"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება“ (ავტორი - შონ თომასი).

პუბლიკაციაში გარკვეული ირონიით არის განხილული სახელმწიფოებს შორის ტერიტორიების ანექსიის (მითვისების) გამომწვევი მიზეზები და ანექსირების რამდენიმე მაგალითი მსოფლიო ისტორიიდან: ხშირად ხდებოდა, რომ ანექსიის მსურველი და განმხორციელებელი ლიდერები სინანულს განიცდიდნენ და მონანიებით ცდილობდნენ „ცოდვები მიტევებოდათ“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ერთი შეხედვით, ანექსია დიდებულად შეიძლება გეჩვენოთ - თქვენ იღებთ ახალ საკუთრებას, თავს ამაყად გრძნობთ, რომ გაბედულად მოქმედებდით და სურვილი შეისრულეთ, მიზანს მიაღწიეთ. როცა ვინმე თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს გმობს, ან უბრალოდ გეკითხებათ - „რატომ?“, იწყებთ თავის მართლებას და მიზეზების დახვავებას... საბოლოოდ, სხვისი მიწების მითვისება ხშირად თვითგანადგურებას იწვევს. ისტორიაში ცნობილია ბევრი ლიდერი, რომლებმაც ჯერ ანექსირება განახორციელეს, შემდეგ მოინანიეს.

ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთის დანაწილება XVIII საუკუნის ბოლოს: რუსეთი, პრუსია და ავსტრია პოლონეთს ისე ჭრიდნენ, როგორც გემრიელ ტერამისუს [იტალიურ დესერტს] წვეულებაზე. 1795 წლისათვის პოლონეთი მთლიანად გაქრა იმდროინდელი მსოფლიოს რუკიდან... როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა, პირველი მსოფლიოს ომის დასასრულს, თავისი ცნობილი 14-პუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შეიმუშავა, მასში პირდაპირ იყო ჩაწერილი „პოლონეთის როგორც სახელმწიფოს აღდგენა“. პოლონეთი საერთაშორისო არენაზე ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა წინა საუკუნეებში მიყენებული ჭრილობების გამო, მაგრამ სულ რაღაც 20 წელიწადში, 1939 წელს, ის ხელახლა დაანაწილეს და დაჭრეს, შემდეგ კი ანექსირება მოადინეს (გერმანიამ და ისევ რუსეთმა)... ხუთი წლის შემდეგ პოლონეთი კვლავ დაბრუნდა, მაგრამ ფერშეცვლილი. გაკვეთილი ყველასათვის: ანექსიები არასოდეს არ ქრებიან, ანექსიები ყოველთვის ხდება, მაგრამ დღეს პოლონეთის ანექსია უკვე შეუძლებელია, რაც განსაკუთრებით ვლადიმერმა [პუტინმა] უნდა გააცნობიეროს.

ან გავიხსენოთ ელზას-ლოთარინგია, ევროპის მშვიდი და წყნარი კუთხე, რომლის დასაკუთრებისათვის საფრანგეთი და გერმანია მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ. 1871 წელს მომხდარ ომში პრუსიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა ფრანგებს სძლია და ელზას-ლოთარინგია მიიერთა, მაგრამ 1919 წლის ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებით, ეს სადაო რეგიონი დამარცხებულმა გერმანიამ ისევ საფრანგეთს დაუბრუნა. 1940 წელს რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა ისევ მიითვისა, 1945 წელს კი ფრანგებმა ხელახლა დაიბრუნეს.

საწყალი ელზასელები იმდენად ხშირად განიცდიდნენ ანექსია-მიერთებებთან დაკავშირებულ უბედურებას, რომ დროულად ვერ შეამჩნიეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სტრასბურგში არსებულმა „ელზასის მუზეუმმა“ „შუქრუთის (ელზასური საჭმლის) მუზეუმის“ ნაწილის ანექსია მოახდინა, რომ მასში „ანექსიის ისტორიის ამსახველი გამოფენა“ მოეწყოთ.

