ხუთი მიზეზი, თუ რატომ გაიმარჯვებს რუსეთი - Die Welt

გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) სათაურით „უბრალოდ, ვერ გაუძლებენ. ხუთი მიზეზი, თუ რატომ გაიმარჯვებს რუსეთი“, გამოქვეყნებულია იერუსალიმის (ისრაელი) უნივერსიტეტის პროფესორის, სამხედრო თეორეტიკოსის მარტინ კრეველდის სტატია, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაა გაანალიზებული.

 

„ომის დაწყების პირველი დღეების შემდეგ, როცა დასავლეთმა ერთობლივი სოლიდარობა გამოავლინა და რუსეთს ტოტალური სანქციები გამოუცხადა, ისევე როგორც სხვები, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ კრემლი დამარცხდებოდა. დეტალებზე თუ არ შევჩერდებით, ჩემი რწმენა სამ ძირითად ფაქტორს ეფუძნებოდა:

 

პირველი - 1945 წლიდან ბევრი ქვეყნის რეგულარული არმიები მარცხდებოდნენ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეს „სახალხო მხარდაჭერა“ ჰქონდა: პარტიზანული ომი, რეგიონული დაუმორჩილებლობები, იატაკქვეშა მოძრაობა, ტერაქტები და ა.შ. გავიხსენოთ ბრიტანეთის „მალაიზიური ომი“, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ლონდონის გამარჯვებად თვლის, სინამდვილეში კი ბრიტანეთი დამარცხდა, ანდა საფრანგეთის მარცხი ალჟირში, ვიეტნამის წარმატებული ბრძოლა აშშ-ის წინააღმდეგ.... ყველა ამ ომში ოკუპანტები ოკუპირებულებთან მარცხს განიცდიდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმარჯვებდნენ არა რეგულარული არმიები, არამედ სახალხო შეიარაღებული მოძრაობები.

 

მეორე ფაქტორი ჩემი მცდარი რწმენისა ის იყო, რომ მჯეროდა - რუსეთის დამარცხებას უკრაინის  გეოგრაფია განაპირობებდა: უკრაინის ტერიტორია დიდია, მოსახლეობა კი მჭიდროდ დასახლებული. ომი რაც უფრო ხანგრძლივად გაჭიანურდებოდა, რუსეთის მით უფრო გამოიფიტებოდა. ამის მაგალითი თვალწინ მქონდა - ავღანეთის ბრძოლები, სადაც საბჭოთა კავშირმა უზარმაზარი ჯარი შეიყვანა, მაგრამ ქვეყანა ბოლომდე მაინც ვერ გააკონტროლა, საბოლოოდ კი დამარცხებული უკან გამოვიდა. მოხდა უარესი - ავღანურმა ეპოპეამ ხელი შეუწყო სსრ კავშირის დაშლას. მოგვიანებით რუსეთმა დიდი დანაკარგების ფასად შეძლო პატარა ჩეჩნეთის შენარჩუნება. და ეჭვი მეპარებოდა - განა შეძლებდა კრემლი ბევრად უფრო დიდ და ძლიერი უკრაინის დამარცხებას?

 

მესამე მიზეზი ჩემი შეცდომისა სუბიექტური ფაქტორი იყო - ძალიან მინდოდა ამ ყველაფერს „ბედნიერი დასასრული“ ჰქონოდა [უკრაინის და დასავლეთის სასარგებლოდ]. ამ მხრივ მე არ განვსხვავდებოდი სხვა ექსპერტებისგან პოლიტიკოსებისგან.

 

მაგრამ მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა. მე მთლიანად შევცვალე ჩემი შეფასებები შექმნილი სიტუაციის მიმართ. აი, რა ფაქტორებმა მაიძულეს ამის გაკეთება.

 

 

პირველი - „უკრაინული გერილიის“ არარსებობა

 

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში სახალხო-პარტიზანული ომი რუსეთის წინააღმდეგ არ დაწყებულა. იატაკქვეშა სისხლიანი ბრძოლის ნაცვლად უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური იარაღი მიიღოს, ანუ იმედი აქვს, რომ ყველაფერი სახელმწიფოთაშორისო ომით გადაწყდება, მასობრივი მოსპობის საშუალებების გამოყენების გარეშე. ტანკებით, ქვემეხებით, რაკეტებით, თვითმფრინავებით. კიევი ფიქრობს, რომ უცხოური იარაღით რუსებს შეავიწროვეს და ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის ქვემეხის ერთ ზალპზე რუსეთის ქვემეხი ათი ზალპით პასუხობს, ასეთ სტრატეგიას მხოლოდ „მარცხის რეცეპტს“ თუ უწოდებ, მეტს არაფერს.

 

მეორე - რუსების მიერ შეცვლილი ტაქტიკა

 

რუსულმა არმიამ ომის პროცესში თავდაპირველი ტაქტიკა ძალიან შეცვალა. როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე სარდლობამ სწორად ვერ შეაფასა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, შემდეგ კრემლმა „ფრენები გაარჩია“ და „შეცდომებზე ისწავლა“, რასაც ზოგიერთი გენერლის პოსტი შეეწირა. არმიაში გადაჯგუფება მოხდა, დაიწყო უკრაინის არმიის ოპერატიული და სარეზერვო რესურსების განადგურება, ქალაქებისა და მსხვილი დასახლებული პუნქტების დაცვის მიზანმიმართული დასუსტება - ისე როგორც ამას იოსებ სტალინი და მისი გენერლები აკეთებდნენ ფინეთთან ომის მეორე ეტაპზე. ისევე როგორც 1939-1940 და მოგვიანებით - მეორე მსოფლიო წლებში, რუსები ეყრდნობიან მასირებულ საარტილერიო დარტყმებს. ჯერ-ჯერობით ასეთი ტაქტიკა ამართლებს, ქვემეხებისა და სარაკეტო ზალპებით ცოცხალი ძალა შენარჩუნდება. ასე რომ, რუსებს რეზერვი აქვთ, ისინი უკრაინელებზე გვიან გამოიფიტებიან.

 

მესამე - უკრაინის არმიის მომარაგების პრობლემები

 

თავისთავად შეიარაღების დასავლური სისტემები, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, ჯავშანმსხვრევი და უპილოტო საფრენი აპარატები, თუ უკრაინას ისინი დიდი რაოდენობით ექნება მიწოდებული, შეიძლებოდა კიევს კარგად დახმარებოდა. მაგრამ იარაღი გამოულეველი არ არის, თანაც თუ მეომარი მხარე ისე არ მარაგდება, როგორც ამას ომის გააფთრებული ხასიათი მოითხოვს. რუსებს ეხმარება ევროპელების ტრადიციული სიძუნწე თავდაცვის სფეროში, მათი ბრიყვული თავდაჯერებულობა, რომ „ჩვენთან, ევროპაში, ომი უკვე აღარ მოხდება“. დავამატოთ ამას თანამედროვე იარაღის შესწავლა-ათვისების სიძნელეებიც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რაც დროის დეფიციტში გამოიხატება. ანუ ისინი სწავლობენ, მაგრამ რუსეთსაც არ სძინავს. შედეგი: ჩვენ კუს ნაბიჯით მივდივართ, როცა უნდა ვირბინოთ. ჩვენი მართლაც ეფექტური იარაღი დროულად არ ხვდება იქ, სადაც ის განსაკუთრებულად საჭიროა. 

 

რუსებისათვის მომგებიან როლს ასრულებს ისიც, რომ ისინი „თავიანთი სახლის კართან“ იბრძვიან, ნატოს კი მომარაგება შორიდან უხდება. დასავლური იარაღის ფრონტზე მიტანა ვაკე ადგილზე არსებული კომუნიკაციებით ხდება, ანუ ყველაფერი ხელისგულზე ჩანს, ვერსად ვერ დაიმალები. შედეგი: დასავლური იარაღის ქარავნები რუსების სარაკეტო საშუალებებისა და ავიაციისათვის კარგ სამიზნეს წარმოადგენს, ხოლო ფრონტის ხაზზე განლაგების შემდეგ ისინი რუსული ქვემეხების მასირებული ცეცხლით ნადგურდებიან.

 

მეოთხე - რუსული ეკონომიკის წინააღმდეგობის გაწევის უნარი

 

რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში მკაცრი ცენზურაა, როცა რუსებს აკრძალული აქვთ ცხოვრების პირობებზე ჩივილი, როცა მასმედია ხელისუფლების მკაცრ კონტროლქვეშაა, ეს ყველაფერი ართულებს იმის შეფასებას, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს დასავლური სანქციები. ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია გავიგოთ, რამდენად გაუარესდა რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრების პირობები. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ზოგადი მაკროეკონომიკური შეხედულებითაც კი ჩანს: რუსეთის ეკონომიკას ბევრად უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღმოაჩნდა, ვიდრე ამას დასავლეთი მოელოდა. რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვები კი არ მცირდება, პირიქით - იზრდება.. რუბლმა, რომელიც ომის დასაწყისში კოლაფსის ზღურბლზე აღმოჩნდა, „მეორე სუნთქვა“ შეიძინა და კურსი განიმტკიცა. 

 

დასავლეთი რუსეთს ენერგოემბარგოს უცხადებს, რუსეთი კი ნავთობ-გაზის კლიენტებს აღმოსავლეთში პოულობს - ჩინეთ-ინდოეთის სახით. ჩინეთს შეუძლია რუსეთის ეკონომიკაში დასავლეთი ჩაანაცვლოს, თანაც ყველგან თუ არა, ბევრ პოზიციაში მაინც.

 

მეხუთე - ომის შედეგები დასავლეთისათვის

 

რუსეთთან კონფრონტაციის ეკონომიკური შედგები დასავლეთისთვის ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. „რუსული არწივის კლანჭებიდან“ უკრაინის გამოგლეჯა დასავლეთისათვის უფრო ძნელად შესასრულებელი ამოცანა გამოდგა, ვიდრე 1980 წლის ანტისაბჭოთა მისია ავღანეთში. ატლანტიკის ორივე ნაპირზე ახლა ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე 1980-იანი წლებიდან. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ენერგეტიკაში - ამ სფეროში ევროპა 40%-ით რუსეთზეა დამოკიდებული და თუ ალტერნატივას ვერ იპოვის, ევროკავშირს წინ საგანგებო სიტუაციის შემოღება ელოდება.

 

და თუ მოვლენები ასე განვითარდება (და აშკარაა, რომ მართლაც ასეთი პირი უჩანს), ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობაში უკმაყოფილება გაიზრდება. ალბათ, ისე მოხდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის გაწყობა სულ უფრო ნაკლებად იქნება უკრაინის სასარგებლოდ - შესუსტდება კიევისადმი დახმარების გაწევის სურვილი, სხვადასხვა ხმამაღალი ლოზუნგების მიუხედავად. შეიძლება სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ ევროკავშირის მოსახლეობამ ამგვარი პროექტების საერთოდ შეწყვეტა მოითხოვოს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს უკრაინის ოთხივე მიმართულებით გაშვებას და პუტინის ნების აღსრულებას ნიშნავს.

 

რუსეთთან ბრძოლა ძველი ტაბუების დარღვევასთან მივყავართ: განმანათლებლობის ეპოქიდან დაწყებული ევროპა ამაყობდა იმით, რომ თავისუფლების, სამართლიანობის და სამართლებრივი სახელმწიფოს ბურჯად ითვლებოდა. და ამ დროს ყველას თვალწინ ხდება ე.წ. ოლიგარქების არაერთგზისი და საჯარო „განკულაკება“. კერძო საკუთრების ამგვარი ღია კონფისკაცია ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასა და პრინციპებს. ზოგიერთი შემთხვევა მართლაც უსამართლობის ფაქტია. განა ზუსტად ვინმემ იცის, თუ რას ნიშნავს ოლიგარქობა? და თუ ვინმეს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა ჰქონდა, განა ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად დამნაშავენი არიან? საინტერესოა, თუ ხედავდნენ, რომ „ოლიგარქები“ დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ იღებდნენ ზომებს ომამდე? ხომ არ მოხდება ისე, რომ ოლიგარქების დევნით დასავლეთი ძირს უთხრის, ნაღმს უდებს თავისსავე მაღალ პრინციპებს და ფასეულობებს?

 

სწორად გამიგეთ: რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ომი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. და მასში ის გამარჯვებს, რომელსაც, მორბენალის მსგავსად, დიდ დისტანციაზე სუნთქვის უნარი ექნება, დიდი დატვირთვის გაძლების უნართან ერთად.  ამის შანსი უკრაინაზე უფრო მეტად რუსეთს აქვს“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“