,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში, - ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული".
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე - საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.
როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი" (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.
ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.
ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.
და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).
მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" (ფს. 50, 10).
ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.
დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე", ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ" (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა" (მთ. 25, 34). ამინ",-აღნიშნა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
,,გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ''- მეუფე შიო
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
,,მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს''- ალიევი
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა