"როგორ „კლავს“ პუტინი ბაიდენის პრეზიდენტობას“ - The Statesman

ინდოეთის ცნობილ და გავლენიან ინგლისურენოვან გაზეთ „სთეითმენში“ (The Statesman - გამოდის 1875 წლიდან) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ „კლავს“ პუტინი ბაიდენის პრეზიდენტობას“ (ავტორი - სუნილ შარანი), რომელშიც განხილულია და პროგნოზირებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სამომავლო პოლიტიკური ბედი, აშშ-ის საშინაო მდგომარეობისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორის გათვალისწინებით.

 

როგორც ცნობილია, ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, შეიძლება ითქვას, „პრო“-რუსულია - ნიუ-დელი მოსკოვის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს ამჟღავნებს და ეწინააღმდეგება დასავლეთის, მათ შორის აშშ-ის „ანტი“-რუსულ პოლიტიკას და გამოცხადებულ სანქციებს. ალბათ, ამ გარემოების გათვალისწინებით, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება ინდურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველისა და მრავალი წიგნის ავტორის სუნილ შარანის თვალსაზრისი.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაპოპულარულია ჯო ბაიდენი ინფლაციის გამო, დემოკრატები ვერანაირად ვერ მიიღებენ 60 ადგილს კონგრესში და ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას რესპუბლიკელების მიერ მოწყობილი ობსტრუქციისაგან.

 

უკრაინაში კონფლიქტის გამო დასავლეთი ვლადიმერ პუტინს კოლექტიურად „მიაწვა“ და მათ მოსკოვში რეჟიმის ცვლილებაც კი მოისურვეს, მაგრამ ამის ნაცვლად  დასავლეთმა პირიქით მიიღო: თანამდებობას გამოემშვიდობა ის პოლიტიკოსი, ვისაც რუსეთი ყველაზე მეტად სძულდა - ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი. აი, სადამდე მიიყვანა დასავლელები თავიანთმა ქედმაღლობამ.

 

უკრაინა დიდი ხანია ნატოს ეთამაშება და ამით რუსეთს აღიზიანებს. ბოლოსდაბოლოს, მოსკოვმა ვეღარ აიტანა და გადაწყვიტა სიტუაცია „ხელში აეყვანა“. 

 

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში ჯო ბაიდენი მოვიდა, ინფლაცია მის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო გლობალური ეკონომიკური ურთიერთობები დაარღვია - ავტოსაწვავის ფასი რეკორდულად გაიზარდა, რაც აშშ-ში, [სრული ავტომობილიზაციის ქვეყანაში], მოქალაქეებისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. მართალია, ჯო ბაიდენმა პანდემიაზე კონტროლი შეძლო (საყოველთაო ვაქცინაციის პირობებში), მაგრამ ინფლაციის დამორჩილება ვერ მოახერხა. არნახული ბიფლაცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისათვის გამანადგურებელ საფრთხეს წარმოადგენს - მისმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება კონგრესში (სენატში) მიმდინარე წლის ნოემბერში შუალედური არჩევნები წააგოს. ვლადიმერ პუტინმა დრო იხელთა და ნავთობ-გაზზე ფასების ზრდით, ჯო ბაიდენს დაარტყა, მან კი სანქციებით, თავის ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, რუს ლიდერზე შურისძიება გადაწყვიტა.

 

ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან ვლადიმერ პუტინის გასანადგურებლად. თანაც უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სახით მათ ყველაფერზე მზადმყოფი პარტნიორი იპოვეს, რომელსაც პუტინთან კომპრომისი არ სურს. კაცმა რომ თქვას, დათმობას არც თვითონ პუტინი არ ფიქრობს. კონფლიქტი თვეები გრძელდება, მისი ხანგრძლივობა უკვე ნახევარ წელს მიუახლოვდა და ისეთ ომად გადაიქცა, რომელიც მხარეებს გამოფიტვით ემუქრება.

 

ნატომ უკრაინა კბილებამდე შეაიარაღა, მაგრამ რუსეთი თავისას აგრძელებს. მოსკოვს ვერც უმკაცრესი სანქციები ვერ აჩერებს. რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ექსპორტიორია, მათ შორის ევროპაში. რუსული ენერგომატარებლების გარეშე დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა პარალიზებულია. 

 

წარმოიდგინეთ: გერმანია, რომელიც ევროპის ეკონომიკურ ცენტრს და მისი საყრდენს წარმოადგენს, თუ ის დაეცემა, მთელ ევროპას თან წაიყოლებს. საქმე ისე მიდიოდა, რომ გერმანია „მწვანე“ ენერგეტიკის „სიაში უნდა ჩაწერილიყო“, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ბერლინი იძულებული გახდა „ჭუჭყიან“ ქვანახშირს დაჰბრუნებოდა.

 

ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი დაიწყეს, რაც ვლადიმერ პუტინისათვის ეკონომიკური შუნტირების ტოლფასია. თავის დროზე დონალდ ტრამპმა ნება დართო ამერიკულ გაზ-და ნავთობკომპანიებს ფედერალური მნიშვნელობის მიწებზე (აშშ-ის ტერიტორიის მეოთხედზე) ნავთობი და გაზი ჰიდრორღვევის მეთოდით მოეპოვებინათ [რაც ადრე აკრძალული იყო]. ჯო ბაიდენმა კი თითქმის პირველი, რაც გააკეთა, აკრძალვა დააბრუნა. იგი თვლის, რომ გაზის ჰიდრორღვევით მოპოვება არაეკოლოგიურია და ატმოსფეროს აბინძურებს, საბოლოო ჯამში კი ხელს უწყობს კლიმატის დათბობას. მაგრამ მეცნიერთა აზრით, გაზი ორჯერ ნაკლებად აბინძურებს ჰაერს, ვიდრე ქვანახშირი, რომლის გამოყენებასაც გერმანია ისევ აპირებს.

 

რაც შეეხება აშშ-ში ენერგოშემცველების, უპირველესად კი ბენზინის გაძვირებას: ამერიკელების სამწუხაროდ, ერთი გალონი ბენზინის ფამა უკვე ექვს დოლარამდე აიწია და არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ ფასი დაიწევს და ნორმალური გახდება.

 

ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შორს არის დასრულებისაგან. და თუნდაც დასრულდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი რუსეთს სანქციებს მოუხსნის. სავარაუდოდ, ემბარგო გაგრძელდება მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია, მაგრამ ის კი ჯერ არსად წასვლას არ აპირებს - რუსებს თავიანთი პრეზიდენტი ძველებურად უყვართ და აფასებენ. რუსეთის ლიდერი ჩვენს პრემიერთან ნარენდრა მოდისთან მეგობრობს. ასევე ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან. უამრავი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე და მის წინააღმდეგ მოწყობილ თავდასხმებზე, მაგრამ ხმები ხმებად დარჩა. 

 

მეორე - ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის მოპოვებას ჰიდრორღვევის მეთოდით ნებას არასდიდებით აღარ დაუბრუნდება. იმიტომ, რომ მის მშობლიურ დემოკრატიულ პარტიაში უჩვეულოდ ძლიერი „მწვანე“ ლობი არსებობს, რომელიც თვლის, რომ ჰიდრორღვევის წესი ამერიკელებს დაღუპვას უმზადებს. რასაკვირველია, „მწვანეებს“ ჯო ბაიდენი „სიტყვას ვერ შეუბრუნებს“ - იმ შემთხვევაშიც კი, ამერიკელებმა ავტომოგზაურობა რომ შეწყვიტონ და გაყინული პიცის ჭამა რომ დაიწყონ. ამრიგად, არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ ჯო ბაიდენს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისე მაგრად „გალახავენ“, რომელიც არცერთ თანამედროვე პრეზიდენტს არ გამოუცდია. 

 

თუმცა ჯო ბაიდენს ერთი იმედი მაინც აქვს: აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ამას წინათ, ივნისში, გააუქმა თავისივე ისტორიული [1972 წლის ოქტომბრის]  გადაწყვეტილება „ჯეინ როუ ჰენრი უედის წინააღმდეგ“, რომელიც აბორტების ნებართვას ითვალისწინებდა ფედერალურ დონეზე, ანუ აბორტები კვლავ აიკრძალა. ამერიკელი ქალები აჯანყდნენ - ისინი აბორტის უფლებას პიროვნების თავისუფლებად თვლიან. აბორტების თემამ ამერიკა ფაქტობრივად ორად გაყო. ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ორსულობის შეწყვეტის წინააღმდეგია, განაცხადა, რომ უმაღლესი სასამართლოს სახელით უფალი ლაპარაკობსო (თავის დროზე სწორედ მან დანიშნა სასამართლოს ის წევრები, რომლებმაც ივნისში აბორტი აკრძალეს), მაგრამ კულისებში ბუზღუნებს - ამ გადაწყვეტილებით რესპუბლიკური პარტია დაზარალდება, რადგან მილიონობით ქალი მხარს დემოკრატებს დაუჭერენო. დღეს ამერიკელ დემოკრატებს - „ვირებს“ - სენატში 100-დან 50 ადგილი აქვთ.

 

რა თქმა უნდა, დემოკრატებს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ და მის გასაუქმებლად სენატში კიდევ ათი ადგილი სჭირდებათ. სენატის წევრთა ერთი მესამედის განახლება მხოლოდ ყოველ ორ წელიწადში ხდება - ეს ნიშნავს, რომ მათ დამატებით 33 ადგილი უნდა მოიპოვონ და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად პოპულარულია ჯო ბაიდენი, საეჭვოა, რომ „ვირებმა“ ამდენი ხმების მიღება შეძლონ. ჯო ბაიდენი უკვე „კოჭლ იხვად“ (ანუ პოსტიდან წამსვლელად) განიხილება - თვით დემოკრატები ამბობენ, რომ იგი ძალიან მოხუცია, სუსტია და მეორე ვადით პრეზიდენტობას ვეღარ შეძლებს, სათანადოდ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რესპუბლიკელთა კანდიდატს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

პირველი, რასაც ახალი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გააკეთებს არჩევნების შემდეგ, იქნება ის, რომ ფედერალურ მიწებზე გაზისა და ნავთობის მოპოვება ჰიდრორღვევით კვლავ აღდგება - ბენზინგასამართ სადგურებზე სიტუაცია გამოსწორდება. სხვათა შორის, ამერიკა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ნავთობის მოპოვებით სწორედ ამ მეთოდის წყალობით გავიდა. ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები და ვენესუელა ნავთობი ამოღების გაზრდას არ აპირებენ - ენერგომატარებლების დეფიციტით გამოწვეული გაძვირებით ისინი ფულს „ნიჩბით ხვეტავენ“ - რატომ უნდა გაუშვან ხელიდან მოგების მიღების შესაძლებლობა? თანაც ისინი თვლიან, რომ მათ არც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და არც დასავლეთის სანქციები არ ეხებათ.

 

დასავლეთში უპირველესად იგულისხმებიან თეთრი ანგლოსაქს-პროტესტანტები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) და თეთრი კათოლიკე-ლათინოსები (საფრანგეთი). თავის დროზე ქრისტიანული ეკლესია გაიყო კათოლიკურად, პროტესტანტულად და მართლმადიდებლურად (რომელსაც რუსეთი მიეკუთვნება). ქრისტიანობის ამ სამ შტოს შორის საკმაოდ ძლიერი  უთანხმოება არსებობს, თანაც რუსები სლავები არიან: ანგლოსაქსები და ლათინოსები სლავებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც თეთრკანიანები არიან, მაინც დაბალ რასად თვლიან. მათთვის ახლა ისეთი მომენტია, რომ სლავებს გაკვეთილი ჩაუტარონ და „ჭკუა ასწავლონ“. უკრაინელებიც სლავებს მიეკუთვნებიან და დასავლეთმა ჩათვალა, რომ სლავთაშორისო ხოცვა-ჟლეტა მშვენიერი შანსია მუხლებზე დააჩოქონ თავიანთი მტერი - რუსეთი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვინც კი ცდილობდა „მატუშკა“ რუსეთის დასჯას (ნაპოლეონი, ჰიტლერი და ა.შ.), თვითონვე მკაცრად დაისაჯნენ. როგორც ჩანს, ჯო ბაიდენსაც იგივე ბედი ელოდება.

 

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“