ანექსია მოცემულ შემთხვევაში ნიშნავდა კულტურული და ენობრივი ჩაგვრის პერმანენტულ მდგომარეობას. ერთხელ და ორჯერ ანექსია შეიძლება უბედურება იყოს, მაგრამ შეიძლება ერი გადარჩეს, ოთხჯერ ანექსია კი იდენტობის დაკარგვის საფრთხეს მოასწავებს.

გადმოვიდეთ 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავისი ტანკები კუვეიტში შეიყვანა და გამოაცხადა, რომ მისი პატარა, მაგრამ მდიდარი მეზობელი უკვე ერაყის მე-19 პროვინცია გახდაო. სადამი თავის მოქმნედებას ოსტატურ ნაბიჯად მიიჩნევდა - ხუმრობა ხომ არ არის, მან ყველაფერი ერთად ელვისებურად მიიღო: მსოფლიოში უდიდესი ნავთობის საბადოები, სპარსეთის ყურის თბილი ნაპირები და ადგილობრივი მონარქების დამცირების შანსი.

მაგრამ ხუთიოდე თვის შემდეგ, როცა დასავლურმა კოალიციამ აშშ-ის ლიდერობით ერაყის არმია გაანადგურა და კუვეიტიდან გააძევა, სადამი მიხვდა, რომ ანექსიის მოყვარულებმა თავიანთი სიყვარული უნდა დამალონ, თორემ საბოლოო ჯამში ასეთი სიყვარული მათ ჩამოხრჩობამდე მიიყვანთ. ზუსტად ასე დაემართა ერაყის პრეზიდენტს, რომლის ჩამოხრჩობის ცერემონია პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემოდა.

ჩამოთვლილი ფაქტები ყველაზე საინტეტრესო მაგალითებს წარმოადგენენ. შეიძლება კიდევ გავიხსენოთ ეთიოპიის ანექსია იტალიელი დუჩეს [„უმაღლესი მმართველის“] ბენიტო მუსოლინის მიერ, 1936 წელს, რომელიც საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ, აჯანყებულ ეთიოპიელთა გამარჯვებით და იტალიელთა გაქცევით დასრულდა. ანდა ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი ქვეყნების ანექსია სსრ კავშირის მიერ 1940 წელს, რომელიც მოსკოვმა საკმაოდ ეფექტურად დაკარგა 1991 წელს. საქმის არსი იგივეა: ანექსიები ყოველთვის „გემრიელია“ დასაწყისში და ბოლოს კატასტროფით მთავრდებიან. ანექსიები არასდროს გამოიყურებიან სუფთად: ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და გაწუხებენ, როგორც წარუმატებელი ერთი ღამის რომანი.

ნაწილობრივ პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ანექსიები მოტივირებულია არა სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიებით, არამედ მიწის მიტაცების მადით. აი ისე, ბავშვობაში რაღაცის დაუფლება რომ გინატრიათ, ნეტავ ჩემი იყოსო. პოლიტიკოსები, როგორც უკვე ითქვა, ანექსიას ყოველთვის მოუძებნიან გამართლებას და ლამაზი არგუმენტებით შეფუთავენ. მიწების ანექსიის გამართლება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგალითად, ასეთი: „რუს და უკრაინელ ხალხებს ერთნაირი კულტურული ტრადიციები აქვთ“, „რუსები და უკრაინელები თითქმის წერთ ენაზე ლაპარაკობენ“, „ყირიმელებს რუსეთი უყვართ“ და ა.შ. მაგრამ არგუმენტები ძირითადად ყოველთვის ინფანტილურია, ყველაფერი მიდის საკუთრების დაფიქსირებამდე...

ამიტომაც, თუ მიწების ქურდობა-მოპარვის ისტორია რაიმეს გვასწავლის, ეს არის ის, რომ ასეთი ცუდი ქმედება არ უნდა ჩავიდინოთ. საბოლოო ჯამში არავის არ შერჩება მიერთებულ-ანექსირებული ტერიტორია - უკრაინის სტეპები იქნება ეს თუ თქვენი მეზობლის ბაღის 20 სანტიმეტრი. სანქციებით ოკუპანტი აუცილებლად მკაცრად დაისჯება ან ვადამდე მოკვდება.



წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა
რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე
"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times
"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post
"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph
"ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ "სამრეწველო გადაიარაღებას",მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს"-Politico
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC