„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ (ავტორი - ამორი კუტანსე-პერვენკერი), რომელშიც განხილულია ორი ერთმანეთის მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობები, მათი აღჭურვილობა და მიზნები.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„მოსკოვში მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც „ახალი ერის“ მაუწყებელია პეკინ-მოსკოვის ურთიერთობებში, თუმცა სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. „ახალი ერა“ იწყება იმ დროს, როცა ჩინეთსა და რუსეთს შორის, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით, ბალანსი და წონასწორობა დარღვეულია, თანაც ჩინეთის სასარგებლოდ.

 

ისტორიულად კრემლი ჩინეთზე უფრო ძლიერი იყო - ყოველ შემთხვევაში, სამხედრო სფეროში მაინც, მაგრამ ბოლო წლებში პეკინმა, განავითარა რა კოლოსალური ფინანსების წყალობით თავისი თავდაცვითი მრეწველობა, სწრაფად დაეწია „მოწინავეს“ და, შეიძლება ითქვას, გაასწრო კიდეც. მარტის დასაწყისში ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტი 7,3%-ით ფართოვდება. „სამხედრო ასიგნებათა ზრდა განპირობებულია პეკინის პოლიტიკური ამბიციებით - ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია (APL - Armée populaire de libération - ფრანგული აბრევიატურით) ღრმა მოდერნიზაციის პროცესში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით მოწიფული ასაკისთვის არ მიუღწევია“, - ამბობს მარკ ჟიულენი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მეცნიერ-თანამშრომელი.

 

მართალია, რუსეთისა და ჩინეთის არმიების ერთობლივი მანევრების დროს რაიმე პოლიტიკური ინციდენტები არ ხდება, მაგრამ იგრძნობა, რომ პეკინის თავდაჯერებულობა სამხედრო სფეროში ისეთ დონეს აღწევს, რომ გარდაუვალად დაიწყება რუსული პარტნიორის დაჩრდილვა.

 

2016 წლიდან ჩინეთის არმიაში დიდი გრძელვადიანი რეფორმა დაიწყო, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: სამეთაურო შემადგენლობის შემცირებას და კომპარტიის პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებას, პარალელურად კი უამრავი ფული ხმარდება არმიის სამხედრო აღჭურვილობის გაუმჯობესებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. „უპირველესად ეს ეხება სამხედრო-საზღვაო ფლოტს და სამხედრო-საჰაერო ძალებს“, - აზუსტებს მარკ ჟულიენი „ლე ფიგაროსთან“ საუბრისას. ამას წინათ ადმირალმა პიერ ვანდემ, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ჩინეთის ფლოტი იმდენი ახალი გემით ივსება, რომელიც რაოდენობით საფრანგეთის მთლიან ფლოტს უდრის. მისი თქმით, „2030 წლისათვის, აშშ-სთან შედარებით, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთლიანი ტონაჟი 2,5-ჯერ მეტი იქნება“. გარდა ამისა, მოდერნიზება ჩინეთს საშუალებას მისცემს შეწყვიტოს სამხედრო პროდუქციის იმპორტი და თვითონ აწარმოოს, თავის ქარხნებში, ეროვნული იარაღი, თანამედროვე უახლეს  ჩინურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. 

 

ტრადიციული პარტნიორი სუსტდება? 

 

რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა, 1960-იან წლებში შეწყვეტილი, თანდათან აღდგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „მართალია, დიპლომატიური უთანხმოება არსებობდა, მაგრამ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა ძალიან ინტენსიური გახდა. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი ფართოდ სარგებლობდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საკუთარი თავდაცვის კომპლექსის ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს მარკ ჟულიენი, - მაგრამ მოსკოვში მალე შენიშნეს, რომ ჩინეთი „ეშმაკობდა“ - ყიდულობდა რუსულ ტექნიკას ვითომდა შესწავლის მიზნით, შემდეგ კი მას გარკვეულწილად აუმჯობესებდა. მაგალითად, ჩინური ავიაგამანადგურებელი J-11 ბევრად ჰგავს რუსულ „სუ-27“-ს. ამიტომ, გასაგები მიზეზების გამო, სამხედრო თანამშრომლობის ტემპი შენელდა.

 

რუსეთ-ჩინეთის არმიების „ცივი ომი“ 2014 წელს დასრულდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. „რუსეთს სანქციები გამოუცხადეს, ამიტომ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთისათვის იარაღის მიწოდების სფეროში მოთხოვნები შეარბილა. ასე, მაგალითად, პეკინმა უპრობლემოდ შეიძინა საზენიტო-რაკეტული კომპლექსი С-400. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვი პეკინს სამხედრო ტექნოლოგიებში თანდათან ჩამოუვარდება. „შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი, ოდესღაც „უფროსი პარტნიორი“, ახლა „უმცროსი პარტნიორის“ რანგში გადადის“, - ამბობს ლეო პერია-პენე, ფრანგი სამხედრო ექსპერტი უსაფრთხოების სფეროში.

 

ორიოდე წლის წინ ჩინეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული თავისი საბრძოლო თვითმფრინავებისათვის რეაქტიული ძრავების იმპორტის საკითხში, მაგრამ ახლა J-11 ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ტაივანზე შეჭრის შემთხვევაში „ჩაკეტილი საჰაერო ზონის“ უზრუნველყოფა ევალება, „სუფთა“ ჩინური წარმოების ძრავებით დაფრინავს. პეკინის მიერ სამხედრო-ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი ამბიციების მატებაზე ე.წ. „ჩინური ზღვების“ აკვატორიაში.

 

განსხვავება რუსულ და ჩინურ სამხედრო რეფორმებში

 

რა თქმა უნდა, რეალობა კრემლისათვის საკმაოდ სამწუხაროა: რუსეთის არმიამ, თავისი  61 მილიარდიანი ბიუჯეტით და 700 ათასიანი სამხედრო პერსონალითმ საეჭვოა, რომ კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის არმიას, რომელიც ორ მილიონ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, ბიუჯეტი კი 225 მილიარდი დოლარი აქვს. რუსეთის არმიისათვის, რომელშიც 2008 წლიდან რეფორმა განხორციელდა, პრიორიტეტული იყო მოდერნიზება და ახალი ტექნიკით აღჭურვა, განსაკუთრებით ეს შეეხო უკრაინის იმდროინდელ ტერიტორიაზე - ყირიმში განლაგებულ ბაზებს. ჩინეთმა კი მთლიანად განაახლა თავისი საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები, ტაივანის ირგვლივ შექმნილი კონფრონტაციის გათვალისწინებით. „რუსეთის არმიის რეფორმის გატარების დროს შეცდომები იქნა დაშვებული. ვერ აღმოიფხვრა სამხედრო მომზადების სისტემური განსხვავება სხვადასხვა ჯარის სახეობებში. დაბალ დონეზე დგას სამხედრო მოსამსახურეების სწავლება და წვრთნა“, - ამბობს ლეო პერია-პენე, - „ჩინეთის არმია კი ჰომოგენიზაციას (ერთგვაროვან მომზადებას) დიდ ყურადღებას უთმობს“.

 

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის არმია ამჟამად, 21-ე საუკუნეში, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, ჩინეთის არმია კი ძალას იკრებს, ვითარდება, ამცირებს პირად შემადგენლობას და მათ უახლესი „ინტელექტუალური“ სამხედრო ტექნიკით ანაცვლებს... თუმცა სრულყოფისათვის ჩინელ სამხედროებს სწავლა მაინც ჭირდებათ, რაშიც დახმარების გაწევა, გასაგები მიზეზების გამო, ამჟამად მხოლოდ რუსეთს შეუძლია. მაგალითად, ეს ეხება ჩინელი მეზღვაურების მომზადებას. მართალია, 2008 წელს ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მონაწილეობდა, მაგრამ ეს გამოცდილება ცოტაა ისეთ ძალასთან კონკურენციაში, როგორსაც აშშ-ის ფლოტი წარმოადგენს“, - ამბობს მარკ ჟულიენი.

 

„თანამედროვე სამხედრო ტექნიკის ეფექტურობა განისაზღვრება  მათი უნარითა და გამოცდილებით, რომლებიც მის გამოყენებას აპირებენ. გასაგებია, თუ როგორი გამოცდილება ექნებათ ჩინელ ჯარისკაცებს, რომლებსაც 1979 წლიდან, ვიეტნამთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, არავის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ“, - ხაზს უსვამს ლეო პერია-პენე. ამას ადასტურებენ ფრანგულ სამხედრო წრეებშიც: „ჩინელები ბევრ ფულს ხარჯავენ სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად, რომლის ეფექტურობა რეალურ სიტუაციაში დამტკიცებული არ არის. იმიტომ, რომ ჩინეთის არმიას ბრძოლის გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფაქტობრივად, ახალი იარაღი განკუთვნილია იმ ჯარისკაცებისათვის, რომლებსაც არ უომიათ და არ იციან, ნამდვილ ბრძოლაში მას როგორ გამოიყენებენ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტექნიკას ისეთი ეფექტი არ ჰქონდეს, როგორიც ჩაფიქრებული იყო“.

 

სხვათა შორის, რუსეთის არმიის მიერ უკრაინასთან ომში განცდილმა სირთულეებმა პეკინში ეჭვები გააჩინა: „ჩინელები, ისევე როგორც სხვა ექსპერტები, გაკვირვებულები დარჩნენ იმ სიძნელეებით, რომლებმაც თავი იჩინეს რუსეთის არმიაში. პეკინი ფიქრობს, თუ რამდენად წარმატებული იქნება ტაივანზე შეჭრა და მისი გაკონტროლება“, - ამბობს ლეო პერია=-პენე.

 

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომი ტაივანს მშვიდი ძილისა და ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ჩინეთის არმიის ძლიერება სრულყოფილებას არ მიაღწევს.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“