმა, რა თქმა უნდა, იცის, თუ საიდან და როგორი საფრთხე ელოდება რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან - ეს არის კიევის სარაკეტო და დრონული შეტევები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. რასაკვირველია, რუსეთი ვალში არ რჩება და უკრაინას მასირებულად უტევს რაკეტებით და დრონებით, ბომბავს იმ ქარხნებს, რომლებიც ამზადებენ ან არემონტებენ სამხედრო ტექნიკას, დრონებს, რაკეტებს და ნავთობისაგან ბენზინს და დიზელის საწვავს ხდიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ „ტელეგრამ-არხზე“, რომელიც ვალერი გერასიმოვის გამოსვლას აშუქებდა, სამომავლო ოპერაციებზე არაფერი ნათქვამი არ არის, მაგრამ იმ რუკის მიხედვით, რომელიც გენერლის ზურგს უკან ეკიდა და რომელზეც რუსეთის საზღვარი იყო გავლებული, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრემლის მიზანია სამომავლოდ მიიერთოს (დაიპყროს) ოდესის ოლქი მთლიანად, ანუ ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირიდან აღმოსავლეთით.

როგორ შეაჩერებს უკრაინა რუსეთის არმიის ნელ, მაგრამ გარდაუვალ შეტევას? ანდრეი ზაგოროდნიუკმა ჩემთან საუბარში ასეთი სტრატეგია ჩამოაყალიბა: „მიზანი უნდა იყოს გამოხატული არა იმაში, რომ რუსეთი მთლიანად განადგურდეს... არამედ იმაში, რომ კრემლს სისტემატურად წაერთვას მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვება, დღევანდელი გაგებით, არის წარმატების მიღწევის უნარი მუდმივი სამხედრო ზეწოლის მეშვეობით“. ამის მაგალითია უკრაინის წარმატება რუსეთის ძლიერი შავი ზღვის ფლოტის ნეიტრალიზებაში, დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად. როგორც ზაგოროდნიუკი ამბობს, კიევს შეუძლია იგივე გააკეთოს ხმელეთზეც: გააფართოოს მოწინააღმდეგის ჯარების „განადგურების ზონა“ ფრონტის ხაზის მიღმა - დღევანდელი 20 კილომეტრის ნაცვლად, 130-160 კილომეტრამდე. სწორედ ამ მიზნით დაიწყო უკრაინამ საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების წარმოება იმ ქარხნებში, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს.

ყოფილი მინისტრის თქმით, „სტრატეგიული ნეიტრალიზაციის“ ყველაზე რთული ნაწილია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა. რა თქმა უნდა, უკრაინა დროს უქმად არ კარგავს: კიევი ურტყამს რუსეთის აეროდრომებს და სარგებლობს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, პლანირებადი (მართვადი) ავიაბომბების გასანადგურებლად. ასევე „გერან-2“-ის ტიპის დრონების წინააღმდეგ კიევმა შექმნა ანტიდრონები... მაგრამ დღეისათვის ყველაზე საიმედო დაცვას წარმოადგენს ამერიკული „პეტრიოტის“ რაკეტები. სამწუხაროდ, „პეტრიოტები“ ძალიან ძვირია და თანაც დეფიციტს წარმოადგენს. ამიტომ უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს ალტერნატიული პროექტების შემუშავების საკითხში.

უკრაინა იძულებულია „გმირულად გადაიტანოს „სტრატეგიული პესიმიზმი“. კიევმა კარგად იცის, რომ „კავალერია მას ვერ დაეხმარება“. დონალდ ტრამპს არ შეუძლია სისხლისღვრის არც 24 საათში შეწყვეტა, არც ერთ წელიწადში და არც არასდროს. ევროპა, ცხადია, გარკვეულ სიცარიელებს ავსებს, რომლებიც ვაშინგტონის გაუბედაობის შედეგად შეიქმნა, მაგრამ აშკარაა, რომ ბრიუსელს არავითარი „უსაფრთხოების გარანტიებით“ უზრუნველყოფა არ შეუძლია, სანამ ომის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. ზავი კი როდის დაიდება, არავინ უწყის, მშვიდობას დიდი ხნის ლოდინი ჭირდება.

„თუ ვლადიმერ პუტინს ვერავინ გადაარწმუნებს, - ამბობს ანდრეი ზაგოროდნიუკი, - ჩვენ მხოლოდ ის გვრჩება, რომ მისი ნებისმიერ ინიციატივას დავბლოკოთ. ჩვენი მთავარი სტრატეგია ახლა რუსეთის შეტევების შეკავება კი არ უნდა იყოს, არამედ მათი სამომავლო გამოვლენის შესაძლებლობათა მოსპობა. ამ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი“. ამასთან, ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა
რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე
"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times
"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post
"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph
"ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ "სამრეწველო გადაიარაღებას",მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს"-Politico
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC