ზამთრის უკმაყოფილების მოლოდინში -"ევროპისათვის ყველაზე უარესი ენერგეტიკული კოშმარი რეალობა ხდება"

ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპისათვის ყველაზე უარესი ენერგეტიკული კოშმარი რეალობა ხდება: „ზამთრის უკმაყოფილების“ მოლოდინში“ (ავტორი - ქრისტინა ლუ).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

იმის გამო, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა ევროპისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი დარტყმას ნიშნავს, კონტინენტი ყოველნაირად ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემას, რომელსაც ექსპერტები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ენერგეტიკულ კრიზისად მიიჩნევენ და რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

 

რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპელ ლიდერებს მოსვენებას არ აძლევს ის არასასიამოვნო პერსპექტივა, რომ მათ აღარ ექნებათ რუსული გაზი, რომლითაც ისინი თავიანთი მოთხოვნების 40%-ს იკმაყოფილებდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რუსული გაზი ევროპისათვის უმთავრეს ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენს. ეს კოშმარი ახლა  მტკივნეული რეალობა ხდება - მოსკოვი იმის გამო, რომ ევროპა მხარს უჭერს უკრაინას, ჯავრს იყრის მასზე, მკვეთრად ამცირებს გაზის მიწოდებას და აიძულებს ევროპის ქვეყნებს საგანგებო ზომები მიიღონ. იმავდროულად, გაზის სარეზერვო მიმწოდებლებს, მაგალითად, ნორვეგიას და ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.

 

„ეს ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისია იმ კრიზისებიდან, რომელიც კი ევროპაში მომხდარა. ევროპელებს რეალურად ემუქრებათ გაზის დეფიციტი იმ დროს, როცა მათ გაზი ყველაზე მეტად სჭირდებათ, ანუ წლის ყველაზე ცივ პერიოდში - ზამთარში“, - ამბობს ალექს მანტონი, კონსალტინგური კომპანიის Rapidan Energy Group-ის ექსპერტი.

„ევროპული ფასები გაზზე პირდაპირ ცას სწვდება და ამერიკულს ათჯერ აღემატება, - აგრძელებს საუბარს ალექს მენტონი და აღნიშნავს, რომ ერთი ბარელი ბუნებრივი გზის ღირებულება უკვე 50 დოლარს აღემატება, - „ეს ძალზე მაღალ ფასს წარმოადგენს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ ჩანს“.

 

ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსებისა და ჩინოვნიკების აზრით, თუ რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-1“-ის „ათდღიან გეგმურ პროფილაქტიკურ რემონტს“ გააჭიანურებს და მას დროულად არ აამოქმედებს, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. საქმე იმაშია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ დღეისათვის ევროპისთვის გაზის მიმწოდებელ ძირითად მილსადენს წარმოადგენს („ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიამ უფრო ადრე თვითონ გააჩერა ევროკავშირის ზეწოლის გამო), შესაბამისად, მოსკოვს შეუძლია ევროპა დააშანტაჟოს იმით, რომ გაზსადენს ექსპლუატაციაში აღარ გაუშვებს და რუსულ გაზზე დამოკიდებულ ქვეყნებს ბუნებრივი საწვავის გარეშე დატოვებს. „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ამ დღეებში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა, - შეიძლება მოსკოვმა გაზი ისევ გამოუშვას - უფრო მეტი, ადრინდელთან შედარებით, მაგრამ შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს“.

 

ასეთი სიტუაცია პრობლემებს ქმნის მომავალი ზამთრის წინ, როცა ენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს, ხოლო ბინების გასათბობად გაზსაცავებში საკმარისი რაოდენობის გაზი უნდა იყოს მომარაგებული. ევროპის ქვეყნები გაზსაცავებს ჩვეულებრივ ზაფხულის თვეებში ავსებენ. ომის დროს, როცა საეჭვო ხდება ენერგოუსაფრთხოების დაცვა, ამგვარი „ენერგეტიკული ბალიშის“ (ანუ გაზსაცავის) არსებობა აუცილებელია.

 

ექსპერტები ევროპელ ლიდერებს აფრთხილებენ, რომ თუ რუსული გაზის მიწოდების შეფერხება გაჭიანურდება, ზამთარი ძალიან მძიმე გადასატანი იქნება. ალბათ, გაზის ხარჯვა ნორმირებული იქნება, დაიხურება საწარმოები, მოხდება ეკონომიკის ღრმა დეზორგანიზება. ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას კომუნალური მომსახურების ფასების ზრდაზე აფრთხილებდა, ახლა უფრო უარესი პერსპექტივის წინაშე დგას.

 

„ევროპაში შეიძლება „ზამთრის უკმაყოფილება“ მოხდეს, - ამბობს ჰელიმა კროფტი, კომპანია RBC Capital Markets-ის გენერალური დირექტორი, - წინ ენერგიის ნორმირება და საწარმოების დახურვა გველოდება“.

 

და მართლაც, უკმაყოფილება მწიფდება: ევროპაში გაფიცვების პირველმა ტალღამ გადაიარა - ოჯახები ვერ უმკლავდებიან გაძვირებული ცხოვრებით წარმოქმნილ სიძნელეებს და ინფლაციის ზეწოლას. ინფლაცია კი უშუალო ზეგავლენას ახდენს ენერგორესურსების ბაზარზეც. ნორვეგიაში, რომელიც მეორე ადგილს იკავებს ევროპის გაზით მომარაგების სფეროში, გასულ კვირას ნავთობ-გაზის დარგის მუშა-მოსამსახურეთა მასობრივი გაფიცვები გაიმართა: მიზეზი ინფლაციაა, მათ კომპანიების ხელმძღვანელები ხელფასების მომატების დაპირებაზე  აიძულეს.

 

„ევროპის ქვეყნებში ენერგორესურსების დეფიციტის გამო შეიძლება ძალიან-ძალიან ძლიერი კონფლიქტი და ურთიერთდაპირისპირება დაიწყოს“, - ამბობს ფრანს ტიმერმანსი, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მაგრამ კრიზისმა ყველაზე ძლიერად მაინც გერმანიას დაარტყა - ბერლინი იძულებული გახდა ეკონომიის ფართო გეგმა მიეღო: ცხელი წყლის ნორმირება, საცურაო აუზების დახურვა და ა.შ. მთავრობა ენერგეტიკული გიგანტებისათვის დახმარების ზომებსაც ახორციელებს, რომლებიც რუსული გაზის გათიშვის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

 

რასაკვირველია, კრიზისი მთელ ევროპაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. როგორც ევროპული ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი ოლღა ხაკოვა ამბობს, საფრანგეთმა ქვეყნის უდიდესი ენერგოკომპანია EDF-ის  ნაციონალიზება გადაწყვიტა, რომელიც კრიზისის გამო ზარალს განიცდის. „საკითხავი ისაა, თუ რა დახმარებას აღმოუჩენენ მთავრობები თავიანთ კომპანიებს და რამდენად საკმარისი იქნება ეს დახმარება“.

 

ენერგეტიკაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ კლიმატის ცვლილების საკითხში ევროპული ქვეყნების ვალდებულების რეალიზება გაართულა. ივნისის ბოლოს გერმანიამ, იტალიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ქვანახშირზე მომუშავე ძველი თბოელექტროსადგურების ექსპლუატაციას დაიწყებენ.

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროპას, რუსული გაზის მოხმარებას რომ „გადაეჩვიოს“, მძიმე დროის გადატანა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტი ცდილობს უარი თქვას მოსკოვურ გაზზე, ევროპა მაინც კრიზისის ხაფანგში დარჩება, სანამ თხევადი გაზის მიღების ინფრასტრუქტურასა და გაზის მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის. ამერიკული თხევადი გაზი, ტანკერებით მიწოდებული, ერთ-ერთ ვარიანტად რჩება, მაგრამ მას სპეციალური ტერმინალები ესაჭიროება, რაც არასაკმარისია. 

 

„ევროპისათვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესუსტება 3-5 წლის განმავლობაში მძიმე იქნება. გაზის ახალი პროექტების სწრაფი განხორციელება შეუძლებელია“, - ამბობს ჯეიმს ჰენდერსონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი.

 

ევროპელ ლიდერებს ენერგიის დამატებითი წყაროების ძიებაში, ზამთრის პერიოდში თბილი ამინდების იმედი აქვთ. „ყველაზე უარესი სცენარის დროს კი ადამიანები იძულებითი არჩევანის წინაშე დადგებიან - ან საჭმელი, ან გათბობა“, - ხაზს უსვამს ჰელიმა კროფტი.

 

წყარო

 





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“